“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი ტონი სანაბრია, როგორც ჩანს, კატალონიურ კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს. ამის ვარაუდის საფუძველს 17 წლის პარაგვაელი თავდამსხმელის აგენტის განცხადება გვაძლევს.
ტონი სანაბრიას “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და როგორ ირკვევა, ის ხელშეკრულების განხაგრძლივებას არ აპირებს. გარდა ამისა, კონტრაქტის თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს.
“ამ ეტაპზე იკვეთება სიტუაცია, რომ ტონისა და “ბარსელონას” გზები იყოფა. თუ სიმართლეს ვიტყვით, მაშინ ასეა. თუმცა, ფეხბურთში დარწმუნებით არაფერზე საუბარი არ შეიძლება. ახალი კონტრაქტი ჯერჯერობით არ გაგვიფორმებია.
ტონიმ “ბარსელონას” მე-2 გუნდში თამაში ახლახანს დაიწყო, მაგრამ ეს ეტაპი დასასრულს უკვე უახლოვდება. მას სხვა დიდი კლუბების პირველ გუნდში თამაშის შესაძლებელობა აქვს.
გადაწყვეტილების მიღების დრო მოვიდა. ფინანსური საკითხების გარდა, განსხვავება ისიცაა, რომ სხვა კლუბები ჩემს კლიენტს ძირითად შემადგენლობაში ადგილს ჰპირდებიან.
თუ კლუბი გამოსასყიდი თანხის გადახდაზე თანახმაა, ესეიგი მას ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობისთვის უნდა.” – აცხადებს სანაბრიას აგენტი რაულ ვერდუ.
ტონი სანაბრია “ბარსელონაში” 2009 წლიდან ირიცხება. “ბარსა ბ”-ში ის მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზდა ფეხბურთელის შეძენით ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე 6 გუნდია დაინტერესებული, მათ შორის “არსენალი” და “მილანი”. ცოტა ხნის წინათ, “ბარსას” მთავარი მწვრთნელი ტატა მარტინო სანაბრიას ოჯახს შეხვდა და ფეხბურთელის კლუბში დარჩენის აუცილებლობაში დარწმუნებას შეეცადა, მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგოდ.