ომარ თეთრაძე ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგადან” მის გაშვებას არ ეთანხმება და თვლის, რომ სეზონის წინ დასახულ ამოცანას – პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებდა.
ომარ თეთრაძე: “ჯერჯერობით, არავის გამოუძახებივარ და ჩემი გაშვების შესახებ არაფერი უთქვამთ. თუმცა, კლუბის პრეზიდენტ ალექსეი გოიხმანთან საუბარი “კრასნოდართან” თამაშის წინა საღამოს, 13 ივნისს მქონდა. როგორც მივხვდი, ჩემი გაშვების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ამ თამაშამდე მიიღეს. ამის შესახებ ზოგიერთმა ადამიანმა მითხრა და გადავწყვიტე, რომ ეს თემა თამაშამდე განმეხილა”.
- გამოდის, რომ თქვენ, ისევე, როგორც გულიტს, ულტიმატუმი წაგიყენეს – ან “კრასნოდარს” უგებ ან კლუბიდან მიდიხარ?
- თამაში რომც მოგვეგო, მაინც არაფერი შეიცვლებოდა. გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო.
- ეს როგორ აგიხსნეს?
- ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა და ამ მხრივ კითხვები არ მაქვს.
- მომავალში რით დაკავდებით?
- ჯერ არაფრით. ვიმეორებ, რომ ჯერ კლუბიდან არ დაურეკავთ და აღდგენითი ვარჯიში მაქვს ჩასატარებელი.
- რას გააკეთებთ, როდესაც “ვოლგადან” წახვალთ...
- დავისვენებ. ჩემს მიერ ჩატარებული სამუშაოს ანალიზს გავაკეთებ. შევეცდები, მივხვდე, რა შეცდომები დავუშვი. ერთი რამ ვიცი – კლუბისა და გულშემატკივრების წინაშე პირნათელი ვარ. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ნიჟნი ნოვგოროდისთვის ბოლომდე დავიხარჯე.
- ბოლო პერიოდში რუსეთის პრემიერლიგაში მწვრთნელებს გუნდებიდან მასობრივად უშვებენ – კრასნოჟანი “ლოკომოტივიდან” გაათავისუფლეს, “ტერეკმა” გულიტი დაითხოვა, “ვოლგამ” – თქვენ. რატომაა ასეთი დამოკიდებულება მწვრთნელების მიმართ?
- მოვლენებს რეალურად უნდა შევხედოთ. მთავარი რა არის? შედეგი. თუმცა, მე პრემიერლიგაში დარჩენა დამისახეს. “კრასნოდართან” თამაშამდე, გუნდი მე-11 ადგილზე იყო. რატომ მიიღო პრეზიდენტმა ჩემი გაშვების გადაწყვეტილება? არ ვიცი, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ არ გვისაუბრია. თუმცა, ვაღიარებ, რომ ჩემთვის გუნდიდან გაშვების მიზეზები გაუგებარია. ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. დასახული ამოცანის შესასრულებლად მზად ვიყავი. თუმცა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა.
- მიზეზების შესახებაც: ბევრი საუბრობდა “ვოლგას” მიერ “ანჟისთან” ჩატარებული მატჩის (1:2) უცნაურ ხასიათზე. შესაძლოა, მიზეზი ეს არის?
- ეს მხოლოდ ჭორებია და მეტი არაფერი. დიდი ყურადღება არც უნდა დაუთმო. მსგავსი ჭორები ყოველ წელს ჩნდება და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, ჩემს გაშვებას “ანჟისთან” ჩატარებულ მატჩთან არავითარი კავშირი არ აქვს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა