ფეხბურთი

0:55 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “ხიზანიშვილი ავტობუსში არ ამოვიდა”

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თბილისში, “დინამო არენაზე” ფინეთის ნაკრებთან წაგების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი შეგირდები ზედიზედ ორი თამაშის ჩასატარებლად ფიზიკურად მზად არ აღმოჩნდნენ.

თემურ ქეცბაია: “სამწუხაროა, რომ ამ შესარჩევ ციკლში ბოლო საშინაო თამაში წარუმატებლად დავამთავრეთ. თუ მოგებას არ ვიმსახურებდით, არც წაგება გვეკუთვნოდა. ჩვენთვის ზედიზედ ორი თამაში მეტისმეტი აღმოჩნდა, რადგან ფიზიკურად მზად არ ვიყავით. ერთი თამაში დაგვრჩა ესპანეთში და დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ”.

- ფიზიკური მომზადების გარდა, ნაკრებს ფინეთთან თამაშში წარმატების მისაღწევად კიდევ რა დააკლდა?

- გვაკლია ის, რაც დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტი შემქნელი ფეხბურთელი გვჭირდება, რომლებიც მეტს გააკეთებენ. ეს პრობლემა გვაქვს. ზოგი თამაშობს თავის კლუბში, ზოგი სკამზე ზის, ზოგი – ტრიბუნაზე. თუმცა, ნაკრებში როდესაც გიძახებენ ყველაფერი უნდა გააკეთო და სირბილის თავი მაინც უნდა გქონდეს. დღევანდელი ფეხბურთი დინამიკაა. თუ არ ირბენ, არ იმოძრავებ, ნაკრების დონეზე თამაში ძალიან ძნელია.

- ჯანო ანანიძე ვერც საფრანგეთთან და ვერც ფინეთთან მატჩში ფიზიკურად სათანადოდ აშკარად ვერ გამოიყურებოდა...

- გეთანხმებით, ისეთი ფეხბურთელებისგან როგორც ჯანოა, ოქრიაშვილი, თარგამაძეა რაღაცას ელოდები. თუმცა, ჯანომ ორი თამაში ჩაატარა და სამწუხაროდ, სახიფათო მომენტის შექმნაც ვერ მოახერხა.  

- მატჩის არბიტრზე რას იტყვით?

- ეს მსაჯი იყო, როდესაც ორი წლის წინ სახლში ლატვიასთან წავაგეთ. თამაშამდე ამ მსაჯის დიდი შიში მქონდა. იმასაც ვაპირებდით, რომ უეფასთვის მიგვემართა და არბიტრი შეეცვალა. ამ მსაჯთან დიდი ხანია პრობლემები მაქვს. როდესაც ვთამაშობდი, კვიპროსის ჩემპიონები ვხდებოდით და არაფრისგან თამაში ჩაშალა. ამდენი ხანია იმ ქვეყანაში ვცხოვრობ და მისთვის რაღაც გამიკეთებია. იმდენს მაინც ვიმსახურებდი, რომ 50/50-ზე ემსაჯა. ასეთ პენალტს სახლში არავინ დებს.

- საქართველოსა და ფინეთის ჩემპიონატები რომ ავიღოთ, რამდენად სამართლიანად განაწილდა შესარჩევ ჯგუფში ადგილები?

- ჩვენ ბევრს ვითხოვთ ფეხბურთისგან. სხვაობა ისაა, რა გვინდა და რას ვაკეთებთ. მგონი ფინეთის ნაკრებში ადგილობრივი ჩემპიონატიდან ფეხბურთელი საერთოდ არ არის. ჩვენ მიჩვეული ვართ კარგ ფეხბურთს, რომელიც 30 წლის წინ იყო. 4 წელია ვიძახი, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. ეს პლეადა რომ წავა, მერე ვინ მოვა? ის ბიჭები რომლებიც იტალიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, შოტლანდიაში თამაშობდნენ, წავიდნენ და ვიღაცას ხომ უნდა შეეცვალა. საფრანგეთის ნაკრები 2-3-ჯერ ძლიერია ვიდრე “ტოტენჰემი”. იგივე ფინეთის ნაკრები გაცილებით ძლიერია “რაპიდზე”. ევროთასებზე რომ ვერ ვაღწევთ შედეგს, სანაკრებო დონეზე როგორ მივაღწევთ? ჩვენ გავიზარდეთ მსოფლიო დონის ფეხბურთელების გვერდით. ისინი წავიდნენ და ჩვენც რაღაც დონე ვითამაშეთ. მომავალში რაღაც თუ არ გაკეთდა, ძალიან ძნელი იქნება. საქართველოც არაა როგორც ქვეყანა ფინეთის დონეზე. სად ფინეთის ცხოვრების დონე და სად საქართველოსი. ჩვენ გვგონია, რომ 11/11-ზე უნდა გავიდეთ და აუცილებლად მოვიგოთ. ხალხი ფეხბურთში მილიონებსა და მილიარდებს დებს და ვერაფერს აღწევს. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ და ბევრს ვითხოვთ.

- მთავარი მწვრთნელის თუ ფეხბურთელების შეცდომა იყო, რომ გუნდმა ჯგუფში დაგეგმილი მე-3 ადგილი ვერ აიღო?

- გეგმა გვქონდა, ყველაფერი გაგვეკეთებინა, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელები მომავალი შესარჩევი ციკლისთვის მოგვემზადებინა. გვინდოდა, რომ ჯგუფში მე-3 ადგილი დაგვეკავებინა. თუმცა, ის არ გვითქვამს, რომ მე-3 ადგილს ნაღდად დავიკავებდით და ფინეთზე უკეთესი გუნდი ვართ. მთავარი იყო გუნდი მოგვემზადებინა, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მე-3 ადგილი დავიკავოთ, რაც პლეი ოფში თამაშის საშუელბას იძლევა. ალბათ, მეც დავუშვი რაღაც უზუსტობა. შეცდომას ყველა უშვებს. არ მგონია, ჩემი შეცდომის გამო, ჯგუფში პირველი, მეორე ან მესამე ადგილი ვერ დავიკავეთ. ეს გუნდი რომ ჩავიბარეთ, ჯგუფში მე-6 ადგილზე იყო. წინა შესარჩევ ციკლში მე-5 ადგილი დავიკავეთ. ახლა მე-4-ზე გავედით. იმედია, მომავალ შესარჩევში მე-3 ადგილზე გავალთ და ე.ი. რაღაც გავაკეთეთ.

- გუნდი ტაქტიკურად არ იყო მომზადებული თუ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა?

- ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია. როდესაც საფრანგეთთან თამაშობ და რეაბილიტაციას ვერ ახდენ, მეორე თამაშის ჩატარება რთულია. ფინეთთან მოგება გვინდოდა და 0:0-ზე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

- ხიზანიშვილი განაცხადში საერთოდ რატომ არ იყო?

- ხიზანიშვილი ავტობუსში არ ამოვიდა. ძირითადში რომ არ იყო, ეტყობა, ეწყინა და არ ამოვიდა. 

 

  

0.186702