ფეხბურთი

18:43 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

თენგიზ ჩიკვილაძე: "კალაძისა და კობიაშვილის იმედი მაქვს"

 საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლანჩხუთის "გურია" გუნდი-აღმოჩენაა. ჩემპიონატის დაწყებამდე დარწმუნებით იმის თქმაც ძნელი იყო, ითამაშებდა თუ ვერა "გურია" უმაღლესში, ახლა კი, ხედავთ – გუნდი მეოთხე ადგილზეა. ლანჩხუთელთა ერთ-ერთი ლიდერი და გამოცდილი ფეხბურთელი თენგიზ ჩიკვილაძეა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა წამყვან კლუბებში უთამაშია.

თუმცა, ამ ინტერვიუში დიდი ნაწილი დაეთმობა არა პირადად ჩიკვილაძის თამაშს და "გურიას", არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთში შექმნილ ცუდ მდგომარეობას. "გურიას" მცველი საინტერესო თემებს ეხება და შესაძლოა ვცდებით, მაგრამ ასე დასაბუთებით და თამამად ჩემპიონატის არცერთ ფეხბურთელს არ უსაუბრია:

თავიდან "გურიაზე".

- გასულ ტურში "სპარტაკთან" საჭირო თამაში მოვიგეთ. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა. გასვლაზე მოგება არ გვქონდა და ნავსი გავტეხეთ. უამინდობამ, ქარმა ხელი შეგვიშალა, მაგრამ მაინც გავიტანეთ გადამწყვეტი გოლი. მთლიანად განვლილ 9 ტურს რაც შეეხება, ბევრი არ ელოდა ჩვენგან ასეთ შედეგს. ფეხბურთი ცოტა ალოგიკური სპორტია, მაგრამ ვერცერთ მოგებულ მატჩზე ვერ ვიტყვი, რომ არ ვიმსახურებდით.

- თბილისის "დინამოსთან" მოგება მაინც სხვა იყო. "დინამოს" მარტო მონდომებით ვერ მოუგებ.

- მარტო მონდომება რომ შველოდეს, კლუბები ათეულობით მილიონს არ გადაიხდიდნენ ფეხბურთელებში. მოიყვანდნენ მონდომებულებს და ფულიც დაეზოგებოდათ. ვერც მარტო კლასით მოიგებ, თუ ჟინი არ გექნება. ორივე ერთად უნდა იყოს. "დინამოს" ჩვენთან მატჩამდე "ტოტენჰემთან" 0:5 ჰქონდა წაგებული, ცოტა დაძაბულები იყვნენ და თან, მათი რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებში იყო წასული. ეს მოქმედებდა. თუმცა, თამაში ისეთი იყო, მოგებას ვიმსახურებდით. სტატისტიკაც რომ ავიღოთ, კუთხურებში 9:1 იყო და კარში დარტყმები, თუ არ ვცდები 7:2. მართალია, "დინამომდე" "მერანს" მოვუგეთ, მაგრამ მაინც დინამოელებთან გამარჯვებამ ჩაგვისახა იმედი, რომ ძლიერ გუნდებთან შედეგის მიღწევა შეგვეძლო. სეზონის წინ ამაზე არავინ ფიქრობდა, ახლა კი რეალურად გაჩნდა ექვსეულში შესვლის შანსი. ბევრს ეგონა, რომ გასავარდნად განწირულები ვიყავით. მომდევნო მატჩი იქნება უშუალო კონკურენტთან – "ჩიხურასთან" გასვლაზე.

- ფინანსურად როგორი სიტუაციაა "გურიაში"?

- ნაწილობრივ დალაგდა. აქვე მინდა ვთქვა, რომ კლუბის პრეზიდენტ კობა მირზაშვილს ინსულტი დაემართა, რეანიმაციაში იწვა და ახლა პალატაში გადაიყვანეს. მარცხენა ხელი და ფეხი გაკავებული აქვს. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო მას. კობა მირზაშვილი დასთან ერთად ძალიან დაეხმარა "გურიას", ბევრი გააკეთა კლუბისთვის.

- მთლიანობაში, ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით? წინა წლებთან შედარებით მოისუსტებს?

- მინდა, ცოტა ვრცლად მოვყვე იმაზე, რაც რეალურად ჩანს: ის, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება, უპირველესად სახელმწიფოს ბრალია, მერე ფედერაციის, რადგან არ აქვთ გეგმა და არ სთხოვენ სახელმწიფოს და მერეა ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ბრალი. არაა ინფრასტრუქტურა და რით უნდა აიწიოს დონე. ახალი მთავრობის იმედი მაქვს: ზამთრიდან 35 მილიონით დაფინანსდება ფეხბურთიო და აქედან, 30 მილიონი უმაღლეს ლიგაზე დაიხარჯებაო. ანუ, თითო კლუბზე მილიონი ლარი. ადრე ესეც არ იყო...

