თემურ შალამბერიძემ გორის “დილა” გაზაფხულზე ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე თამაში ფინალში უწევს. აქამდე, შალამბერიძე მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთში მუშაობდა და სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მსგავს საპასუხისმგებლო მატჩში პირველად მონაწილეობს. ფინალამდე “მსოფლიო სპორტი” გორელთა მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა და გაესაუბრა.
- როგორ ემზადება გუნდი მომავალი თამაშისთვის?
- გუშინ საღამოს შეკრებაზე სასტუმრო “თორში” გადავედით. აქამდე საგურამოში ვვარჯიშობდით, ხოლო გუშინ ეროვნული ნაკრების ბაზაზე ვივარჯიშეთ. დღეს, 18 საათზე ვარჯიში “მიხეილ მესხზე” გვექნება.
- ტრავმირებული ფეხბურთელები თუ გყავთ, რომლებიც ფინალში ვერ ითამაშებენ?
- ირაკლი ლექვთაძეს ერთი თვე გაუცდა. მას კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი და 10 დღეა, რაც ვარჯიში დაიწყო, მაგრამ თამაში არ ჩაუტარებია. ბოლომდე არ გვაქვს გადაწყვეტილი, შეძლებს თუ არა 20 წუთი ან ნახევარი საათი თამაშს. ვარჯიშობს გიორგი ილურიძე, რომელსაც ასევე ტრავმა ჰქონდა. “ტორპედოსთან” ბოლო მატჩში შეცვლაზე ვათამაშეთ, მაგრამ ორი ტაიმისთვის მზად არაა.
- როგორ შეაფასებთ მეტოქეს? წარმატების მისაღწევად რა უნდა დაუპირისპიროს “დილამ” “ზესტაფონს”?
- “ზესტაფონი” კარგი გუნდია და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ფეხბურთელები რამდენიმე წელიწადია, ერთად გამოდიან და შეთამაშებულები არიან. ძნელი მატჩი გველის. თამაში კონტრშეტევაზე უნდა ავაგოთ. კარგი იქნება, თუ მოედნის ცენტრში უპირატესობას მოვიპოვებთ. ამას თუ ვერ შევძლებთ, მაშინ კონტრშეტევაზე უნდა ვითამაშოთ.
- მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ლიგაზე თამაში გარანტირებული გაქვთ, ალბათ, მთავარი მიზანი მაინც საქართველოს თასის მოგებაა?
- თასის მოგება ყველას ოცნებაა. მით უმეტეს, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან “დილა” თასის მფლობელი არასოდეს ყოფილა. ამდენი ხანი ფინალისთვის ვემზადებოდით. შეამჩნევდით, რომ ჩემპიონატის ზოგიერთ მატჩში რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ, რათა ფინალისთვის სრულფასოვნად მომზადების საშუალება ჰქონოდათ.
- სეზონის დასრულების შემდეგ, “დილაში” მუშაობას გააგრძელებთ თუ ეს დიდწილად კონკრეტულად თასის ფინალის შედეგზე იქნება დამოკიდებული?
- გუნდში დარჩენა კონკრეტულ შედეგზე დამოკიდებული არაა. ფინალის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები და დავილაპარაკებთ, რა და როგორ იქნება. ჩემთვისაც საინტერესოა.
ლაშა თაბაგარი