ძიუდო

22:24 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ოქრო და ორი ვერცხლი პარიზში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - პარიზის გრანდ სლემზე ერთი ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. დღეს კვარცხლბეკზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ავიდნენ.

ჭრიკიშვილი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი და შეჯიბრებაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო, ჰოლანდიელ ნილ ვან დე კამერთან შეხვედრით. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა 4 წუთში, იპონით მოიგო. მერვედფინალში ფრანგ ჯილომ რიუს ბეჭებზე გასაკრავად 2 წუთი აკმარა. იაპონელ ტაკანორი ნაგასეს უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით (3:1) მოუგო. შემდეგ კი მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმი 3 წუთსა და 45 წამში ორჯერ დააგდო ვაზარზე და ფინალის საგზური გაინაღდა, სადაც ფრანგ ლუის პიეტრის დაუპირისპირდა.

სწორედ პიეტრისთან დამარცხდა ჭრიკიშვილი შარშან, მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის ფინალში. მართალია რევანში სწრაფადვე აუღო, გუნდურ ჩემპიონატზე წმინდად მოგებით, მაგრამ ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე და თან საფრანგეთში მოპოვებულ გამარჯვებას სულ სხვა გემო ექნებოდა. ასეც მოხდა, მსოფლიოს რეიტინგის ქართველმა ლიდერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 81 კილოგრამში საუკეთესოა. პარიზულ ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველი წუთის მიწურულს შესრულებული ვაზარით იმარჯვა. იქამდე წინ პიეტრი იყო, მსაჯების მიერ გამოგონილი იუკოთი. დარჩენილ ოთხ წუთში ჭიდაობა ჭრიკიშვილს მიჰყავდა და საქმე სასურველ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა. გრანდ სლემის ჩემპიონობით 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ქართველმა ლიდერმა 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და კონკურენტებთან უპირატესობასაც კიდევ უფრო გაზრდის.

ამავე წონაში, პარიზის “ბერსის” დარბაზში საქართველოს დროშის ქვეშ უშანგი მარგიანიც გამოვიდა. მან ტურნირი ახალი ზელანდიის სახელით მოჭიდავე ივიცა პავლინიჩის ძლევით გახსნა - მეტოქე ბეჭებზე ორწუთნახევარში დასცა. მეორე წრეში მარგიანი სერბ მიროლიუბ ივეზიჩს დაეჭიდა და იუკოთი სძლია. მერვედფინალში იაპონელ კეიტა ნაგაშიმასთან შეხვედრის დასაწყისშივე ვაზარზე დავარდა. ჭიდაობა ამ გდების შემდეგაც იაპონელს მიჰყავდა და ოთხი წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრების დებიუტანტს ოთხი გაფრთხილება მიაღებინა.

ვარლამ ლიპარტელიანი წილისყრამ პირველ წრეში დაასვენა. ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ქართველი ოქროსკენ მიმავალ გზას ფრანგი ვინსენტ მასიმინოს ძლევით შეუყვა. მოწინააღმდეგე შეხვედრის დასაწყისშივე ვაზარზე დააგდო. წუთნახევარში კი შებოჭა. მერვედფინალში ალჟირელ აბდერაჰმან ბენამადისთან მართალია გდება არ შეუსრულებია, მაგრამ პასიურ მეტოქეს სამ წუთში ოთხი შიდო მიაღებინა. მეოთხედფინალში იაპონელი ჰიროტაკა კატო მესამე წუთის დასაწყისში შესრულებული ლამაზი იპონით ჩამოიშორა. ნახევარფინალში გერმანელი მარკ ოდენტალი შებოჭა. ლიპარტელიანმა ამ შეხვედრის დასაწყისშივე ფეხი იტკინა, მაგრამ ტრავმის მიუხედავად მეტოქეს ჯერ იუკო შეუსრულა, შემდეგ კი ბეჭებზეც გააკრა.

ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონს, სამხრეთკორეელ კიუ-ვონ ლის უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ ტრავმის გამო გადამწყვეტ შეხვედრაში ტატამზე აღარ გავიდა და მეტოქეს ოქრო უბრძოლველად დაუთმო. თავად კი ვერცხლს და 300 სარეიტინგო ქულას დაეუფლა.

90 კილოგრამში ბექა ღვინიაშვილმაც მორგო კიმონო. ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლიპარტელიანის მსგავსად, შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ჩილელ რაფაელ რომოსს წუთნახევარი აკმარა. მერვედფინალში გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდა - ტოკიოს 2013 წლის გრანდ სლემის ჩემპიონს, იაპონელ მასიუ ბეიკერს. ქართულ-იაპონური “ბრძოლა” ისე დაძაბულად წარიმართა, ოთხი წუთის შემდეგ ძიუდოისტები ფეხზე ძლივს იდგნენ. შეხვედრის ბოლომდე სამ-სამი შიდოს მიღებაც მოასწრეს. ღვინიაშვილი შედარებით აქტიური იყო და რომ არა არასწორი ჩავლებისთვის მიღებული გაფრთხილებები, მოწინააღმდეგეს ალბათ უილეთოდ გასცდებოდა. თანაბარ ანგარიშზე კი საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე გარისკა და ილეთის წამოწყების მცდელობისას კონტრილეთზე წამოეგო.

