ინტერვიუები

16:50 | 20.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

თემურ შალამბერიძე: “მარიტიმუ” არც “პორტუა” და არც “ბენფიკა”, მაგრამ ძლიერი გუნდია”

გორის “დილა” 21 აგვისტოს გამთენიისას გაფრინდება პორტუგალიაში, 23-ში კი ევროპის ლიგის ფლეი ოფის პირველ მატჩს ჩაატარებს “მარიტიმუსთან”. შეხსენებისთვის, ეს შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება. “მსოფლიო სპორტი” “დილას” მწვრთნელ თემურ შალამბერიძეს დაუკავშირდა და განვლილ მატჩებზე, ასევე სიახლეებზე ესაუბრა.

შალამბერიძისგან შევიტყვეთ, რომ შოთა გრიგალაშვილი უცხოეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას.
- რატომ არ იყვნენ “ჩიხურასთან” 2:3 წაგებულ მატჩში ალადაშვილი და გრიგალაშვილი? 
- ალადაშვილს კუნთი აქვს გაწყვეტილი, ხოლო გრიგალაშვილი უცხოეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას და მოვერიდეთ მის დაყენებას.
- “ჩიხურასთან” თამაში რაში შეუშლიდა ხელს გრიგალაშვილს? 
- შესაძლოა, არაფერში. უბრალოდ, “მარიტიმუსთან” მატჩისთვისაც შემოვინახეთ. 
- სად მიდის გრიგალაშვილი? 
- არ ვიცი, ვერ გეტყვით. 
- ალადაშვილი “მარიტიმუსთან” ვერც პორტუგალიაში ითამაშებს და ვერც თბილისში? 
- სამწუხაროდ, ორივე მატჩს გამოტოვებს. 
- კებეს შესაძლო დამატების საკითხი რა სტადიაშია?
- საუბარი მიმდინარეობს და ვნახოთ. 
- შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, ნუკრი რევიშვილი და ლაშა თოთაძე დაგემატოთ. 
- არც ერთზე არ ყოფილა საუბარი. 
- “მარიტიმუს” მატჩის ვიდეოფირი ნახეთ? რას იტყვით მეტოქეზე? 
- დიახ, ვნახე. “მარიტიმუ” არაა “პორტუ” და “ბენფიკა”, იმხელა კლასი არ აქვს, მაგრამ მაინც ძლიერი გუნდია. ტექნიკაც აქვთ, ძალისმიერი თამაშიც იციან და ტემპიც მაღალი აქვთ. 
- “ანორთოსისს” რომ შევადაროთ? 
- “ანორთოსისი” საკმაოდ ძლიერი გუნდია. გაამართლა იმან, რასაც ველოდი: პირველი გოლის გაშვების შემდეგ, “ანორთოსისი” იბნევა და თამაშს ვეღარ ატრიალებს. ეს გამოჩნდა კიდეც ლარნაკაში. ისე კი, “ანორთოსისი” ძლიერია. 
- ახლა კი ჩემპიონატში ცუდ დასაწყისზე. ორი მატჩი, ორი მარცხი – რისი ბრალია? 
- “ვიტ ჯორჯიასთან”, როგორც იცით, 7 ფეხბურთელი დავასვენეთ და ამანაც გამოიწვია მარცხი. აი, “ჩიხურასთან” რა მოხდა, დამაფიქრებელია: შესაძლოა, უიღბლობამ ითამაშა მთავარი როლი. ასევე, ეტყობა, ევროპის ლიგიდან ვერ გადმოერთო გუნდი საქართველოს ჩემპიონატზე. ფიქრებით “მარიტიმუსთან” იყვნენ. ეს აღარ უნდა დავუშვათ: ბიჭებმა არ უნდა იფიქრონ, რომ რადგან ევროპაში თამაშობენ, აქ ყველას იოლად დაამარცხებენ. იმედია, მომდევნო ტურიდან გამოსწორდება სიტუაცია.
 
და აქვე დავამატებთ, რომ ჯერაც არაა გარკვეული, იქნება თუ არა პირდაპირი ტელერეპორტაჟი პორტუგალიიდან. 
 
ილია ნანობაშვილი
0.125042