გერმანული ბუნდესლიგის გასულ, ბოლოსწინა ტურში გელზენკირხენის “შალკეს” საკუთარ მინდორზე წაფორხილებამ და თომას მიულერის ჰეთ-თრიკის წყალობით მიუნხენის “ბაიერნის” მიერ “ბოხუმის” ძლევამ, ბავარიელებს პრაქტიკულად გაუნაღდა ჩემპიონობა. ლევან კობიაშვილის ყოფილი გუნდი ხომ, ლუის ვან გაალის კრებულს 3 ქულით ჩამორჩება და გელზენკირხენელებმა ეს დეფიციტი რომც აღმოფხვრან, მიუნხენელებზე უარესი გატანილ-მიღებული ბურთების სხვაობა ექნებათ – მართლაც წარმოუდგენელია, დასკვნით ტურში “ბაიერნმა” 8-9 ბურთის სხვაობით წააგოს და შალკელებმა ასეთივე უპირატესობით იმარჯვონ. “ბოხუმთან” შეხვედრის გმირი კი ის მიულერი გახდა, რომელიც ახალი წლიდან მოყოლებული, ძალიან კარგად ათამაშდა. ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა, “ბაიერნის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილს ინტერვიუ ჩამოართვა და თომასმაც საკუთარ პროგრესზე, ნაკრებში მოხვედრის პერსპექტივასა და “ბაიერნის” მიერ “ტრიპლეტის” გახერხების შანსზე ისაუბრა.
- უკვე შეგვიძლია ბუნდესლიგის ჩემპიონობა მოგილოცოთ, თუ მაინც ბოლო ტურს დაველოდოთ?
- “ბაიერნი” გერმანიის ჩემპიონია. გერმანიის პირველობისთვის განკუთვნილი “ვერცხლის სინი” ხელიდან რომ გავუშვათ, ისტორიის წიგნებში ყველაზე დიდ სენსაციებთან ერთად ვიქნებით შესატანნი. არა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკვე მოვიგეთ.
- თქვენმა სამმა გოლმა, გუნდს ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. გულშემატკივ¬რებს ის ფაქტიც ახარებთ განსაკუთრებით, “ბაიერნის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილი რომ ხართ. მატჩის წინ თუ წარმოიდგენდით, 3 გოლის ავტორი რომ გახდებოდით?
- შეხვედრის დაწყებამდე არა, მსაჯის საფინალო ნიშნის შემდეგ კი, ეჭვი არ მეპარებოდა (იცინის). ბიჭები ძალიან გახარებულები ვართ, ჩემი გრძნობის სიტყვებით გადმოცემა კი მართლაც ძნელია. ბედნიერებისგან, მეცხრე ცაზე ვარ.
- შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტადიონის დამცავ ღობესთან გიხმეს, სადაც ჰანს იორგ ბუტი იყო. რა მოხდა?
- ბუტი გულშემატკივრებმა “გამოიჭირეს” და ამღერებდნენ, მას კი იოტისოდენა მუსიკალური სმენაც კი არ აქვს, ამიტომაც, მშველელად მე მიხმო. ჩემი სიმღერა მას მოეწონა და იმდენად “გათავხედდა”, რომ დუეტის შესრულება გადაწყვიტა. ძალიან ვიმხიარულეთ.
- როდის იზეიმებს “ბაიერნი” ოფიციალურად ჩემპიონობას?
- ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ეს ჩვენი, ფეხბურთელების გადასაწყვეტი არაა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენი და გულშემატკივრების ერთობლივი ზეიმი მომდევნო კვირაში იქნება.
- ბუნდესლიგური ტრიუმფი, სეზონის დარჩენილი ნაწილის ამაღლებულ ნოტზე დასასრულებლად დაგეხმარებათ? “ბაიერნს” მთლიანობაში, ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია...
- წარმოუდგენლად რთულია, გულშემატკივრებს წინასწარ რაიმეს დავპირდეთ. ეს, ჩვენი მხრიდან, არასერიოზული იქნებოდა. ბიჭები ძალასა და ენერგიას არ დავზოგავთ, ოსტატობის ბოლომდე გამოვლენას შევეცდებით, მაისის მიწურულს კი, ვნახავთ, რამდენ ტიტულს მოიხვეჭს “ბაიერნი” 2009-10 წლების სეზონში.
- გააზრებული თუ გაქვთ, მიმდინარე სეზონში თქვენმა თამაშმა რამდენით “წაიწია წინ”. რის ხარჯზე მოახერხეთ დაწინაურება?
- ჩემს დაწინაურებაზე, მოდით, 2-3 წლის შემდეგ ვისაუბროთ. მთელი წლევანდელი სეზონის განმავლობაში ძალიან დაძაბული ვიყავი, ვერ შევაფასებ საკუთარ თამაშს, მხოლოდ ერთს მოგახსენებთ – ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, დაძაბულობა ოდნავ მომეხსნა.
- აქედან გამომდინარე, გერმანიის თასის ფინალშიც თქვენგან კარგსა და შედეგიან გამოსვლას უნდა ველოდეთ.
- კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ გულშემატკივარს დაპირებას ვერ მივცემთ, მაგრამ თავს არ დავზოგავთ.
- “ბოხუმთან” შესრულებული ჰეთ-თრიკი, ბუნდესნაკრებში მოხვედრის შანსს არ გიზრდით? ფიქრობთ, სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე გამოსვლას?
- გერმანიის ნაკრებში მოხვედრა ჩემზე კი არა, მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, იოაჰიმ ლიოვი ჩემს თამაშს აკვირდება და საბოლოო სიტყვა მასზეა. იმედი მაქვს, იგი არჩევანს ჩემზე შეაჩერებს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