დასრულდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის თენგიზ სულაქველიძის სახელობის ტურნირი 2000 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობდა: A ჯგუფში იყვნენ ყაზახეთის “სპორტის რესპუბლიკური კოლეჯი” (სრკ), “მერანი” და “საბურთალო”, B ჯგუფში კი საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები, “დინამოს აკადემია” და თენგიზ სულაქველიძის აკადემია.
ჯგუფის მატჩები გლდანში რამაზ შენგელიას სახელობის აკადემიის მინდორზე და ასევე, “დინამოს აკადემიაზე” ტარდებოდა. ფინალი “საბურთალოს” ბენდელაზე გაიმართა.
ნახევარფინალში “დინამოს აკადემიამ” ყაზახებს სძლია, ხოლო 13-წლამდელთა ნაკრებმა “მერანი” დაამარცხა. ფინალში კი ნაკრებმა 2:0 აჯობა “დინამოს აკადემიას” და თასიც მოიპოვა. ამ ასაკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ კორღალიძეა. ნაკრების ძირითად ბირთვს ორი გუნდის, “დინამოს აკადემიისა” და “საბურთალოს” ბავშვები შეადგენენ.
ტურნირის ორგანიზატორი თენგიზ სულაქველიძის ვაჟი, თენგიზი გახლდათ. ფინალის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, დაჯილდოვდნენ პრიზიორი გუნდები (მესამეზე ყაზახური სრკ გავიდა), ხოლო “საბურთალომ”, “დინამოს აკადემიამ”, საფეხბურთო კლუბმა “მარკ სტარმა” და Open Fun Football-მა ინდივიდუალური პრიზები გადასცეს გამორჩეულ ფეხბურთელებს:
საუკეთესო მეკარე – ავთო ბულისკირია (დინამოს აკადემია), საუკეთესო მცველი – დიმაშ კაშკენი (სრკ), საუკეთესო ნახევარმცველი – ლაშა ნანობაშვილი (საბურთალო), საუკეთესო თავდამსხმელი – მაკიშ ჟაკიგამბაევი (სრკ), საუკეთესო “ათიანი” – ზუკა დავითაშვილი (დინამოს აკადემია), კლუბ “მარკ სტარის” რჩეული – დიმაშ კაშკენი (სრკ), მაყურებლის სიმპათიები – ნიკა ესიტაშვილი, გიგა ტოკლიკიშვილი (ორივე – მერანი), საუკეთესო ბომბარდირი – დავით ბაბუნაიძე (13-წლამდელთა ნაკრები), კახი ასათიანის პრიზი – ნიკა კოპალეიშვილი (თენგიზ სულაქველიძის აკადემია) და საუკეთესო ფეხბურთელი – შოთა ნონიკაშვილი (13-წლამდელთა ნაკრები).