თომას ჰელმერი 13 წლის განმავლობაში იცავდა დორტმუნდის “ბორუსიას” და მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას. ამპლუით მცველი ჯერ 6 სეზონი თამაშობდა დორტმნუნდში, შემდეგ კი 7 წელი ბავარიის დედაქალაქში გამოდიოდა და ტიტულებიც “ბაიერნთან” ერთად გამოსვლისას მოიხვეჭა. გარდა ბუნდესლიგის პირველობის, გერმანიის და უეფას თასებისა, 1996 წელს ჰელმერმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. ამჟამად 47 წლის ექსუკანახაზელი კარგად იცნობს ორივე კლუბს, ამიტომაც გერმანიის თასის დღევანდელი მეოთხედფინალის წინ ბუნდესლიგა.დე სწორედ თომას ჰელმერს დაუკავშირდა და “ბაიერნისა” და “ბორუსიას” დღევანდელ დაპირისპირებაზე თავისი თვალსაზრისის გამოთქმა სთხოვა.
- ჰერ ჰელმერ, ოთხშაბათს გერმანელ გულშემატკივართა ყურადღება ქვეყნის ტოპკლუბების მიუნხენის “ბაიერნისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” სათასო დაპირისპირებისკენ იქნება მიპყრობილი. თქვენი აზრით, რომელი გრანდია ფავორიტი?
- ერთი შეხედვით, ჩანს რომ მიუნხენელებს უპირატესობა აქვთ, რადგა ბოლო პერიოდში ფანტასტიკურად გამოდიან, მაგრამ, მერწმუნეთ, ასეთო დონის დაპირისპირებებში გამოკვეთილი ფავორიტი არასდროსაა.
- წინა 2 სეზონის მსვლელობისას დორტმუნდელებმა მიუნხენშიც იმარჯვეს და საკუთარ მინდორზეც. ვერც წლეულს მოუგო “ბაიერნმა” პრინციპულ მეტოქეს. ეს ფაქტი იუპ ჰაინკესის შეგირდებს მეტი მოტივაციისკენ უბიძგებს?
- მიუნხენელებს მოტივაცია თქვენ მიერ ნახსენები ფაქტების გარეშეც არ დააკლდებათ. დორტმუნდელები ხომ ბუნდესლიგის წინა 2 გათამაშების ჩემპიონია და ამ მხრივ იურგენ კლოპის გუნდი “ბაიერნისთვის” მშვენიერი გამაღიზიანებელი ფაქტორია.
- დავუშვათ და “ბაიერნი” გერმანიის თასის მეოთხედფინალში დამარცხდა. ეს მომენტი უარყოფითად აისახება გუნდის გამოსვლაზე ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში?
- არა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მორიგი საჩემპიონო ტიტული “ბაიერნს” უკვე ჯიბეში უდევს. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ის შეჯიბრებაა, რომლის მონაწილეებს დამატებითი მოტივაცია არ ესაჭიროებათ.
- “ბაიერნისა” და “ბორუსიას” საფეხბურთო ფილოსოფია ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება?
- სადღეისოდ სხვაობა დიდი ნამდვილად არაა. გასულ სეზონში “ბაიერნი” უფრო გაშლილად უტევდა მოწინააღმდეგის კარს, მიმდინარე სეზონში კი აქცენტი მეტოქის დაცვის სიღრმეში განხორციელებულ სწრაფ იერიშებზე აკეთებს. დორტმუნდელები ამგვარი მანერით უკვე კარგა ხანია ასპარეზობენ.
- “ბორუსია” ბოლო 2 ბუნდესლიგის ჩემპიონია, წლეულს კი წარმატებით გამოდის ჩემპიონთა ლიგაშიც. ფავორიტის სტატუსს დორტმუნდელები “ბაიერნის” პირისპირ დადგომის დროსაც დაადასტურებენ?
- ცხადია, ბევრი რამ ამ 2 გრანდის ურთიერთპაექრობისას გაირკვევა, მაგრამ არაა გამორიცხული, მათ დავაში მესამე გუნდიც ჩაერიოს. ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, ლევერკუზენის “ბაიერი” დორტმუნდელებს ერთადერთი ქულით ჩამორჩება. ჩემი აზრით, გერმანიაში ის სურათი რაც ესპანეთშია, არ იქნება. პირენელთა პრიმერა დივიზიონში უძლიერესის ტიტულს “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” ეცილებიან, ჩვენი ეროვნული პირველობა კი 2 გრანდის საჩემპიონო პაექრობით სამომავლოდ არ შემოიფარგლება. ჩემი აზრით, მომავალ გათამაშებებში გერმანიის პირველობისთვის ბრძოლაში 3 და შესაძლოა მეტი კლუბიც ჩაებას.
- საუბრის ბოლოს, უფრო კონკრეტულად გვიპასუხეთ, რომელი გუნდის გავა გერმანიის თასის ნახევარფინალში?
- მთავარი ისაა, რომ გულშემატკივარი მეტად საინტერესო შეხვედრას იხილავს. ასეთი გუნდების დაპირისპირებისას გადამწყვეტი შესაძლოა ერთი უმნიშვნელო დეტალიც კი გამოდგეს. ნუ გამორიცხავთ მოულოდნელობის ეფექტსაც. მაგალითად, ხომ შესაძლებელია, არბიტრმა რომელიმე გუნდის ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენოს. არ გამოვრიცხავ, გამარჯვებულის გამოვლენას ოვერტაიმი დასჭირდეს.
გოჩა კაჭარავა