სხვა

13:53 | 26.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი აკი ბაშოს ჩემპიონია!

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ზედიზედ მე-4 ბაშოს გამარჯვებული გახდა. ამჯერად, მან ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტუნირზე იპირველა, მიუხედავად იმისა, რომ აკი ბაშოს დასრულებამდე კიდევ 2 ტურია დარჩენილი.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში დასავლეთის მე-5 ნომრის სტატუსით მოასპარეზე ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ვინაიდან მეტოქეებს მისი დაწევის თეორიული შანსიც აღარ აქვთ, ქართველი გოლიათი მორიგი ტიტულის მფლობელი გახდა.

შემოდგომის ბაშოს მე-13 დღეს გორგაძემ აღმოსავლეთის მე-13 ნომერი აკისეიამა იორიკირით დაჯაბნა და ჩემპიონობასთან ერთად, მომავალი ტურნირისთვის ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ასპარეზობაც გაინაღდა.

სამწუხაროდ, ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა ტოკიოს ტურნირი ძურიოს დასავლეთის მე-3 ნომერ გაგამარუსთვის. თეიმურაზ ჯუღელმა 4 მოგების წილ უკვე მე-9 მარცხი განიცადა და წოდებაში დაქვეთება ელის. ცნობისთვის, ამჯერად, გაგამარუს ერთი დღით მაკუუჩიში ასპარეზობის უფლება ერგო და აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა უვატედაშინაგეთი წააგო.

ბოლოსწინა მე-14 დღეს მაკუუჩიში უკვე ტოჩინოშინი დაწინაურეს და იგი ძალებს დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ოკინოუმისთან მოსინჯავს, რომელსაც ზურგს 10 გამარჯვება უმაგრებს. თავის მხრივ, ძურიოს აღმოსავლეთის მე-14 ნომერ კიოკუტაისეის გაეჯიბრება გაგამარუ.

საინტერესოა, რომ მაკუუჩიში პირველი მარცხი განიცადა იოკოძუნა ჰაკუჰომ. მონღოლმა გოლიათმა ოძეკი გოეიდოსთან იორიკირით წააგო და 12 გამარჯვება შერჩა. შედეგად, მას აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა იჩინოჯო დაეწია, რომელმაც იოკოძუნა კაკურიუს ჰატაკიკომოით სძლია.

აკი ბაშოს მე-14 დღეს ლიდერები სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

0.131925