ტიერი ანრი ”არსენალში” დაბრუნდა! არ მგონია ბოლო პერიოდში მსოფლიო ფეხბურთში ამაზე მნიშვნელოვანი რამ მომხდარიყოს. თან დაბრუნებაცაა და დაბრუნებაც... “მეთოფეებში“ ფრანგმა გოლეადორმა დაბრუნება სწორედ ისე შეძლო, მის ავტორიტეტს რომ ეკადრება. პირველივე შეხვედრაში გატანილი გოლი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ანრი თავის „მშობლიურ“ გუნდში მხოლოდ თილისმისა და ცოცხალი ლეგენდის ამპლუით არ დაკმაყოფილდება და დიდი ფეხბურთის თამაშს კიდევ აპირებს. ინგლისის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე, “ლიდს იუნაიტედის“ კარში ტიერი ანრის მიერ ერთადერთმა გატანილმა გოლმა ლონდონელები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი სულ სხვა რამ იყო. “არსენალს“ ლიდერი, სული და გული, იმედი და მომავლის რწმენა დაუბრუნდა!
რა შეიცვალა ვენგერის “სამეფოში“ ტიერი ანრის წასვლის შემდეგ... შეცვლით მართლაც რომ ბევრი რამ შეიცვალა... უპირველეს ყოვლისა, კი სტადიონი. ლონდონელებმა ძველსა და მორყეულ ”ჰაიბერის” უგანეს და არაბი მფლობელების მიერ აშენებულ ახალთახალ ”ემირეიტს სტედიუმზე” გადაბარგდნენ. ჩვენი აღნიშვნა რად უნდა იმას, რომ ”ემირეიტსი” შესანიშნავი სტადიონია და ნებისმიერი გუნდი იოცნებებდა იქ თამაშზე. მაგრამ, ”ჰაიბერიდან” გადაბარგების შემდეგ, ”არსენალს” ძალაუნებურად მოუწია იმ უპირატესობაზე უარის თქმა, რასაც ”ჰაიბერიზე” მეტოქეთა მასპინძლობით ფლობდა ხოლმე. სიგრძე-სიგანეში ვიწრო და მოკლე “ჰაიბერიზე” თამაში (რომელიც საერთაშორისო სტანდარტებში რის ვაი-ვაგლახით ჯდებოდა) მასპინძლების გარდა, თითქმის ყველა სტუმარ გუნდს უჭირდა. რასაკვირველია, ძალიან რთული იყო დარტყმული ბურთი ტრაექტორიის და პასების სიზუსტის სწორად გათვლა, როდესაც ასეთ ვიწრო და მოკლე სტადიონზე თამაშობდი. ”არსენალი” კი ”ჰაიბერიზე” თავს შესანიშნავად გრძნობდა და ბრწყინვალედ იყენებდა თავის ამ მნიშვნელოვან უპირატესობას. ანრიმ „ემირეიტსის“ გახსნის შემდეგ მხოლოდ სეზონი ჩაატარა ამ შესანიშნავ სარბიელზე...
ყველა აღნიშნავს, რომ ფრანგი გოლეადორის ლონდონიდან აბარგების შემდეგ, კლუბის არაბი მფლობელებიცა და არსენ ვენგერიც, ფულის ხარჯვის მხრივ ნამეტნავად გაძუნწდნენ. ”არსენალის” არც იქამდე გამოირჩეოდა ფეხბურთელების ტრანსფერებში აურაცხელი ფულის ფლანგვით, მაგრამ ბოლო წლებში ისე მაგრად ”შემოიჭირეს ქამრები”, რომ ეს პრემიერლიგაში ჩემპიონობის მაძიებელთა შორის ბრძოლას უკვე აშკარად დაეტყო და სამწუხაროა, რომ ”არსენალი” ინგლისში თანდათან უფრო ნაკლებად კონკურენტუნარიანი კლუბი ხდებოდა. ”მანჩესტერ იუნაიტედს”, ”ჩელსის”, ”მანჩესტერ სიტის”, ”ტოტენჰემსა” და ”ლივერპულს”, ლონდონის ”არსენალმა“ ურთიერთშეხვედრებში შეიძლება ნებისმიერ დროს მოუგოს, მაგრამ ასეთი კანტი-კუნტი წარმატებები მოპოვებულ ტიტულებზე უკვე ვეღარ აისახება. კარგა გვარიანი დროა, რაც ”მეთოფეებს” ერთი „ჟანგიანი“ თასიც კი არ მოუგიათ და ეს ამ კლუბის ათასობით ქომაგს გულს ძალიან სტკენს. ტიერი ანრი კი სწორედ ის იმედის შუქურაა, რასაც ”არსენალის” მთელი ქომაგობა გაცისკროვნებული შესცქერის.
არასოდეს მომწონდა, როდესაც ვხედავდი, რომ ფულიანი და ჯიბესქელი გუნდები, ნაკლებად მფლანგველი, თუმცა კოხტა და კარგი ფეხბურთის მქადაგებელი კლუბებიდან ფეხბურთელებს ყიდულობდნენ, გამოწურავდნენ მათ ლიმონივით და შემდეგ მოისროდნენ სადმე უცნობ და უსახელო კლუბში. ასე მოუვიდათ ტიერი ანრის, გაისკა მენდიეტას, რაულ გონსალეს ბლანკოს, ფაბიო კანავაროს, რივალდოს და სხვებს... ამ ფეხბურთელების ერთმა ნაწილმა საბედნიეროდ ყველა კალიბრის კლუბში შეძლეს შესაძლებლობების ბოლომდე დამტკიცება, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც დიდი ფეხბურთის ხელახლა თამაშის იმედი საბოლოოდ დაკარგეს და საკუთარ საფეხბურთო კარიერასაც ერთხელ და სამუდამოდ გადაუსევს ხაზი.
როდესაც ნაკლებად მხარჯველი შედარებით მცირე გაბარიტების კლუბიდან გაფუფუნებულ კლუბში გუნდის ლიდერი გადადის, ამით ერთბაშად ორი საქმე ფუჭდება. პირველი ის, რომ ფეხბურთელის გამყიდველი კლუბი ნაკლებად კონკურენტული ხდება და მეორე: ამ გზით გაძლიერებული, ისედაც ძლიერი კლუბები კიდევ უფრო მიუწვდომელნი ხდებიან მეტოქეებისათვის და დაბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რაც დღეს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ხდება. ”რეალი” და ”ბარსელონა” ვისაც უნდათ და სადაც უნდათ ყველას და ყველგან კოშმარული ანგარიშებით უგებენ და ნეიტრალურ გულშემატკივრებს საერთოდ აკარგვინებენ მათი თამაშის ცქერის სურვილს.
”არსენალში” ტიერი ანრის დაბრუნებით, განსაკუთრებული ინტრიგა არამხოლოდ კონკრეტულად “მეთოფეთა“ თამაშს, არამედ მთელს პრემიერლიგას მიეცემა. ფაქტია, რომ მომავალში არსენ ვენგერის გუნდის მატჩებისადმი ბევრად მეტი ინტერესი გაჩნდება, ვიდრე ადრე იყო და ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის - ლეგენდარული ტიერი ანრის დამსახურებაა!
ლევან სეფისკვერაძე