100 კილოგრამში საქართველოს სახელით მხოლოდ ალექსანდრე მსხალაძემ იჭიდავა. კარგადაც დაიწყო - ლიტველ ჟილვინას ლეკავიჩუსს მესამე წუთის ბოლოს შესრულებული ვაზარით სძლია. არგენტინელი ჰექტორ კამპოსი კიდევ უფრო შთამბეჭდავად, 56 წამში ჩამოიშორა გზიდან. გერმანელ კარლ-რიჩარდ ფრეის 2 იუკოთი უგებდა, როდესაც მსაჯმა ფრეი არასპორტული საქციელისთვის შეხვედრიდან მოხსნა. მეოთხედფინალში მსხალაძე ევროპის ჩემპიონს და მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორს, ჰოლანდიელ ჰენკ ხროლს დაეჭიდა და რიგიანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მართალია ქართველი ძიუდოისტი ილეთზე არ დავარდნილა, მაგრამ საკმაოდ პასიური იყო და ორწუთნახევარში მსაჯისგან ოთხი შიდო მიიღო. რეპეშაჟის ნახევარფინალში ალექსანდრე მსხალაძე რუსეთის ნაკრების წევრ ადლან ბისულთანოვთან მეორე წუთზე ბეჭებზე დაეცა და მე-7 ადგილს დასჯერდა.

მძიმე წონაში შეკრებილ ძიუდოისტთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგი ადამ ოქრუაშვილს ჰქონდა და შესაბამისად, პირველ ნომრადაც განთესეს. ტურნირში პირდაპირ მერვედფინალით ჩაერთო, მაგრამ უმალ ისე დამარცხდა, ერთი ილეთის არათუ გაკეთება, წამოწყებაც ვერ შეძლო - იაპონელ რიუ შიშინოესთან ორიოდ წუთში ოთხი შიდო მიიღო და გრანდ სლემს გამოეთიშა.

მეორე ქართველმა მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა პირველივე წრიდან დაიწყო, სადაც ალჟირელი მუჰამედ ამინე ტაიები სამ წუთში, ლამაზი მოგვერდით დასცა იპონზე. მერვედფინალში იაპონელ მასარუ მომოსეს საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე სძლია. მაშინ, როდესაც თავად ორი შიდო ჰქონდა, ხოლო მეტოქეს – სამი, მსაჯმა ორივე გააფრთხილა, რაც მომოსესთვის წაგებას ნიშნავდა. მეოთხედფინალში მატიაშვილი ტუნისელ ფაიცელ ჯაბალაჰს დაეჭიდა, რომელმაც მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ადამ ოქრუაშვილს რეპეშაჟის ფინალში მოუგო. ქართულ-ტუნისური დაპირისპირება ამჯერადაც ჩვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. შეხვედრაში გადამწყვეტი ერთადერთი იუკო აღმოჩნდა, რომელიც მეოთხე წუთზე ჯაბალაჰმა შეასრულა. მატიაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, მაგრამ რუს რენატ საიდოვთან ვერას გახდა – ჯერ იუკოზე დავარდა, შემდეგ ვაზარზე და შებოჭვაზეც მოჰყვა და მსხალაძის მსგავსად, მე-7 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა მამაკაცების საერთო გუნდურ ჩათვლაში 68 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-2 ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს ტატამზე ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ) გავიდნენ და პაპინაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამასთან, 200 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

პარიზის გრანდ სლემზე ნაჭიდავები ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილთან ერთად, ხვალიდან საფრანგეთის საერთო სანაკრებო წვრთნებში ჩაერთვებიან.

 

ძიუდო

გრანდ სლემი

პარიზი

8-9 თებერვალი

კაცები

 

60 კგ

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 შინჯი კიდო (იაპონია)

3 მინგ იენ ცაი (ტაივანი)

 

66 კგ

1 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

2 გიორგი ზანტარაია (უკრაინა)

3 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)

3 ლუის კორვალი (საფრანგეთი)

 

73 კგ

1 გი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა)

2 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)

3 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)

3 ვიქრორ სკვორტოვი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)

 

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

3 ტაკანორი ნაგასე (იაპონია)

3 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)

 

90 კგ

1 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)

2 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

3 მასიუ ბეიკერი (იაპონია)

3 მარკ ოდენტალი (გერმანია)

 

100 კგ

1 სირილ მარე (საფრანგეთი)

2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)

3 ადლან ბისულტანოვი (რუსეთი)

3 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)

7 ალექსანდრე ხმალაძე (საქართველო)

 

+100 კგ

1 რიუ შიშინოე (იაპონია)

2 დავიდ მოურა (ბრაზილია)

3 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი)

3 რენატ საიდოვი (რუსეთი)

7 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

 

გუნდური ჩათვლა. კაცები

 

1          სამხრეთ კორეა        2      0      1       1       0
2 საქართველო 1 2 0 0 2
3 საფრანგეთი 1 1 2 3 2
4 იაპონია 1 0 4 0 3
5 რუსეთი 1 0 2 2 0

 


0.114502