საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ვარშავაში გამართულ ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის წილისყრას დიდად არც აღუფრთოვანებია და არც გაუწბილებია. ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი, ლატვია, მალტა – საერთო აზრით, “მონსტრი” ჯგუფი ნამდვილად არაა, მაგრამ ქეცბაიამ იცის, რომ საქმე საქართველოს ნაკრებთან აქვს, რომელმაც გასულ შესარჩევ ციკლში ერთი მოგებაც კი ვერ მიითვალა. ამიტომ...
“საკმაოდ ძნელი მატჩები გველის. დარწმუნებული ვარ, წილისყრის დასრულებისთანავე, საქართველოში ბევრმა თქვა, ამ ჯგუფიდან ვერგასვლა კატასტროფა იქნებაო. ზედმეტი თავდაჯერებულობა არ ივარგებს. ისე კი, თუ ყველა მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯებით, შესაძლოა, ნატვრა აგვიხდეს” – ეს თემურ ქეცბაიას სიტყვებია, რომელიც “მსოფლიო სპორტთან” საუბარში თქვა.
ქეცბაიას ვარშავაში დავუკავშირდით და აქვე, ინტერვიუც:
- უწინარესად, ჯგუფის შეფასებას გთხოვთ.
- გრანდები აგვცდნენ. საუბარი მაქვს უპირველეს გუნდებზე, როგორებიც არიან ესპანეთი, ჰოლანდია ან სხვები. თუმცა, ხორვატიაც და საბერძნეთიც დიდად არ ჩამორჩებიან მათ - ბევრჯერ უთამაშიათ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ჯგუფს გამორჩეული ფავორიტი არ ჰყავს და ეს თითქოს კარგია, მაგრამ შეიძლება ცუდიც იყოს – უფრო მძიმე ბრძოლები იქნება, რადგან ახლა ჯგუფის ყველა ნაკრები უფრო იმედიანადაა შემართული.
- კარგა ხანი საბერძნეთის აეკ-ში ითამაშეთ და პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მთავარი მწვრთნელიც იყავით. გესიამოვნათ, საბერძნეთი რომ მოხვდა ჩვენს ჯგუფში?
- სიმართლე გითხრათ, კი. საბერძნეთს და იქაურ ფეხბურთს კარგად ვიცნობ. მართალია, დღეს მათ ისეთი ძლიერი ნაკრები აღარ ჰყავთ, როგორც 2004 წელს, მაგრამ ვინ იტყვის, რომ საბერძნეთი თუნდაც გრანდებისთვის იოლი დასამარცხებელია? ისინი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც თამაშობდნენ და წლეულს სამხრეთ აფრიკაში მუნდიალზეც მიდიან, აქედანაც ჩანს, რა დონის ნაკრებთან მოგვიწევს ბრძოლა.
- ჯგუფის მთავარ ფავორიტადაც საბერძნეთი მიგაჩნიათ?
- საბერძნეთი ერთადერთია ჩვენს ჯგუფში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ხორვატიაზე ძლიერია. დაახლოებით, თანაბარი დონის ნაკრებები არიან და სწორედ ეს ორნი მიმაჩნია ფავორიტებად. რუსეთს თუ არ ჩავთვლით, პირველი კალათიდან მხოლოდ ხორვატია იყო, რომელმაც მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვა. ეს ფაქტია, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ და არავინ იცის, რა დონის ნაკრები ეყოლებათ ხორვატებს შესარჩევ ციკლში.
- რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევში?
- დარწმუნებული ვარ, საქართველოში უკვე საუბრობენ, თუ ჯგუფიდან ვერ გავალთ, კატასტროფა იქნებაო. ვინც ასე ამბობს, გაიხსენოს, სულ რამდენიმე თვის წინათ, ჩვენი ნაკრები ჩავიდა მალტაზე და 0:2 წააგო. მაგრამ მე არც ზედმეტად აღფრთოვანება მომწონს და არც უიმედობა. თუ ჯგუფის ათივე მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯებით, რაღაც შეიძლება მოხდეს, ანუ ნატვრა აგვისრულდეს. ერთს ვიტყვი: ნამდვილად არ შეგვხვდა ისეთი ჯგუფი, სადაც ბრძოლა არ შეიძლება.
- როგორც შევიტყვეთ, ჯგუფის კალენდარი საბერძნეთში შედგება. თუ არადა, უეფა შეადგენს...
- დიახ. კალენდარი 9 მარტს გამზადებული უნდა იყოს. ეს ბოლო ვადაა. მანამდე, შვიდ მარტს ათენში შევიკრიბებით ექვსივე ნაკრების წარმომადგენლები და თუ ვერ შევთანხმდებით, უეფა შეგვიდგენს.
- ალბათ, კალენდრის თქვენეული ვარიანტი ახლავე მოფიქრებული გაქვთ. რომელ მეტოქესთან მატჩით გსურთ ციკლის დაწყება და შინ გირჩევნიათ სტარტი თუ სტუმრად?
- პირველ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესარჩევი ციკლის კარგად დაწყება ძალიან ბევრს ნიშნავს. მეტოქეს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ კარგი იქნება, თუ პირველი თამაში შინ გვექნება.
- სამ მარტს, თბილისში, ესტონეთის ნაკრებთან შედგება თქვენი დებიუტი საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში. შე-მადგენლობას როდის დაასახელებთ?
- ახლა კვიპროსზე, ჩემს სახლში ჩავალ და ყველაზე მეტი, ერთ კვირაში გამოვაცხადებ შემადგენლობას.
- მოკლედ შეგიძლიათ გვითხრათ, იქნება თუ არა ნაკრებში ბევრი ახალი სახე? ანუ ისეთები, რომლებსაც ექტორ რაულ კუპერი არ იძახებდა.
- ჯერ ვერ გეტყვით. ცოტაც მოვიცადოთ.
- და ერთიც, წილისყრის შემდეგ, რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელთან ხომ არ გისაუბრიათ ამხანაგური მატჩის გამართვაზე?
- არა. თუმცა, შესარჩევი ციკლის დაწყებამდე მხოლოდ ესტონეთით რომ არ შემოვიფარგლებით, ეს ცხადია. კონკრეტული მეტოქეეები კი, ჯერ უცნობია. ალბათ, ამ დღეებში დავილაპარაკებთ ამ თემაზე.
ილია ნანობაშვილი