იაპონიის სუმოს ასოციაციამ დამდეგი ბაშის საწყისი დღეების განრიგი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ შემოდგომის სუპერტურინი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” 14 სექტემბერს დაიწყება და 28-მდე გასტანს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, მომავალ ბატალიებს ორივე ქართველი სეკიტორი რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ხვდება. დასავლეთში მე-3 განთესვის მქონე გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) აღმოსავლეთის მე-4 ნომერ ტოსაიუტაკას გაეჯიბრება, ხოლო ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე, დასავლეთის მე-5) მეტოქე ტამაასუკა (აღმოსავლეთის მე-6) იქნება.
საინტერესოა, რომ ტოკიოს ბაშოსთვის მზადების ციკლში ტოჩინოშინი ოძეკი კისენოსატოს, შესვენების გარეშე, 23-ჯერ შეერკინა და ჩინებული შედეგიც აჩვენა – რანგით გაცილებით დაბლა მდგარმა ქართველმა 9 გამარჯვება იზეიმა, იაპონელმა კი – 14.
ცნობისთვის, კისენოსატო უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში სასტარტო დღეს (შიო-ნიტი) დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოიონოშიმას დაუპირისპირდება, იოკოძუნებს კი ასეთი განრიგი აქვთ: ჰაკუჰო კომუსუბი ჩიიოტაირიუს შეერკინება, კაკურიუ – კომუსუბი ჯოკორიუს, ხოლო ჰარუმაფუჯი – დასავლეთის პირველ მაეგაშირა ენდოს.