ინტერვიუები

14:24 | 20.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტიტო ვილანოვა: “გატანილი გოლი ვილიას დადებით იმპულსს მიანიჭებს”

“ბარსელონამ” ლა ლიგისა ახალი სეზონი დამაჯერებელი მოგებით დაიწყო, რამაც კატალონური გრანდის ახალი მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა კმაყოფილი დატოვა.

- “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარეთ და კმაყოფილების საბაბიც გაქვთ...
- ყოველთვის მნიშვნელოვანია სეზონის მაჟორულ ნოტზე დაწყება. პრიმერა დივიზიონის სტარტი პოზიტიური გამოგვივიდა და ბიჭების სამდურავი არაფერი მაქვს. შეხვედრისთვის განკუთვნილი მთლიანი სათამაშო დრო მაღალი ინტენსივობით ჩავატარეთ. ამან ცოტათი გამაკვირვა კიდეც, რადგან ოპტიმალური ფორმისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. ბიჭები ფსიქოლოგიურადაც სათანადოდ არიან მზად. მათ არცკი შეიმჩნიეს გაშვებული ბურთი და ამ მომენტიდან სულ რამდენიმე წუთში ორბურთიანი სხვაობით დავწინაურდით.
- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მინდორს დავიდ ვილია დაუბრუნდა და გოლის გატანაც მოახერხა...
- ვილიამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული პირველად მიიღო. მოხარული ვარ, დავიდს თავის გამოსაჩენად სულ რაღაც 10 წუთი რომ დასჭირდა. გატანილი გოლი მას დადებით იმპულსს მიანიჭებს.
- სეზონის დაწყების წინ ლონდონის “არსენალიდან” ალექს სონგი გადაიბირეთ. მას ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ აღიქვამთ?
- სონგი “ბარსას” შემადგენლობას გააძლიერებს. ძალიან მალე ყველა დარწმუნდება მის სიძლიერეში. დარწმუნებული ვარ, ალექსი თავის ოსტატობას ჩვენთან სრულად გამოავლენს. მას ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია წარმატებით გამოსვლა, ამასთან, ხანგრძლივი და მომქანცველი სეზონის განმავლობაში სერხიო ბუსკეტსიც ხომ ყველა მატჩს ვერ ჩაატარებს.
- ახალ სეზონში გუნდისგან რას ელით?
- ახალ-ახალ მოგებებს. საამისო ძალა “ბარსელონას” ნამდვილად შესწევს. ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ბოლო 4 სეზონის განმავლობაში “ბარსა” გამარჯვებებს მიეჩვია და ამავე გზაზე სიარულის გაგრძელებას ვაპირებთ. გასულ წელს 4 ტიტული მოვიხვეჭეთ, მათ შორის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც, წლეულსაც გულშემატკივრის გახარებას ვაპირებთ. ფეხბურთელები ფრიად მოტივირებულები არიან და კვლავინდებურად შეეცდებიან ბურთის კონტროლითა და მაღალტექნიკური თამაშით მოგებების მიღწევას.
- ხუთშაბათს “კამპ ნოუზე” ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში მადრიდის “რეალს” უმასპინძლებთ...
- მოწინააღმდეგის ძლიერებისგან გამომდინარე, ურთულესი მატჩი გველის. “რეალის” დასამარცხებლად კოლექტიური და ინდივიდუალური თვისებების შერწყმაა აუცილებელი. ვფიქრობ, ამას მოვახერხებთ და მადრიდელებს გოლებს გავუტანთ.


გოჩა კაჭარავა
 

0.077028