დეკემბერში ინგლისური პრემიერლიგა ტრადიციულად გადამწყვეტ ფაზაში შედის. ინგლისის მოქმედი ჩემპიონის “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ტომ კლევერლი კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში სეზონის პირველ ნახევარში საკუთარ გამოსვლას უკეთებს ანალიზს და მეორე ნაწილის პერსპექტივაზეც საუბრობს.
- ზაფხულში დაწყებული სეზონიდან ბევრი მატჩი ჩაატარეთ “მანჩესტერ იუნაიტედში”, იასპარეზეთ ინგლისის ნაკრებსი შემადგენლობაში. როგორ შეაფასებდით მიმდინარე სეზონს?
- ძალიან მომწონს და მიყვარს თქვენ მიერ ნახსენები ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაში. ორივე ხომ მეტად ძლიერი საფეხბურთო კოლექტივია და ყოველთვის მაღალი მიზნების გადასაჭრელად იბრძვის. თანაც, ვგრძნობ, რომ ორივე გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია. საკუთარი გამოსვლით კი დიდად კმაყოფილი არ ვარ. რამდენიმე მატჩი საშუალო დონეზე ჩავატარე, რამაც გული დამწყვიტა. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ თანდათან ოპტიმალურ სპორტულ ფორმას ვუახლოვდები. ახლა პრემიერლიგაში ზედიზედ მოგვიწევს ასპარეზობა. შარშან სწორედ ამ დროს ავკრიბე სასურველი კონდიციები და იმედია, ამჯერადაც ასე იქნება. იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც სათამაშო რიტმში დაძაბული საასპარეზო გრაფიკის დროს შედიან. სეზონის დარჩენილ ნაწილში კიდევ უფრო კარგ გამოსვლას ვგეგმავ.
- მაიკლ ქერიქის ტრავმამ რამდენად დააზარალა “იუნაიტედის” თამაში და მეორეს მხრივ, მისმა არყოფნამ გუნდის სხვა ნახევარმცველებს თავის გამოჩენის შანსი გაუზარდა?
- ისეთი დონის ფეხბურთელის არყოფნა, როგორიც მაიკლია, ნებისმიერი გუნდის გამოსვლაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ამაზე საუბარიც კი უადგილოა. სამაგიეროდ დანარჩენ შუახაზელებს მინდორზე გასვლის და პასუხისმგებლობის საკუთარ მხრებზე ატვირთვის შესაძლებლობა უფრო მეტად მოგვეცა. რამდენიმე მატჩში ქერიქი ფილ ჯონსმა შეცვალა და მშვენივრადაც გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ჯონსი, მარუან ფელაინი, რაიან გიგზი, ანდერსონი და მე კარგად ვასრულებთ საკუთარ ფუნქციებს, სათანადოდ შეთამაშებულებიც ვართ და ვფიქრობ, მაიკლის არყოფნას “იუნაიტედს” არ ვაგრძნობინებთ. შევეცდებით, ქერიქის არყოფნა გუნდს არ დაეტყოს.
- ნახევარდაცვაში პარტნიორისგან გამომდინარე სათამაშო სტილის შეცვლაზე ზრუნვა ხომ არ გიწევთ?
- დიახ, ასეც გახლავთ. როდესაც ჯონსისა და ქერიქის მხარდამხარ მიწევს გამოსვლა, ისინი უფრო მინდვრის სიღრმისკენ, ჩვენი კარის სიახლოვეს იწევენ. თუკი ფელაინისა და გიგზის პარტნიორობა მიწევს, უკან დახეული უკვე მე ვთამაშობ. ცხადია, ჩემი თამაში დიდწილადაა დამოკიდებული კონკრეტული შეხვედრის შემადგენლობაზე. ამასთან, ჩემ მიერ ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან კარგად ვარ შეთამაშებული და მინდორზე თანაგუნდელებთან საერთო ენის გამონახვა არ მიჭირს.
- კვლავინდებურად განაგრძობთ ნახევარმცველის ამპლუისთვის განკუთვნილი სათამაშო ნიუანსების დახვეწას?
- რასაკვირველია. ფეხბურთელი კარიერის უკანასკნელ მატჩამდე სრულყოფისა და ზრდისკენ უნდა მიისწრაფოდეს. დაცვაში თამაშს ვხვეწ და ამაში ამჟამინდელი დამრიგებელი დევიდ მოიესი დიდ დახმარებას მიწევს. მწვრთნელთან ერთად სხვადასხვა ტაქტიკურ ელემენტს ვამუშავებ და ეს ყოველდღიური პროცესია. შესაძლოა, ჩემ გამოსვლას მეტი შემოქმედებითი ასპექტი სჭირდება, მაგრამ ყოველთვის გუნდის ინტერესების სამსახურში ვარ და კოლექტივისთვის მოსატანი სარგებლობის სანაცვლოდ გულშემატკივრისთვის საკუთარი თავის უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩენა შედარებით ფერხდება.
- მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მატჩებში საკუთარი თავის კმაყოფილი ყველაზე მეტად რომელ ასპარეზობებში დარჩით?
- ლონდონის “ჩელსისთან” საშინაო მატჩში როგორც ტაქტიკურად ასევე ინდივიდუალურად საკმაოდ მაღალი კლასის თამაში ვაჩვენე. იმ შეხვედრაში განსაკუთრებით ეფექტურად დაცვაში ვიასპარეზე. გამოვყოფდი “ფულჰემთან” საგარეო დაპირისპირებასაც. სამწუხარო კი ის იყო, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში მძლავრად დარტყმული ბურთი თავში მომხვდა, ტვინის შერყევის ნიშნები მქონდა და შესაცვლელი გავხდი. კარგად ვითამაშე პრემიერლიგის სასტარტო პაექრობაში უელსის “სუონსის” წინააღმდეგაც. და ბოლოს “ასტონ ვილა”. ბირმინგემის “ვილა პარკზე”, საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” მიჯრით განცდილი 2 მარცხის შემდეგ, 3:0 მოვიგეთ და ერთ-ერთი გოლი ჩემ ანგარიშზეა.