ფეხბურთი

2:25 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “ვეცდებით, ესპანეთთან თბილისური მატჩის მსგავსად ვითამაშოთ”

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების წინასამატჩო ვარჯიშები ალბასეტეს კარლოს ბელმონტეს სახელობის სტადიონზე გაიმართა. საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ ქალაქში უკვე 6 დღეა იმყოფება, დელ ბოსკეს გუნდი კი, როგორც გუშინ გამცნეთ, ბელარუსთან მატჩის შემდეგ, მალიორკადან ჯერ მადრიდში ჩავიდა.

შესარჩევის ბოლო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები მიმდინარე ციკლში ყველაზე გადახალისებული შემადგენლობით ატარებს. ფეხბურთელები, რომლებიც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ (კანკავა, თარგამაძე, ამისულაშვილი, გრიგალავა, ოქრიაშვილი, ანანიძე), სხვადასხვა მიზეზების გამო, ნაკრებს ესპანეთთან ვერ დაეხმარებიან. ის ფეხბურთელები კი, რომლებიც ნაკრებში პირველად მოხვდნენ ან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქვეყნის პირველ გუნდში დაბრუნდნენ, ოპტიმალურ ფორმაში არიან.

მატჩისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, თემურ ქეცბაიამ მედიასთან ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა: “დიდი დანაკლისია იმ ფეხბურთელების არყოფნა, რომლებიც ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ისინი კი, ვინც ახლა ჩვენთან არიან, კარგად მოემზადნენ. ვეცდებით, ახლაც ისე ვითამაშოთ ესპანეთთან, როგორც ეს თბილისში, პირველ შეხვედრაში იყო. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ეს რთული იქნება, მაგრამ შანსის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით. ყველამ კარგად იცის, რომ დღეს ესპანეთი საუკეთესოა და ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზეც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება“ – განაცხადა ქეცბაიამ.

როგორც ვთქვით, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მატჩით, საქართველო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ასრულებს. ჩვენი მეტოქე – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი კი, ხვალიდან უკვე მსოფლიო თასისთვის მოემზადება.

ესპანელებმა შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩის მასპინძელ ქალაქად ალბასეტე შეარჩიეს, სადაც მსოფლიო გრანდმა ბოლოს 2008 წელს ითამაშა. 5 წლის წინ, ესპანეთმა აქ სომხეთი დაამარცხა – 4:0 და ამის შემდეგ, მათ მსოფლიო თასი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგეს, 2012 წელს კი, ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტული კიდევ ერთხელ მიიღეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოგებული თასებით ალბასეტეს ცენტრალურ სკვერში სპეციალური ღონისძიება მოაწყო, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. თითოეულ გულშემატკივარს თასებთან ფოტოების გადაღება და ფავორიტი ნაკრების ატრიბუტიკის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია.

მთელი დღის განმავლობაში, ეს ღონისძიება ალბასეტეში ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული იყო. საღამოს კი, როცა საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს ასრულებდა, ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივრები სტადიონზე შეუშვეს. ესპანელებმა მოედანი ჩვენი ვარჯიშის დამთავრების შემდეგ დაიკავეს და სტადიონი ზუსტად 15 წუთში შეივსო.

საფეხბურთო არენაზე შესვლა, დაახლოებით, 18 ათასმა გულშემატკივარმა შეძლო. 10 ათასამდე ქომაგი კი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩა. მათი ერთადერთი იმედი მატჩზე დასწრებაა, ბილეთების უმეტესი ნაწილის ფასი კი, 50 ევროა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ გასვლით მატჩზე დასწრების შესაძლებლობა, კვლავ არ აქვს ქართული მედიის არც ერთ წარმომადგენელს. ალბასეტეში არსებული საფეხბურთო გარემო კი, მედიის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს – ჩვენი ქვეყნის პირველი ნაკრები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო თასები, სწორედ, ესპანეთის ერთ პატარა ქალაქშია თავმოყრილი.

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

 

სფფ-ის პრესსამსახური

ალბასეტე, ესპანეთი

0.131572