ინტერვიუები

17:32 | 6.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია კვიპროსული საკლუბო ფეხბურთის ფენომენზე: "მხოლოდ იღბალში არაა საქმე"

რამდენიმე დღის წინ "მსოფლიო სპორტმა" თემურ ქეცბაისთან ინტერვიუ შემოგთავაზათ, სადაც საუბარი, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების თემას შეეხო და ასევე, განზე ვერ დარჩებოდა გარი სპიდის თემაც. უელსის ნაკრების აწ გარდაცვლილი მწვრთნელი ხომ ქეცბაიას თანაგუნდელი გახლდათ "ნიუკასლში" და არა მხოლოდ თანაგუნდელი – ისინი მეგობრობდნენ.
ახლა კი გთავაზობთ ქეცბაიასთან ინტერვიუს, რომელიც რუსულმა Eurosport-მა გამოაქვეყნა. ჟურნალისტი "ჯვაროსნების" თავკაცს კვიპროსულ აპოელ-ზე ესაუბრა – ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენაზე, რომელსაც ჯგუფში ერთი მატჩიც არ წაუგია და მერვედფინალის საგზური უკვე გაინაღდა. გეცოდინებათ, პირველი კვიპროსული გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დააჭაშნიკა, ქეცბაიას გაწვრთნილი "ანორთოსისი" იყო. თემური კვიპროსზე ცხოვრობს, კარგად იცნობს იქაურ ფეხბურთს და ამდენად, Eurosport-მა ქეცბაიას კანდიდატურა ზუსტად შეარჩია.
- სამი წლის წინათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი კვიპროსული კლუბი მოხვდა – თქვენი გაწვრთნილი "ანორთოსისი". ახლა კი აპოელ-ი ლიდერობს თავის ჯგუფს. კვიპროსული საკლუბო ფეხბურთის ფენომენთან გვაქვს საქმე?
- მას შემდეგ, რაც კვიპროსი ევროკავშირში შევიდა, კლუბებმა უცხოური ფეხბურთელების მოყვანა თამამად დაიწყეს. როდესაც მე ჩავედი კვიპროსზე სათამაშოდ, მაშინ ასეთი პირობები არ არსებობდა. ახლა აქ 5-6 კლუბი მაღალ პროფესიულ დონეზე მუშაობს. აი, თუნდაც სამი წლის წინ კი ასე არ ხდებოდა. თუმცა, იმ დროს უფრო ძნელი იყო ლიგის ჯფუფურ ეტაპზე მოხვედრა. მიშელ პლატინის რეფორმების შემდეგ (ჩემპიონთა და არაჩემპიონთა დაყოფა საკვალიფიკაციო ეტაპებზე) კი, შედარებით გაიოლდა. დიდი როლი ითამაშა კვიპროსულ კლუბებში კარგი უცხოელი ფეხბურთელებისა და ძლიერი მწვრთნელების ჩამოსვლამ.
- მაინც რაში გამოიხატება კლუბების პროფესიონალურად მუშაობა?
- კარგი სელექცია, მწვრთნელების კვალიფიკაცია, მინდვრებისა და ბაზების გაუმჯობესება. ამ ყველაფერმა განავითარა ქვეყანაში ფეხბურთი. ბოლო წლებში გამოიკვეთა ტენდენცია: ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ძლიერ ქვეყნებში თამაშობენ, კარიერის მიწურულს ისეთ ქვეყნებში ჩადიან, როგორიც კვიპროსია. აპოელ-ი უკვე მეორედ მონაწილეობს ჯგუფურ ეტაპზე, სამი წლის წინ კი "ანორთოსისმა" გამოიჩინა თავი. ამასთან, კვიპროსული გუნდები კარგად გამოიყურებიან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც. მაგალითად, ლარნაკის აეკ-ს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია.
- აპოელ-ზე უფრო ვრცლად მოგვიყევით...
- მშვენივრად დაკომპლექტებული კლუბია, რომელსაც თითქმის 4 წელია, ერთი მწვრთნელი თავკაცობს. იგრძნობა საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება. ზოგი ამბობს, აპოელ-ის წარმატება შემთხვევითი მოვლენააო, თუმცა შემთხვევები ხდება ერთ-ორ მატჩში. აპოელ-მა უკვე 5 მატჩი ჩაატარა ჯგუფში და მერვედფინალის საგზური გაინაღდა. თანაც, ჯგუფში ჰყავს პორტუგალიის, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონები. ეს მხოლოდ იღბალი კი არა, კლუბის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების კარგად მუშაობის შედეგია. აპოელ-ის მერვედფინალში გასვლა მთლიანად კვიპროსული ფეხბურთისთვის დიდი წარმატებაა.
