კალათბურთი

1:17 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტომაშ სატორანსკი: ”ყველაზე მძიმე საქართველოში თამაში იქნება”

ფიბა-ევროპას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩეხეთის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის და ესპანურ “კახასოლში” ქართველი ბექა ბურჯანაძის თანაგუნდელის ტომაშ სატორანსკის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ცხადია, ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ინტერვიუს ის ნაწილი უნდა იყოს, სადაც სატორანსკიმ სანაკრებო ბატალიებზე ისაუბრა – ჩეხეთი ხომ ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა.

თავდაპირველად, ტომაშმა 2013 წლის ფინალურ ეტაპზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი და საქართველო სლოვენიაში გამართულ ტურნირზეც ერთ ჯგუფში იყვნენ.

“თუკი შედეგებს თვალს გადაავლებთ, ალბათ, იმ დასკვნას გამოიტანთ, რომ წარუმატებელი ევრობასკეტი გვქონდა – ჩვენ ხომ მე-2 ეტაპზე ვერ გავედით. თუმცა, მოდით უფრო ჩავუღრმავდეთ – მოგებული თამაშების გარდა, მასპინძელ სლოვენიას დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, ესპანეთთან კი შანსი არ გვქონია, მაგრამ პირადად მე და მთელმა გუნდმაც დიდი გამოცდილება მივიღეთ”.

რაც შეეხება 2015 წლის ევროპირველობის შესარჩევ ციკლს: “ვფიქრობ, ცუდი ჯგუფი არაა. შეიძლებოდა, უფრო ძლიერი გუნდებიც შეგვხვედროდა. ისეთი მოწინააღმდეგეები გვყავს, რომელთაც კარგად ვიცნობთ, მაგალითად, საქართველოს და პორტუგალიას. უნგრეთთანაც გვითამაშია, მგონი, სამიოდ წლის უკან.

იოლი მეტოქე არცერთია. პრობლემების შექმნა თითოეულ მათგანს შეუძლია. საკვანძო ჩვენი საშინაო მატჩები იქნება. ჩეხეთში სამივე შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ და იქნებ, სტუმრადაც კარგ შედეგებს გამოვრჩეთ. ყველაზე მძიმე საქართველოში თამაში იქნება. იქ ძალიან გაგვიჭირდება”.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიურ ცელიეში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 79:95 დამარცხდა და ევრობასკეტის მე-2 ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი სწორედ მაშინ დაკარგა.

აღნიშნულ შეხვედრაში სატორანსკიმ ჩეხების მხრიდან მოედანზე ყველაზე მეტი დრო – 28 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო: 20 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.

2015 წლის ევროპირველობის შესარჩევ ციკლში E ჯგუფის მატჩები 10 აგვისტოს სწორედ საქართველოს და ჩეხეთის თბილისური დაპირისპირებით გაიხსნება, საპასუხო შეხვედრა კი 20 აგვისტოს შედგება.

0.116877