სტატიები

16:02 | 4.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

თეთრი ისარი

ფეხბურთის უამრავი ქომაგი ალფრედო დი სტეფანოს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და ეს ერთი შეხედვით გასაკვირია - თუკი პელემ, კრუიფმა, მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიბრწყინეს, დი სტეფანოს არასდროს უასპარეზია მუნდიალზე. მეორეს მხრივ, ალფრედო დი სტეფანოს თამაში იდეალური ნაზავი გახლდათ ფილიგრანული ტექნიკის და გუნდური თამაშის პრინციპების ერთგულებისა და წლების განმავლობაში მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდის მადრიდის, “რეალის” ლიდერი გახლდათ, ამიტომაც ფეხბურთის მილიონობით ქომაგის აღიარება ლოგიკურადაც კი გამოიყურება. ცენტრფორვარდი, რომელიც მუდამ მოძრაობაში იყო, მატჩის მსვლელობისას ყოველთვის იცვლიდა პოზიციას, რაც მოწინააღმდეგის მცველებსაც უბნევდა გზა-კვალს და პარტნიორსაც უთავისუფლებდა მოქმედების არეალს. დი სტეფანოს პარტნიორები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ალფრედოსთვის უცხო იყო “საფეხბურთო ეგოიზმის” მცნება. მათივე მტკიცებით, დი სტეფანომ თავისი ფენომენალური ტექნიკა სრულყოფამდე მიიყვანა.
მოთამაშეობისას ალფრედო დი სტეფანომ დიდძალი ფული გამოიმუშავა, მაგრამ მისთვის მთავარი ყოველთვის მინდორზე გასვლა და გადამწყვეტი გოლის გატანა გახლდათ და ხშირად ავადმყოფსაც კი უასპარეზია. ამ დროს დი სტეფანო ყოველთვის ახერხებდა მწვრთნელების დარწმუნებას, რომ ჯანზე იყო და გუნდსაც სარგებლობას მოუტანდა. “ფეხბურთი ბრწყინვალე თამაშია და როდესაც დიდ კლუბში გამოსვლის შესაძლებლობა გეძლევა, ესაა უმთავრესი პრივილეგია და იგი ხელიდან არ უნდა გაუშვა”, - ამბობდა ალფრედო დი სტეფანო ფეხბურთელობისას და ამგვარი მიდგომა დღემდე არ შეუცვლია. დონ ალფრედო გაოცებულია იმ ნიჭიერი მოთამაშეების საქციელით, რომელთაც წვრთნისას და ასპარეზობისას ბოლომდე დახარჯვა არ სურთ.
ალფრედო დი სტეფანოს ბაბუა არგენტინაში იტალიის კუნძულ კაპრიდან ჩავიდა და ბუენოს-აირესთან ახლოს მდებარე ღარიბთა დასახლებაში, ბარაკასში დასახლდა. ალფრედოს მამა კი, “რივერ პლეიტის” ღირსებას იცავდა, თუმცა აქტიურ სპორტს მაშინ გამოეთხოვა, როდესაც არგენტინაში ფეხბურთმა პროფესიონალური სტატუსი შეიძინა. ოჯახის უფროსისათვის ფეხბურთი გართობა უფრო იყო, ვიდრე თავისა და ოჯახის რჩენის საშუალება. ამიტომაც ის არცთუ ისე კმაყოფილი დარჩა, როდესაც მისმა ვაჟიშვილებმა, ალფრედომ და ტულიომ ადგილობრივი კლუბების ახალგაზრდულ გუნდებში დაიწყეს ფეხბურთის თამაში.
1944 წლის 18 აგვისტოს `რივერ პლეიტში~ ახალგაზრდა ალფრედოს დებიუტი შედგა, რომელსაც ღია ფერის თმის გამო ზედმეტსახელად “ელ ალემანს” (გერმანელი) ეძახდნენ. დი სტეფანოს კერპი პარაგვაელი ცენტრალური თავდამსხმელი არსენიო ერიკო გახლდათ, რომელიც “ინდეპენდიენტეს” ღირსებას იცავდა. ამომავალ არგენტინელ ვარსკვლავს თავად სურდა ცენტრფორვარდობა. იმხანად “რივერის” თავდასხმის ხაზს, ზუსტი, შეთანხმებული თამაშის გამო “ლა მაკინას” (მანქანა) უწოდებდნენ. ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ კი, დი სტეფანო ითვლებოდა, რომელმაც თავი ნაკრებშიც გამოიჩინა, როდესაც არგენტინის ნაკრებთან ერთად 1947 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში გაიმარჯვა.
