ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში ლიდერობას განაგრძობს. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ, ტოჩონიშინმა ჰარუ ბაშოზე მიჯრით მე-6 მოგება მიითვალა და მუსაშიუმისთან ერთად ტურნირს სათავეში ჩაუდგა.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის სუპერტურნირზე მაკუშიტას 55-ე ნომრით მოასპარეზე ტოჩინოშინმა 46-ე რეიტინგის მქონე კავანარის შიტატენაგეთი აჯობა და შეჯიბრის მოგების კარგი შანსი აქვს. ქართველ სუმოისტს ერთადერთი ბრძოლა დარჩა ჩასატარებელი.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დადებითი ბალანსისთვის (კაჩი-კოში) ბრძოლას განაგრძობს გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა კაგამიოს ოშიდაშით სძლია და 6 მარცხის წილ მე-5 გამარჯვება იზეიმა.
ჰარუ ბაშოს დასრულებამდე 4 დღე რჩება, გაგამარუს კი მიზნის მისაღწევად მინიმუმ სამი შერკინების მოგება ესაჭიროება. ჯუღელის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელთანაც ქართველს გასული სამივე შერკინება წაგებული აქვს.
მარტის სუპერტურნირის უმთავრეს ფავორიტებად კვლავაც მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი რჩებიან, რომელთაც 11-11 ბრძოლა აქვთ მოგებული. 10 გამარჯვება მოუგროვდა აქტივში კიდევ ერთ მონღოლს, ოძეკი კაკურიუს.
მარტის ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=kkQxwfHZpTI