ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც დოჰიოს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, მარტის სუპერტურნირზე დაუმარცხებელ ასპარეზობას განაგრძობს.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინი რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში ირჯება და აქტივში უკვე 5 მოგება აქვს. დივიზიონის 55-ე განთესვის მქონე ქართველი მე-4 დივიზიონის (სანდანმე) მე-2 ნომერ შიბაჰარას გაეჯიბრა და იორიკირით იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ მაკუუჩი და ძურიო დივიზონებისგან განსხვავებით, ქვედა ლიგებში სუმოისტებს 7-7 ბრძოლის გამართვა უწევთ, ამდენად, ტოჩინოშინის დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) გარანტირებული აქვს. სხვა საქმეა, რომ მაქსიმალური შედეგის შემთხვევაში, გორგაძე წოდებაში უფრო მეტად დაწინაურდება.
ტოჩინოშინისგან განსხვავებით, მძიმე მდგომარეობაშია მაკუუჩიში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც ოსაკაში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას ტიტულით ირჯება.
გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა დასავლეთის მე-5 მაეგაშირა, ბულგარელ აოიამასთან იორიკირით წააგო და 3 გამარჯვების წილ მე-6 მარცხი შეემთხვა. იოლი გამოსათვლელია, რომ თეიმურაზს დარჩენილი 6 შერკინებიდან მინიმუმ ხუთის მოგება სჭირდება, რათა უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) გადაურჩეს.
გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოფუჯი იქნება, რომელიც ჰარუ ბაშოს ცუდ ფორმაში შეხვდა და 9-დან ერთადერთი ბრძოლა აქვს მოგებული. სხვა საქმეა, რომ ქართველ გოლიათს იაპონელთან გასული სამივე შერკინება წაგებული აქვს.
ოსაკას სუპერტურნირის უმთავრეს ფავორიტებად მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი რჩებიან, რომელთაც 9-9 გამარჯვება აქვთ. კიდევ ერთი მონღოლი – ოძეკი კაკურიუ მათ 1 მოგებით ჩამორჩება.