სხვა

22:12 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი დოჰიოს გამარჯვებით დაუბრუნდა

ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელმაც მუხლის მძიმე ტრავმის გამო 3 სუპერტურნირი გამოტოვა, დოჰიოს დაუბრუნდა. ქართველი გოლიათი იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაწყებულ შეჯიბრზე გამოჩნდა და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი უქმობის გამო, ტოჩინოშინი ელიტარული მაკუუჩი დივიზიონიდან რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითდა და კარიერული აღმასვლა თავიდან მოუწევს.

მაკუშიტას 55-ე ნომრად განთესილმა გორგაძემ აღნიშნულისკენ პირველი ნაბიჯი დღეს გადადგა, როდესაც 56-ე განთესვის მქონე ტაკაგეპო ცუკიდაშით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მაკუუჩი და ძურიო დივიზიონებში სეკიტორები ბაშოს გაანმავლობაში 15-15 ბრძოლას ატარებენ, ქვედა ლიგებში (მაკუშიტა, სანდანმე, ჯონიდანი, ჯონოკუჩი) კი მხოლოდ 7-7 შერკინება იმართება. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ორშაბათს ტოჩინოშინი ისვენებს, მომდევნო პაექრობა კი სამშაბათს ელის.

ოსაკას სუპერტურნირზე ასპარეზობა მარცხიანად დაიწყო ელიტას შემორჩენილმა ერთადერთმა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა.

გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი ჰარუ ბაშოს მაკუუჩიში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და სასტარტო შერკინებაში აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა კიტატაიკისთან უვატენაგეთი წააგო.

10 მარტს გაგამარუ დასავლეთის მე-8 მაეგაშირა კიოკუტენჯოს გაეჯიბრება, რომელთანაც ურთიერშეხვედრებში 3:6 მარცხდება.

აქვე ვთქვათ, რომ ოსაკას სუპერტურნირის პირველ დღეს დიდი სენსაცია არ მომხდარა. იოკოძუნებმა ჰარუმაფუჯიმ და ჰაკუჰომ და ოძეკებმა – კოტოშოგიკუმ, კისენოსატომ და კაკურიუმ სასტარტო ტური მარცხის გარეშე განვლეს.

მარტის ბაშოს პირველი დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=wnRi-qydG5M#t=0

0.112616