ახალი სეზონიდან, ქართველი ფეხბურთელებით “დახუნძლული” რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტი მახაჭყალის “ანჟის” მიმართ, შესაძლოა, ქართველთა ინტერესმა კიდევ მოიმატოს. ცნობილია, რომ დაღესტნურ კლუბს შვიდ ჩვენებურთან (ოთარ მარცვალაძე, სანდრო იაშვილი, კახა ალადაშვილი, გოჩა ხოჯავა, გიორგი ნავალოვსკი, ზურაბ არზიანი, ედიკ საჯაია) მოქმედი კონტრაქტები აკავშირებს. ამის მიუხედავად, რუსულ მედიასაშუალებათა მიერ გავრცელებული ინფორმაციებით, “ანჟის” თავკაცი, ომარ თეთრაძე, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, კიდევ რამდენიმე ქართველის დამატებას გეგმავს. სახელდება რუსულ კლუბებში გაწევრიანებული კონკრეტული ფეხბურთელებიც - ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით სირაძე (ორივე ნალჩიკის “სპარტაკი”), ნუკრი რევიშვილი (ყაზანის “რუბინი”).
“მსოფლიო სპორტი” დაღესტნელთა მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძეს დაუკავშირდა და მისგან კიდევ რამდენიმე ქართველისადმი ინტერესის რეალურობით დაინტერესდა.
- ბატონო ომარ, უკვე შეხვდით “ანჟის” პრეზიდენტ მაგომედ-სულთან მაგომედოვს?
- ჯერ არ შევხვედრივარ. ალბათ, იცით, რომ მაჰმადიანები ამ დღეებში ჰაჯზე მიემგზავრებიან და გამონაკლისი არც ჩვენი კლუბის პრეზიდენტია. იგი რუსეთიდან წასულია და ნოემბრის ბოლოს ბრუნდება. წინასწარი შეთანხმებით, ჩვენი შეხვედრა ბაქოში, 4 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.
- ვრცელდება ინფორმაციები, რომ ახალი სეზონიდან, შესაძლოა, “ანჟიში” კიდევ რამდენიმე ახალი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ. არადა, ჩვენთან ამასწინანდელ ინტერვიუში აღნიშნეთ - იმის გამო, რომ გუნდში ერთბაშად 7 ქართველი ირიცხება, დაღესტანში უკმაყოფილებას არ მალავენო.
- არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მერწმუნეთ, ვიდრე კლუბის პრეზიდენტს არ შევხვდები და არ დავილაპარაკებთ ახალ ბიუჯეტზე, მზად არ ვარ ჩემთვის სასურველ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები დავიწყო. თუ მათ რეალური რამ არ შევთავაზე, უსაგნო საუბარს აზრი არ აქვს. ასე რომ, ეს საკითხი მანამ გადაიდება, ვიდრე მაგომედოვს არ შევხვდები.
- განიხილავთ, თუ არა ასეთ ვარიანტს - ახალი შევსების მოლოდინში, ამ ეტაპზე, არასასურველი ფეხბურთელები, სხვა გუნდში იჯარის წესით გაასხვისოთ.
- ესეც შესაძლებელია, თუმცა, მოდით, ნუ ვიჩქარებთ. ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისი დამატება შეგვეძლება და მერე იმას გადავწყვეტთ, ვინ, სად და რა პირობებით გავასხვისოთ.
- დაღესტნელთა ინტერესებიც რომ არ შელახოთ, გყავთ ისეთი ადგილობრივი ფეხბურთელები, რომლებსაც რუსეთის პრემიერლიგაში სრულფასოვანი ასპარეზობა შეუძლიათ?
- მე კვლავ ჩემი უწინდელი მოსაზრების ერთგული ვრჩები. “ანჟიში” ფეხბურთს ითამაშებენ ისინი, ვინც იმსახურებენ ამას და მათი შესაძლებლობები შეესაბამება პრემიერლიგის მოთხოვნებს. ესენი ადგილობრივი ფეხბურთელები იქნებიან, ქართველები, თუ ბრაზილიელები, არ მაინტერესებს - მე მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ითამაშებს.
- გუნდი ახლა დათხოვილი გყავთ. ხელახლა როდის იკრიბებით?
- “ანჟი” 14 დეკემბერს შეიკრიბება და ამ დროისათვის, უკვე მეცოდინება, რა დონეზე შევძლებთ შევსებას ახალი საფეხბურთო სეზონისათვის.
ფრიდონ კერვალიშვილი