ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის ”არსენალის” ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული ტონი ადამსი (რომელიც ამჟამად სამწვრთნელო მოღვაწეობით არის დაკავებული) ერთ-ერთ ინგლისურ გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ ინგლისელ ფეხბურთელებს მთელს ევროპაში ლოთების სახელი სრულიად უსამართლოდ აქვთ გავარდნილი, რადგან ალკოჰოლი ”პირს უკან” არც სხვებს მიაქვთ და ინგლისელების ამ კუთხით გამორჩევა არასწორი და ულოგიკოა.
თავად ტონი ადამსი, როდესაც მწვანე მინდორზე ირჯებოდა, ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე ”მსმელ და მომლხენ” ფეხბურთელად მიიჩნეოდა. ლუდისა და ვისკის სიყვარულის გამო, იგი არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც ლონდონელი ფეხბურთელი ფოტოგრაფებმა გალეშილ მდგომარეობაში დააფიქსირეს, რაც შემდეგ ძალიან ცუდად აისახა ტონი ადამსის საფეხბურთო კარიერაზე.
”არსენალის” ყოფილი კაპიტანი არ უარყოფს იმას, რომ მას და მის ფეხბურთელ მეგობრებს ძალიანაც უყვარდათ ალკოჰოლთან ”ჩახუტება”, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ დალევას არც იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში და სხვა საფეხბურთო ქვეყნებში იკლებენ. ადამსმა გაიხსენა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მას საკუთარი თვალით უნახავს გამობრუჟული იტალიელი და შვედი ფეხბურთელები. მაგრამ, რატომღაც ამ კუთხით აქცენტი სულ ინგლისელებზეა გადატანილი, რაც ტონის ძალიან არ მოსწონს.