თეო უოლკოტისთვის 2014 წელი ძალიან ცუდად დაიწყო. “არსენალისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ის ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.
ასოციაციის თასზე, “ტოტენჰემთან” გამართულ შეხვედრაში (2:0), უოლკოტმა მუხლის ტრავმა მიიღო. თავდაპირველი პროგნოზის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელს 2 თვე უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მას ჯვარედინა მყესები აქვს დაზიანებული. უოლკოტს ოპერაცია და 6-თვიანი მკურნალობა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
თეო უოლკოტს მსოფლიოს ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია. 2006 წელს, იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯერ პერმიერლიგაშიც არ ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მას გერმანიაში გასამართ მუნდიალზე უხმეს, მაგრამ 17 წლის ფეხბურთელი მოედანზე არცერთხელ გასულა. 2010 წელს, ფაბიო კაპელომ, ბევრისთვის მოულოდნელად, “არსენალის” შემტევი მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დატოვა.