სხვა

14:38 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ათამდე გაგამარუსთან დაამრგვალა

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე აკი ბაშოზე გამართულ ქართულ დერბიში ტოჩინოშინმა გაგამარუს იორიკირით აჯობა და რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

ლევან გორგაძეს, რომელიც ძურიოში დასავლეთის მე-5 ნომრის წოდებით ირჯება, 10 გამარჯვება მოუგროვა და ცხადია, კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) განაღდებული აქვს. ამასთან, დიდი შანსია, ქართველმა გოლიათმა ზედიზედ მე-4 ბაშოს მოგებაც მოახერხოს.

ტოჩინოშინის უმთავრესი კონკურენტები აღმოსავლეთის 1-ლი ნომერი ტოკუშორიუ და დასავლეთის მე-9 ნომერი სატოიამა არიან, რომლებიც ლიდერს თითო მოგებით ჩამორჩებიან. სექტემბრის სუპერტურნირის მე-11 დღეს ცენტრალური ტოჩინოშინის და ტოკუშორიუს დაპირისპირება იქნება, სატოიამა კი რუს ამურუს გაეჯიბრება, რომელსაც დასავლეთის 1-ლი განთესვა გააჩნია.

სამწუხაროდ, მაკე-კოშისკენ (უარყოფითი ბალანსი) მიექანება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელსაც დასავლეთის მე-3 ნომერი გააჩნია. თანამემამულესთან მარცხის კვალად, გაგამარუს 6 წაგება მოუგროვდა და თუკი დარჩენილი 5 ბრძოლიდან 4-ში არ იმარჯვებს, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

ჯუღელის მომდევნო მოწინააღმდეგე მისდარი ბალანსის მქონე შოტენრო იქნება, რომელსაც აღმოსავლეთის მე-3 განთესვა აქვს.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დამაჯერებლად მიიწევს მორიგი “იმპერატორის თასისკენ” მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო. “თეთრმა ფენიქსმა” დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ოსუნაარაშის ცუკიოტოშით სძლია და თავი 10 მოგებას მოუყარა.

მას თითო გამარჯვებით მონღოლივე იოკოძუნა კაკურიუ და აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა იჩინოჯო ჩამორჩებიან. უჩვეულოდ სუსტად გამოდიან ოძეკები: კისენოსატოს უკვე 3 წაგება აქვს, კოტოშოგიკუს და გოეიდოს კი – 4-4.

ხვალ ტოკიოს დოჰიოზე დიდი ამბებია მოსალოდნელი: ჰაკუჰო სეკივაკე ტაკეკაძეს გაეჯიბრება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 18:1-ს (!) უგებს, კაკურიუ – გოეიდოს, კისენოსატო – იჩინოჯოს, ხოლო კოტოშოგიკუ – ოსუნაარაშის.

სექტემბრის ბაშოს მე-10 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=Y_D1GKex-yU

0.137241