"ესპანეთის ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. არიან ნაკრებები, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ არ აქვთ ის ხარისხი, რაც ესპანელებს. ეს ნაკრები მხოლოდ იმიტომ კი არაა ძლიერი, რომ დიდ ტურნირებს იგებს, არამედ იმიტომაც, რომ თითოეულ მატჩში ამტკიცებს თავის უმაღლეს კლასს. სიტყვები არ მყოფნის, რას ვიგრძნობ, თუკი ესპანელებს მისსავე სტადიონზე მოვუგებთ. თუმცა, ძალიან კარგად ვიცი, რომ ფრეც კარგი შედეგი იქნება" – ეს თემურ ქეცბაიას ნაუბარია, რომელიც ესპანურ პრესაში გამოქვეყნდა.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრები ესპანეთში ვარჯიშობს და 15 ოქტომბერს ელის მუნდიალის შესარჩევის ბოლო მატჩი მსოფლიოს N1 ნაკრებთან, რომელმაც ბოლო სამი დიდი ტურნირი მოიგო. შეხვედრა ალბასეტეში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ანდრეს ინიესტას დახასიათება სთხოვეს, რაზეც უპასუხა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიაჩნია. როგორც იცით, ალბასეტე ინიესტას მშობლიური ქალაქია და მას აღმერთებენ.
ქეცბაიამ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ესპანეთისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის.
"ჩვენი ლიგა სუსტია და ფეხბურთელები უცხოეთში მიდან სათამაშოდ".
საქართველოს ნაკრების თავკაცმა აღნიშნა, რომ ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების გამო, ძირითადის 6 ფეხბურთელი აკლია და ამ ეტაპზე ბევრი მოთამაშე ჰყავს საქართველოს კლუბებიდან.
"მოლოდინი? გვსურს, რომ ამ ფეხბურთელებმა სამუშაო გასწიონ და კარგად ითამაშონ. საქართველოს კარგი ახალგაზრდები ჰყავს და ისინი ესპანეთის პრიმერაში თუ არა, სეგუნდა დივიზიონშიც რომ მოხვდნენ, უკვე კარგი იქნებოდა".