1949 წელს არგენტინელმა პროფესიონალმა ფეხბურთელებმა სოციალური საკითხების გამო გაფიცვა მოაწყეს, რის შემდეგაც არაერთი ოსტატი კოლუმბიაში გადაბარგდა. მათ შორის იყო დი სტეფანოც. ის ბოგოტას “მილიონარიოსში” თამაშობდა. როდესაც კოლუმბია მეორედ გაწევრიანდა ფიფა-ში, “მილიონარიოსმა” თავისი უკანასკნელი ტურნე მოაწყო ევროპაში, რომლის დროსაც დი სტეფანო მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ შენიშნა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა “სამეფო კლუბის” 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ტურნირზე გაიბრწყინა. “რეალში” გადასვლის შემდეგ, დი სტეფანომ ყველაზე მაღალი საფეხბურთო მწვერვალები დაიპყრო. იგი “ტოტალური ფეხბურთის” ჯადოქრად ჯერ კიდევ მაშინ იქცა, როდესაც ეს ტერმინი მოგონილიც არ იყო. არგენტინელი მოედანზე ელვის სისწრაფით გადაადგილდებოდა და მეტოქე ფეხბურთელებს დიდ პრობლემებს უქმნიდა. “დი სტეფანო მინდვრის ნებისმიერ პოზიციაზე ორი მოთამაშის სამუშაოს ასრულებდა”, - უთქვამს არგენტინელის შესახებ მის მეგობარს და თანაგუნდელს “რეალში”, მიგელ მუნიოსს. სისწრაფისა და მიზანში ბურთის ზუსტად გაგზავნის გამო ალფრედო დი სტეფანოს მადრიდელმა გულშემატკივრებმა “თეთრი ისარი” შეარქვეს.
50-იანი წლების დასაწყისში ევროპაში უკვე ტარდებოდა შეჯიბრებები საკლუბო დონეზე, თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1955 წლეს უეფა-მ ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება დააარსა, რომელმაც თავიდანვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. პრესტიჟული თასის პირველი მფლობელი კი მადრიდის “რეალი” გახდა. “გვეჩვენებოდა, რომ ეს რაღაც “ლათინური თასის” გათამაშების მსგავსი შეჯიბრება იყო, შეიძლება უფრო საინტერესო, მაგრამ მეტი არაფერი. ეს არც იყო გასაკვირი: თავიდან ყოველი სიახლე ხომ საეჭვოდ გვეჩვენება ხოლმე, ასეთია ადამიანის ბუნება. თუმცა, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩემპიონთა თასის გათამაშება თავდაპირველად ნაკლებად ჰგავდა ამჟამინდელ ჩემპიონთა ლიგას. უბრალოდ, საოცრებაა ის, თუ რამდენად გარდაიქმნა ეს ტურნირი, რა თქმა უნდა ფეხბურთისათვის სასარგებლოდ” - ამბობს დი სტეფანო, რომელიც “რეალის” სტარტსაც იხსენებს ევროტურნირზე: “რეალი” მრავალ კლუბს შორის ერთ-ერთი იყო, რომელმაც ახალ ტურნირში სტარტი აიღო. თანდათან ჩვენ აღმოვჩნდით იმ გუნდებს შორის, რომლებმაც ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებისადმი ქომაგთა ინტერესი აამაღლეს. თასის ზედიზედ ხუთჯერ დაუფლება ძალიან რთული იყო, თუმცა, როდესაც ამ ჯილდოს ერთხელ მოიპოვებ, მისი მოგების სურვილი კვლავაც გიჩნდება. ისე კი, ყველას კარგად მოეხსენება, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ სურვილი არ კმარა”.
1956 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში მადრიდის “რეალს” გამარჯვება სწორედ დი სტეფანოს მიერ ფრანგული “რეიმსის” კარში გატანილმა გოლმა მოაპოვებინა. “პარიზული ფინალი არცთუ ისე რთული აღმოჩნდა, - დასძენს არგენტინელი სუპერვარსკვლავი, - უფრო მეტად გაგვიჭირდა 1958 წელს, როდესაც ზედიზედ მესამედ გავედით ფინალში და ჩვენი მეტოქე მალდინის, ბერგამასკის, რადიჩეს, დანოვის, ლიდჰოლმის, სკიაფინოს, გრილიოს, კუჩარონის “მილანი” იყო... მატჩის მსვლელობისას მუდმივად მდევრის როლში ვიყავით და მხოლოდ დამატებით დროში ფრანსისკო ხენტომ გაიტანა გოლი, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა. სკიაფინომ ანგარიში 59-ე წუთზე გახსნა, რომელიც 74-ე წუთზე მე გავათანაბრე, მაგრამ ოთხიოდე