ფეხბურთი

20:40 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია – ყაზახეთთან პარალელზე, კატასტროფულ მდგომარეობაზე, შემტევ ფეხბურთსა და ლევან ყენიაზე

 მოახლოვდა საფრანგეთთან და ფინეთთან სანაკრებო მატჩები. თემურ ქეცბაიას გუნდმა ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” შეკრება დაიწყო და საღამოს 6 საათზე ივარჯიშა, მანამდე კი ნაკრების მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სიაში კიდევ ერთი ცვლილებაა: ლევან მჭედლიძე დაშავებულია და მის ნაცვლად გამოძახებულია გორის “დილას” ფორვარდი ირაკლი მოდებაძე. მანამდე, გეცოდინებათ, დავით კვირკველიასა და გიორგი ილურიძის ნაცვლად, გიორგი ფოფხაძე და გრიგოლ დოლიძე გამოიძახა ქეცბაიამ. 

თემურ ქეცბაია: პირველად არ ხდება, რომ ფეხბურთელები გვაკლდებიან. ეს ნორმალურიცაა, რადგან შემადგენლობას 2 კვირით ადრე ვაცხადებთ. სამწუხაროა დანაკლისი, მაგრამ მეორეს მხრივ, მათ ნაცვლად გამოძახებულ ფეხბურთელებს ეძლევათ შანსი. ორი რთული მატჩისთვის ვემზადებით და იმედია, გულშემატკივრებიც მრავლად მოვლენ სტადიონზე. რეალური შანსია იმისა, რომ ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავოს ჯგუფში. მესმის, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ თუ მოვახერხეთ, ეს ბიჭების დიდი დამსახურება იქნება. საყურადღებოა, რომ მომდევნო შესარჩევში ჯგუფში მესამე ადგილზე გასული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი ოფში ითამაშებს.

- ნაკრების ორ წამყვან შემტევს, თორნიკე ოქრიაშვილსა და დავით თარგამაძეს ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა მოაკლდათ კლუბში...  

- სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ. ზოგადად, ასეთი შემთხვევა ქართველ ფეხბურთელებში არაერთია. მაგალითად, სანდრო კობახიძე შეცვლაზეც კი არ შეჰყავთ “დნიპროში”, მაგრამ ნაკრებში ყველაფერს დებს და ერთ-ერთი საუკეთესოა.

- რას იტყვით ქართული კლუბების მიერ ევროტურნირებზე ნაჩვენებ შედეგზე? რისი ბრალია ამგვარი შედეგი პლეი ოფში?

- საქართველოში, მგონი, არავინ უსწორებს თვალს რეალობას. ეს არის ჩვენი ადგილი, თავს ზემოთ ძალა არაა. პლეი ოფში საერთო ჯამში 0:12 წააგეს ქართულმა კლუბებმა, ბევრი კი გამოდის და თვითკმაყოფილი ამბობს, დონე მაღლა იწევსო. არ მოტყუვდეთ ხალხო. არც არავის მოუყვეთ ზღაპრები. დღეს ქართულ ფეხბურთში კატასტროფული მდგომარეობაა და ის ხალხი თუ არ ჩაერთო, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ ამის გამოსწორება, არაფერი გვეშველება. “დილას” თამაშზე 20000 კაცი მოვიდა სტადიონზე, 10000 კი გარეთ იდგა. მითხარით, სპორტის რომელ სახეობას, ან რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია 30000 კაცის გარეთ გამოყვანა? გაუფრთხილდნენ ფეხბურთს, თორემ სხვაგვარად საშველი არ იქნება.

- თქვენ არ გქონიათ ამაზე საუბარი შესაბამის სტრუქტურებთან?

- ვინ მისმენს? ხომ ვთქვი, ეს ნიჭიერი ახალგაზრდები ათამაშეთ-მეთქი. ყურად არ იღეს. ამით კი რა ხდება? დაატარებენ ამ ბიჭებს მთელ ევროპაში გასინჯვაზე. სულ ცოტა მაინც რომ გაკეთდეს ფეხბურთისთვის, სულ ცოტა, ის მაინც ხომ შეიძლება. დღეს ევროპაში რეალურად არავინ იცნობს ქართველ ფეხბურთელებს. თითზე ჩამოსათვლელი ფეხბურთელების გარდა, ყველანი რუსეთში, უკრაინაში, ან აზერბაიჯანში არიან.

- ჩვენში სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის დახმარება ბევრმა აღიქვა კომუნისტურ მეთოდად. არადა, ვიცით, რომ მაგალითად, კვიპროსშიც ასეა.       

