მაჰაჩყალის “ანჟის” რუსეთის პრემიერლიგაში გადამყვანი სპეციალისტი ომარ თეთრაძე 16 მარტის შემდეგ უმუშევარია. მისი ხელმძღვანელობით, დაღესტნურ კლუბში, ქართველი ფეხბურთელების რიცხვი “სტაბილურად” აღწევდა შვიდს. აღნიშნული ოდენობა დიდად არც მისი წასვლის შემდეგ მოკლებულა, თუმცა ეს, სულაც არაა მკითხველისთვის თეთრაძის შეხსენების მიზეზი. “მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ქართული გვარის, თუმცა, ეროვნებით ბერძენი 40 წლის სპეციალისტი, ერთდროულად, რამდენიმე რუსულ კლუბთან აწარმოებს კარიერის გასაგრძელებელ მოლაპარაკებებს. ჩვენც სწორედ ამ მხრივ სიახლეების დასაზუსტებლად დავუკავშირდით მას.
- ბატონო ომარ, გავიგეთ, უქმად ყოფნას დიდხანს არ აპირებთ. რაიმე სიახლე ხომ არაა თქვენს ახალ გუნდთან დაკავშირებით?
- რამდენიმე კლუბთან არის საუბარი, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. დრო დასაფიქრებლად კიდევ მაქვს, ასე რომ, არ ვიჩქარებ.
- ეს, რუსული კლუბებია, თუ უცხოური?
- მხოლოდ რუსულ კლუბებთან. აქ არის პრემიერლიგიდანაც და პირველი დივიზიონიდანაც.
- ჩვენი თქვენდამი ინტერესი, ძირითადად, იმითაცაა გამოწვეული, რომ უცხოეთში მომუშავე მწვრთნელებიდან, ქართველ ფეხბურთელებს ყველაზე მეტად სწყალობდით. საქართველოს პრეზიდენტი ამისთვისაც რომ იძლეოდეს “ღირსების ორდენს”, პირველს, თქვენ გეკუთვნით.
- არაერთხელ ნათქვამს ერთჯერაც გავიმეორებ - მე მომავალშიც მხოლოდ იმ ფეხბურთელებს მოვიწვევ გუნდში, რომლებიც კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაში დამეხმარებიან. ამ შემთხვევაში, ეროვნებას არავითარ მნიშვნელობას არ მივანიჭებ.
- რუსულ ვარიანტებს, საქართველოში ახლახანს გავრცელებულ ინფორმაციაც დაემატა – თითქოს, თქვენთან მოლაპარაკებებს ს/კ “ზესტაფონის” მესვეურები აწარმოებენ.
- არავითარ შემთხვევაში, ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა.
- გვესმის, რომ რუსულ გუნდებთან, ინფრასტრუქტურით და მატერიალური ბაზით, ქართულები ახლოსაც ვერ მივლენ, მაგრამ რომ იყოს საუკეთესო გარანტიებით გამყარებული წინადადება, არ განიხილავდით მაინც?
- იცით, არის ასეთი გამოთქმა – “არასოდეს თქვა არასოდეს”. ასე რომ, როცა ზემოთ აღვნიშნე, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ-მეთქი, მინდა კარგად ავწონ-დავწონო ყველაფერი და გადაწყვეტილებაც მერე მივიღო.
- თუმცა, რუსებს ასეთი გამონათქვამიც აქვთ - უკეთესს უარესისკენ არავინ გაურბის.
- გეთანხმებით და ასეც გიპასუხებთ - თევზი იქ ეძებს, სადაც ღრმაა, ადამიანი კი _ სადაც უკეთესი. ამიტომაც მაქვს ეს მოლაპარაკებები, რომ არ შევცდე სიჩქარეში და საიდანაც უკეთესი შემოთავაზება მექნება, მეც იქ წავიდე სამუშაოდ.
- როდის დაესმება მოლაპარაკებებს წერტილი?
- ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამა თუ იმ გუნდის წინადადებებზე და მათ მიერ დასახულ ამოცანებზე, რადგან, ვიმუშავო ისეთ გუნდში, რომელიც არსებობისთვის იბრძოლებს, ჩემი მოწოდება არაა.
- და ერთხელაც გავიხსენოთ თქვენი “ანჟის” დატოვება. თუ წამოსვლას აპირებდით, რატომ ადრე არ მიიღეთ გადაწყვეტილება. თან, როცა ქართველების სიმრავლის გამო, ერთგვარ შევიწროებაზე ამბობდით, რაღაც არ ეტყობა, რომ თქვენი შემცვლელი გაჯიევი, ამ მხრივ დისკომფორტს გრძნობდეს.
- “ანჟიდან” წამოსვლა ადრეც მინდოდა, მაგრამ იყო მთელი რიგი პრობლემებისა, რომლების გადაუჭრელად, გუნდის დატოვება არ მსურდა. მართალი ხართ, უკეთესი იყო ადრე წამოვსულიყავი. რაც შეეხება, თავად ფაქტს, იგი უშუალოდ ჩემი ინიციატივით მოხდა - კლუბის ხელმძღვანელობასთან ახლაც შესანიშნავი ურთიერთობები მაქვს.
- არ ფიქრობთ, რომ დაგვიანებული წამოსვლის გამო, გაჯიევს ცოტა დრო დაუტოვეთ გუნდის საბოლოოდ დასაკომპლექტებლად?
- კი, მაგრამ - მე რომ წამოსვლა მინდოდა, მაშინ პრეზიდენტმა არ გამომიშვა. თუმცა, გაჯიევს კომპლექტაციისთვის საკმარისი დრო ჰქონდა - რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 8 აპრილამდე ღია იყო და მას 3 კვირის განმავლობაში შეეძლო სასურველი ფეხბურთელების დამატება.
- ე.ი. მინიშნებითაც ვერ იტყვით, რომელ გუნდში შეიძლება გამოჩნდეს ომარ თეთრაძე მთავარი მწვრთნელის რანგში?
- ჯერ ამ საკითხზე, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებ, უფრო კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
- და საქართველოდან შემოთავაზებაც არ გგქონიათ?
- კატეგორიულად ვამბობ - არა.
ფრიდონ კერვალიშვილი