სხვა

12:50 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ძურიოს სათავეშია

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე სექტემბრის ბაშოზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ქართველმა გოლიათმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე შემოდგომის სუპერტურნირზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა და რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონს სათავეში იაპონელ სატოიამასთან ერთად ჩაუდგა.

ტოჩინოშინმა მორიგ გამარჯვებას დასავლეთის მე-6 ნომერ ფუჯიაძუმასთან მიაღწია. გორგაძემ, რომელიც აკი ბაშოს ძურიოს დასავლეთის მე-5 ნომრის სტატუსით შეხვდა, მეტოქეს იორიკირით სძლია. ლევანის შემდეგი მოწინააღმდეგე ძურიოს დასავლეთის პირველი ნომერი ამურუ იქნება. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი რუსი ნიკოლაი ივანოვი გახლავთ და უკვე 2 მარცხი აქვს, რომელთაგან ერთი გაგამარუსთან განიცადა.

თავის მხრივ, თეიმურაზ ჯუღელმა მორიგი ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-5 ნომერ ვაკანოსატოსთან ჩაატარა და ჰატაკიკომით წააგო. შეგახსენებთ, რომ ქართველ გოლიათს დასავლეთის მე-3 ნომრის წოდება გააჩნია, მისი მონაგარი კი 3 მოგება და 3 მარცხია. მე-7 დღეს გაგამარუს მოწინააღმდეგე ასევე თანაბარი ბალანსის მქონე ჩიიოო (დასავლეთის მე-8 ნომერი) იქნება.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაუმარაცხებლად 3 სეკიტორი ასპარეზობს. თუკი მონღოლი იოკოძუნების – ჰაკუჰოს და კაკურიუს წარმატებული გარჯა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, უმაღლესი ლიგის დებიუტანტ იჩინოჯოს (აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა) მიჯრით 6 მოგებას ნამდვილად არავინ ელოდა.

0.104992