- კარგა ხანია, ქართული ფეხბურთი და ბიზნესი ერთად ვერ ცხოვრობენ.

- სახელმწიფომ უნდა დააინტერესოს ბიზნესი, რომ ფული ჩადონ. ფეხბურთი ძვირი ფუფუნებაა, ფინანსების გარეშე არაფერი გამოდის. ადრე, 1964 და 1981 წლებში ამდენ ფულს არ ითხოვდა ფეხბურთი. ყველა სხვა წარმატებული ქვეყანაც ცოტას ხარჯავდა, საკმარისი იყო. და როცა დაახლოებით თანაბარი ფინანსები იყო, ქართველები სჯობდნენ სხვა ქვეყნებს. ახლა სხვები წინ წავიდნენ, ჩვენთან კი ყველაფერი გაჩერებულია. აბა, აზერბაიჯანელმა და ყაზახმა ფეხბურთში როგორ უნდა მოგიგოს? რუსი და უკრაინელიც ვერ გაჯობებს, მაგრამ პირობებში ისეთი განსხვავებაა, რომ გიგებს.

..."გურიას" მწვრთნელ რომან პოკორას სიტყვებს მოვიყვან, ქართველებს კავკასიელ ბრაზილიელებად მივიჩნევო. როგორც იცით, პოკორა "სიმურგში" მუშაობდა და გვეუბნება, იქ აუცილებლად მჭირდებოდა ლეგიონერები, საქართველოში კი არ მჭირდებაო. იმიტომ, რომ ქართველ ფეხბურთელებში გაცილებით დიდი ნიჭია, ვიდრე აზერბაიჯანელებში. ამ მხრივ შედარებაც უხერხულია, მაგრამ აზერბაიჯანში ყველაფერს აკეთებენ, რომ იმ უნიჭოსაც პირობები შეუქმნან, სწორად განავითარონ. ჩვენთან ბევრი ამბობს, ბავშვთა ფეხბურთია მთავარი პრობლემაო. გაანებონ თავი, ძალიან კარგი ბავშვები გვყავს და უცხოეთში როცა მიდიან,  მედლების გარეშე არ ჩამოდიან. უბრალოდ, არასწორად ანვითარებენ: 15 წლისამ, თუ ვუნდერკინდი არაა, უნდა ითამაშოს რეგიონალლიგაში, მერე ეტაპობრივად უნდა გადავიდეს პირველ ლიგაში და მერე უმაღლესში. პირველ ლიგაში კაცები თამაშობენ და 15 წლის ბავშვი იქ დაიკარგება. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ჯერ უმაღლეს ლიგაში რა პირობებია, მერე პირველ ლიგაში ხომ კატასტროფაა და რეგიონალლიგაში საერთოდ რა იქნება... არადა, აი სწორედ იქ უნდა ითამაშოს 15-16 წლისამ, მაგრამ რად გინდა, იქ ისეთი ამბებია, ვერ განვითარდება. ხომ მქონია შეხება უკრაინელ მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან: უკრაინის მესამე ლიგაშია ის პირობები, რაც საქართველოში უმაღლეს ლიგაშია – ოღონდ, "დინამოს" თუ გამოაკლებ. რა გასახდელებია, რა სტადიონებია... რაგბის საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ გასისინებული მინდორი რაგბს კი არა, უპირველესად ფეხბურთს სჭირდება. რაგბში ბურთის გაგორება არაა საჭირო.

...აზერბაიჯანზე გადავალ: იქ პრეზიდენტმა ალიევმა გადასახადები მოუხსნა ფეხბურთში საქმიანობის მსურველ ბიზნესმენებს. ერთ დღეს დაიბარეს ფეხბურთელები და 200 დოლარი რომ ჰქონდათ, 5000 გაუხადეს. ამიტომაცაა, რომ საკლუბო დონეზე არაფერს თუ არ წარმოადგენდნენ, გაგვისწრეს. ახლა სანაკრებო რეიტინგი ვნახე და იქაც ჩვენზე წინ ყოფილან. არადა, აზერბაიჯანელმა ქართველს ფეხბურთში როგორ უნდა მოუგოს, არ მესმის. ჩვენთან გაცილებით ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. ამიტომაც – სახელმწიფომ თუ არ მოინდომა, წინ არ წავა საქმე. ერთი-ორი ბიზნესმენი ვერ უშველის ამ ამბავს. მოვა, 1 წელი დახარჯავს, 5 წელი დახარჯავს და მოსწყინდება.