- ამ დროს კვიპროსს ისე, სასხვათაშორისოდ უყურებენ. რა კვიპროსი, რის კვიპროსიო, ამბობენ. არადა, ჩემპიონთა ლიგაა თუ ევროპის ლიგა, ჯგუფში შედიან. ყაზახეთის მაგალითი ავიღოთ: მთავრობა წლიურად სამ მილიონს აძლევს თითო კლუბს, მთლიანად სპორტში კი მილიარდს დებს. აქ მილიარდს არავინ ითხოვს, მაგრამ სულ ცოტა რაღაც ხომ შეიძლება გაკეთდეს? ადრე იყო საუბარი, ვერ აკეთებენ ვერაფერს, რადგან მთავრობის ეშინიათო. ხომ შეიცვალა ეს მთავრობა? ახლა ხომ აღარ ეშინია არავის არავისი.

- საფრანგეთის ნაკრებთან გელით პირველი მატჩი. ბოლოს საქართველო ფრანგებს შინ 2006 წელს შეხვდა და უშანსოდ წააგო. მაშინდელ და ახლანდელ საფრანგეთს როგორ შეადარებდით?

- მაშინდელთან პარალელის გავლებას არ დავიწყებ. ვიცით, რომ რთული მატჩი გვექნება და არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ხალხს პირველივე წუთებიდან სტადიონიდან წასვლის სურვილი გავუჩინოთ. მაგალითად, ესპანეთთან როგორი თამაში იყო – მხარში გვედგნენ. საერთოდ, შინ სხვაგვარად ვთამაშობთ, გულშემატკივრის ფაქტორი გვეხმარება. მაგრამ ისიცაა, რომ შინ ნაკლებ მატჩს ვატარებთ, ვიდრე გასვლაზე. რას იზამ, ძალით ვერავის ჩამოვიყვანთ თბილისში სათამაშოდ.

აქვე ვიტყვი შემტევ ფეხბურთზეც, რომელზეც ბევრი ამახვილებს ყურადღებას. სიმართლე გითხრათ, პრესის მხრიდან კრიტიკა იმდენად არ მაწუხებდა, რამდენადაც ზოგიერთი ფეხბურთელის გამონათქვამი, შეტევაზე არ ვაკეთებთ აქცენტსო. აგერ, ყაზახეთთან 5 შემტევი დავაყენე, მაგრამ რად გინდა, როცა უკან ჩამოსვლას ვერ ასწრებს კაცი. მე თვითონ, როგორც ფეხბურთელს, არასოდეს მითამაშია დაცვაში, შემტევი ვიყავი და 150 გოლი გამიტანია. გგონიათ, მე მიხარია დაცვაში ყოფნა? მაგრამ ვავლებ პარალელებს, ვის ვეთამაშებით, სად გვაქვს მატჩი, რა შეგვიძლია და რა – არა. 

- ალექსანდრე ჩივაძის ნაკრები კარგ შედეგს აჩვენებს. ამ გუნდის ფეხბურთელებს რამდენად აქტიურად აკვირდებით და ხომ არ უნდა ველოდოთ მომდევმო მატჩებში მათ გამოძახებას?

- ვაკვირდები კი არა, უცხოეთში დავდივარ და ვესწრები მათ თამაშებს. არა მხოლოდ 21, არამედ 17 და 19-წლამდელებსაც. ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელიც დაწინაურდა და შესაძლოა, მომდევნო მატჩებშიც დაემატონ, რატომაც არა... ვინც ღირსი იქნება, ის ითამაშებს.

- გასაგებია, თუ რატომ არაა სიაში ლევან ყენია. ჩავთვალოთ, რომ სანამ ნაკრების მწვრთნელი ხართ, მას არ გამოიძახებთ?

- რატომ არის გასაგები?

- კონფლიქტის გამო.

- გეტყვით: ყენია, არა მხოლოდ როგორც პიროვნება, როგორც ფეხბურთელიც არ გვაკმაყოფილებს. გვყავს მასზე უკეთესები. ეროვნული ნაკრები ის ადგილი არაა, ვისაც როდის უნდა, მაშინ ჩამოვიდეს. როცა თვითონ დასჭირდება, ან რომელიმე კლუბიდან აკვირდებიან, მაშინ ჩამოვიდეს – ასე არ იქნება. ცივს კი არა, თუ უნდა მდუღარე წყალსაც დავლევ, როცა საქმე ნაკრებს ეხება, მაგრამ სწორია მისი საქციელი? თქვენ პრესკონფერენციაზე რომ გაგზავნიან და არ წახვალთ, უფროსი თუ დაგირეკავთ და ეტყვით, სხვა საქმე მქონდაო, გაგაჩერებთ სამსახურში? ვინმე გაიყიდოს და იმიტომ ვათამაშო? ასე არ მოხდება. აქ, იცით, 16-17 წლის ბიჭებს ათამაშებდნენ ნაკრებში, რომ გაეყიდათ. 16-17 წლის ბიჭებს! და ამ დროს საუკეთესო ფეხბურთელებს არ იძახებდნენ. ჩემთან ასე არასოდეს მოხდება. 

0.189584