,,იუვენტუსის’’ ფორვარდ კარლოს ტევესის აზრით, კლუბის უმთავრეს მიზანს სერი ა-ში გამარჯვება წარმოადგენს. ,,გლობო ესპორტესთვის’’ მიცემულ ინტერვიუში, არგენტინელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
,,იუვე” დიდი გუნდია. ვფიქრობ, შევძლებთ სკუდეტოს მოგებას და კლუბის ისტორიაში ახალ ფურცელს ჩავწერთ. ზედიზედ მესამედ იტალიის ჩემპიონობის მოპოვება შთამბეჭდავი შედეგი გამოდგება. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ფეხბურთელები სიამაყით აღვივსებით’’, _ განაცხადა ტევესმა.
,,მითამაშია ,,კორინთიანსის’’, ,,ბოკა ხუნიორსის’’, მანჩესტერული კლუბების ,,სიტისა’’ და ,,იუნაიტედის’’ მაისურით. მათ მსგავსად, ,,იუვენტუსიც’’ დიდი კლუბია, განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი - ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. გულშემატკივრებისგან საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობ, მიძღვნიან სიმღერებს და ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია’’, _ დაასრულა არგენტინელმა.
შეგახსენებთ, კარლოს ტევესი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ,,ბებერი ქალბატონის’’ რიგებში ,,სიტიდან’’ გადმობარგდა და ლეგენდარული ალესანდრო დელ პიეროს ათნომრიანი მაისური მოირგო. ამ ეტაპზე, ტურინულ კლუბში ჩატარებული აქვს 16 შეხვედრა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.
დიმიტრი შარიქაძე