წუთის შემდეგ გრილომ “მილანი” ისევ წინ გაიყვანა. საბედნიეროდ, “რეალს” მხოლოდ წუთი დასჭირდა წონასწორობის მეორედ აღსადგენად. როგორი სიუჟეტია, 3 გოლი ხუთ წუთში! ისე კი, მართლაც ყველაზე მეტად იმ მატჩში გაგვიჭირდა. ჩვენ გვყავდა გუნდი, რომელმაც ზუსტად იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. ეს იყო მხოლოდ გამარჯვება. ისიც იცოდა, თუ როგორ უნდა მოეგო. “რეალი” ყველა პოზიციაზე ძლიერი იყო - დაცვის ხაზიდან თავდასხმამდე. რა თქმა უნდა, გულშემატკივრებისათვის შოუსაც ვაწყობდით ხოლმე, თუმცა როდესაც 2:0-ს ვიგებდით და ვხედავდით, რომ უმჯობესი იყო ანგარიში შეგვენარჩუნებინა, არც დაცვაში ჩადგომას ვერიდებოდით. მთავარი ის იყო, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდით, ისე ვთამაშობდით, თითქოს ვაგებდით. რეკორდებზე არასოდეს გვიფიქრია, უბრალოდ, ყოველთვის გამარჯვება გვსურდა”.
დი სტეფანომ მადრიდულ გრანდთან ერთად ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწია როგორც ესპანეთში, ასევე ევროარენაზე, თუმცა იგი არასოდეს ივიწყებს სამშობლოში მიღებულ გამოცდილებასაც. “ჩემს კარიერაში ყველა ეტაპს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. “რეალში” ჩვენ ისტორიას ვქმნიდით, სამაგიეროდ “რივერ პლეიტში” ნამდვილ ფეხბურთს ვთამაშობდით: პასების გადაცემა შეუჩერებლად... მიიღე და უმალვე გადაეცი, ეს უფრო რთულია, ვიდრე ინდივიდუალურად თამაში. დრიბლიორი ხომ ბურთით გარბის, მაგრამ ხშირად თავადაც არ იცის, თუ საით მიიწევს”, - ამბობს დიდოსტატი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთზეც გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას: “შესაძლოა, ფეხბურთი ძალიან პროფესიული გახდა, მაგრამ მე ამ ტენდენციას ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად არ შევაფასებდი. აი, რაც ფეხბურთის გარშემო ხდება, დღეს უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ადრე. ჩვენს დროს პრესას ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნდა. დღეს ჟურნალისტები ყველგან არიან, მათთვის ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, რაც მაშინ არ იგრძნობოდა, როდესაც თამაშს ვიწყებდი. თუმცა ფეხბურთელი, როგორც პიროვნება, არ შეცვლილა. კვლავ არიან მოთამაშეები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ და ყურადღებას არ იპყრობენ. არიან ისეთებიც, რომლებიც საპირისპირო მანერით იქცევიან. რა გაეწყობა, საფეხბურთო ცხოვრება ასეა მოწყობილი”.
2000 წლის ივლისში ალფრედო დი სტეფანო მადრიდის “რეალის” საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს, რასაც დასტური იმავე წლის ნოემბერში კლუბის გულშემატკივართა ასამბლეამაც მისცა და ლეგენდარული ფეხბურთელი პოსტზე ოფიციალურად მაშინ დაინიშნა. ეს იყო ლოგიკური და სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან პლანეტის მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდისთვის ყველაზე დიდი ღვაწლი სანტიაგო ბერნაბეუსა და ალფრედო დი სტეფანოს მიუძღვით.
დღეს ალფრედო დი სტეფანოს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა. მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავს ჯანი ძველებურად ვერ მოსდგამს და გულის რთული ოპერაციაც გადაიტანა, მაგრამ მკერდში მდებარე ადამიანის უმთავრესი სასიცოცხლო ორგანო კვლავინდებურად ფეხბურთისა და მადრიდის “რეალის” წრფელი სიყვარულით უძგერს.


გოჩა კაჭარავა

0.149456