ინტერვიუები

12:54 | 10.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

თემურ შალამბერიძე: “გადამწყვეტი როლი ბიჭების თავდაჯერებამ ითამაშა”

გორის “დილამ” ფამაგუსტას “ანორთოსისი” სტუმრად 3:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა. კვიპროსიდან დაბრუნებულ გორელთა მთავარ მწვრთნელს თემურ შალამბერიძეს “მსოფლიო სპორტმა” ინტერვიუ ჩამოართვა.  
- “დილამ” გამარჯვებას რის ხარჯზე მიაღწია?
- მთავარი მონდომება იყო. მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს. ცოტა შეთამაშების პრობლემაა და როდესაც ესეც მოგვარდება, ძალიან ძლიერი გუნდი გვეყოლება, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერისთვის შეუძლია.
- შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ალბათ, თქვენ იმ გამონაკლისთა რიცხვს ეკუთვნოდი, ვისაც პირველ მატჩში წაგების მიუხედავად, გუნდის გამარჯვების ბოლომდე გჯეროდათ?
- რა თქმა უნდა, მჯეროდა. თამაშის წინა დღეს პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ ჩვენ ბიჭებს თამაშის შემოტრიალება შეუძლიათ-მეთქი და კვიპროსელმა ჟურნალისტებმა ირონიით შემომხედეს. როდესაც მოვიგეთ, მიხვდნენ, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ ვიყავით.
- თამაშში გადამწყვეტი რა აღმოჩნდა?
- გადამწყვეტი როლი ბიჭების თავდაჯერებამ ითამაშა. მათ ირწმუნეს, რომ შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება და “ანორთოსისი” ის გუნდი არ იყო, რომელსაც ვერ გავივლიდით. შესვენებაზე სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. გუნდი ერთ მუშტად შეიკრა და საკუთარი ძალა ირწმუნა.
- რა მოხდა იმ ეპიზოდში, როდესაც სტადიონზე არეულობა დაიწყო და მოედნის დატოვება მოიგიწიათ?
- მაყურებლები ტრიბუნების ერთი მხრიდან გადმოვიდნენ მოედანზე. მართალია, ჩვენ არ გვერჩოდნენ და თავისი გუნდი ფეხბურთელებისკენ იწევდნენ, მაგრამ მეორე მხრიდან რომ დაიწყეს გადმოსვლა მსაჯმა ორივე გუნდს მოედანი დაგვატოვებინა. გასახდელიდან არ გვიშვებდნენ და თბილისის დროით ღამის პირველ საათამდე სტადიონზე ვიმყოფებოდი. გვითხრეს, გარეთ ჩხუბია გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის, თან გზებიც გადაკეტილიაო. საბოლოოდ, მშვიდობით გამოვაღწიეთ. თამაში მასპინძლების მიზეზით შეწყდა და მე როგორც ვიცი ტექნიკური წაგება ჩაეთვლებათ 0:3.
- მართალია, “დილას” გამარჯვებაში წვლილი ყველა ფეხბურთელმა შეიტანა, მაგრამ მათე ვაწაძის თამაში მაინც გამოსარჩევია...
- ყველამ თავიის საქმე გააკეთა, ვისაც პასი უნდა მიეცა მისცა და ვისაც უნდა გაეტანა გაიტანა. თამაშის შემდეგ პრესკონფერენციზე მე და ვაწაძე ვიყავით და მათემ თქვა: “მარტო ერთი ფეხბურთელი არ იგებს თამაშს, არამედ მთელი გუნდიო”.
- გოგიტა გოგუას რამდენთამაშიანი დისკვალიფიკაცია აქვს?
- მე როგორც ვიცი ერთი. თუმცა, კლუბს ჯერ ოფიციალური შეტყობინება არ მოსვლია.  
- “ანორთოსისის” მწვრთნელი თუ მოვიდა პრესკონფერენციაზე და რა თქვა?
- თამაშის მერე, მათი მწვრთნელი საერთოდ არ მინახავს.
- ეროვნული ჩემპიონატი სტარტს იღებს და “დილას” მიზანი რაც იქნება ბევრი განსჯა არ ჭირდება...
- ასეთი ამბიციური გუნდის მიზანი ჩემპიონობა და თასის მოგებაა. ჩვენ 12 აგვისტოს ვთამაშობთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ამ მატჩს გადადებს, რადგან ბიჭები დაღლილები არიან როგორც ემოციურას, ასევე ამდენი მგზავრობით.


ლაშა თაბაგარი  



 

0.132841