...პოლიტიკოსი, მმართველი ჯგუფის წარმომადგენელი რომ ვიყო, ქართული ფეხბურთის ნიჭს გამოვიყენებდი. ფეხბურთს ავაყვავებდი და ამით გავითქვამდი სახელს. აღარ იქნებოდა სულ პოლიტიკაზე საუბარი, სასიამოვნო საქმეს გავაკეთებდი. ვიცი, სხვა ქვეყნებში როგორი ბუმია და მათ შორის იქაც, სადაც ფეხბურთის ვერც სიყვარულში გაგვეჯიბრებოდნენ და ვერც ტრადიციებში. აქ კი ნელ-ნელა კლებულობს.

... კახა კალაძისა და ლევან კობიაშვილის იმედი მაქვს. ვფიქრობ, სწორედ კალაძის ინიციატივა უნდა იყოს, რომ ამხელა ფული შემოვა ქართულ ფეხბურთში. კალაძემ და კობიაშვილმა კარგად იციან, როგორ ხდება ფეხბურთის განვითარება, იტალიისა და გერმანიის მაგალითი წინ უდევთ. წავიკითხე კობიაშვილის ინტერვიუ, სადაც ის ჰყვება, როგორ დაიწყეს გერმანიაში ერთ დროს საფეხბურთო კრიზისიდან გამოსვლა, რომელიც დაახლოებით 2000 წელს ჰქონდათ. კი, ბატონო, ჩვენ არ ვართ გერმანია და იტალია, მაგრამ კახამ და ლევანმა ხომ იციან, როგორ უნდა შედგეს პროგრამა და როგორ შესრულდეს. აბა, სხვაგვარად ვიყინებით ერთ ადგილზე. მგონი, ყველაფერზე ვთქვი.

- 30 წლის ხართ, საქართველოში ტიტულები მოგიგიათ. გული არ გწყდებათ, რომ ეროვნულ ნაკრებში არ გითამაშიათ?

- ახალგაზრდულში ვიყავი, აი, ეროვნულში კი ერთხელ გამომიძახა თემურ ქეცბაიამ გაფართოებულ შემადგენლობაში. ალბათ, იმიტომ ვერ ვითამაშე, რომ საქართველოს ჩემპიონატში გამოვდიოდი. ახლა ესპანეთში რომ ითამაშა ნაკრებმა, ჩვენი ჩემპიონატის 5 ფეხბურთელი სასტარტოში იყო. ვერ ვიტყვი, რომ ნაკრებმა ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, ბოლოს და ბოლოს ესპანეთს ხვდებოდა. ამით რა დასკვნის გამოტანა შეიძლება? თურმე, აქაც შესაძლებელია ფეხბურთელების პოვნა. აი, მაგალითად, როცა ლეგიონერი ჩამოდის და კლუბში უთამაშებელია, ანუ ფორმაში არაა, ამ დროს უნდა გყავდეს საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლება მისი შეცვლა. მომზადებას კი სათამაშო პრაქტიკა იძლევა. აქ ფეხბურთელების დონე უფრო არის, ვიდრე ინფრასტრუქტურის. ისევ თავიანთი ნიჭით გააქვთ თავი ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, თორემ სხვა რა? ელემენტარულად ვერ გრძნობ, რომ ფეხბურთელი ხარ და სტადიონზე გადიხარ, საფეხბურთო აურაზე ხომ ლაპარაკიც არაა - გამონაკლისი 2-3 სტადიონია. ტიტულებზე მკითხეთ და ერთხელ ჩემპიონი გავხდი, 2-2-ჯერ კი თასი და სუპერთასი მოვიგე. საქართველოს თასის ზედიზედ 7 ფინალი მაქვს ნათამაშევი სხვადასხვა გუნდებში, რაც მგონი, რეკორდია... "ზესტაფონში", "ამერში", "ოლიმპში", "დინამოში", "ტორპედოში". აქედან, 'ამერში" 3 ფინალი ვითამაშე.      

- ყველაზე სასიამოვნოდ რომელ გუნდში ნათამაშევი პერიოდი გახსენდებათ?

- ალბათ, "დინამოსა" და "ტორპედოში".

- მცველის კვალობაზე გოლები საკმაოდ გაგქონდათ...

- ამ სეზონში ჯერ ერთი გოლი მაქვს გატანილი, ხოლო 3 თასზე.

- ბავშვთა ფეხბურთი ახსენეთ და სად დადიოდით?

- თავიდან "ავაზაში", შემდეგ "21-ე საუკუნეში", საიდანაც "ოლიმპიკში" გადავედი. კარლო მჭედლიძემ და მწვრთნელმა გიგლა იმნაძემ დიდი როლი ითამაშეს. თუ რამე ვითამაშე, მათი დიდი დამსახურებაა და მადლობელი ვარ. 

0.119089