- როგორც თქვით, კვიპროსულ კლუბებს ძლიერი უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანა დიდად წაადგა. თუმცა, ყველა ეს მწვრთნელი ლეგიონერია. ხომ ასეა?
- დიახ. ყველა კვიპროსული კლუბი უცხოელი მწვრთნელის ხელში აღწევს წარმატებას. თუმცა, არიან ადგილობრივი სპეციალისტებიც, რომლებსაც კარგი პერსპექტივა აქვთ.
- ანუ, მოკლე ხანში რომელიმე კვიპროსელი მწვრთნელიც გამოიჩენს თავს?
- სავსებით შესაძლებელია. კვიპროსის ჩემპიონატის დონე საკმაოდ მაღალია და თუ ასეთივე ტემპით გააგრძელებს პროგრესს, კვიპროსი, ალბათ, გადაასწრებს შვეიცარიას და ორ გუნდს გაიყვანს ჩემპიონთა ლიგაში. ქვეყანაში შექმნილი ფინანსური კრიზისის მიუხედავად, კვიპროსმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საკლუბო დონეზე სერიოზულ პროგრესს მიაღწია. ეს მთლიანად ქვეყნისთვისაა წინსვლა და ვფიქრობ, პროცესი გაგრძელდება.
- კვიპროსის ნაკრების პროგრესსაც ველოდოთ?
- აი, ეს კი მეეჭვება, რადგან წარმატებულ კვიპროსულ გუნდებში ლეგიონერები სჭარბობენ. როდესაც გუნდებში მეტწილად კვიპროსელები თამაშობდნენ, ასეთი შედეგიც არ ჩანდა. ახლა კვიპროსელ ლეგიონერს ევროპაში თითქმის ვერ ნახავთ, თითქმის ყველანი სამშობლოში არიან, თუმცა თავიანთი გუნდის ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ აქვთ. ეს კი ნაკრებისთვისაა ცუდი. ვფიქრობ, 2-3 წელიწადში კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია კვიპროსის ნაკრებისთვის. თუ იქაურ ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული გუნდის პროგრესი სურს, რაღაც უნდა შეცვალოს. ამ ეტაპზე კი კვიპროსზე საკლუბო ფეხბურთი სერიოზულად ჩრდილავს ნაკრებს.
- ხალხი როგორ აღიქვამს აპოელ-ის წარმატებას?
- დიდი სიხარულით ხვდებიან ნებისმიერ წარმატებას. "ანორთოსისისა" და აპოელ-ის გარდა, კვიპროსზე სხვა ძლიერი გუნდებიც არიან. მაგალითად, "ომონია" და აელ-ი, რომლებიც ჩემპიონატს ლიდერობენ. ის, რომ აპოელ-ი ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს აქაური ჩემპიონატის სიძლიერეს. რა თქმა უნდა, ყველა გუნდს თავისი გულშემატკივარები ჰყავს, თუმცა მათ კონკურენტის ევროპული წარმატებაც უხარიათ. აპოელ-ისა და აელ-ის მატჩებს სხვა გუნდის ქომაგებიც ესწრებიან, ეს კი ფეხბურთელებისთვის დიდი სტიმულია. როცა 800000-მდე მაცხოვრებელია და სტადიონზე 25000 კაცი მოდის, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.
- და მაინც, კონკრეტულად რის ხარჯზე აღწევს აპოელ-ი ასეთ წარმატებას ევროპაში?
- რა თქმა უნდა, ასეთ სერიოზულ ტურნირზე გამართლების გარეშე ვერ მიაღწევ წარმატებას, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ მხოლოდ იღბალში არაა საქმე. სხვა გუნდებისგან განსხვავებით, აპოელ-ი ფეხბურთელთა ბირთვს ინარჩუნებს და გუნდიც შეთამაშებულია. თითქმის ოთხი წელია, რაც ერთიდაიგივე შემადგენლობით თამაშობს - ერთი-ორი გადანაცვლების გარდა. ერთ დროს "ანორთოსისიც" ასე თამაშობდა, ჰყავდა ბირთვი. თუმცა, ბოლო სამ წელიწადში ამ გუნდში 10 მწვრთნელი და 40 თუ 50 ფეხბურთელი გამოიცვალა.
- ახლანდელი აპოელ-ი თქვენი გაწვრთნილი "ანორთოსისისგან" რით განსხვავდება?
- ორივემ იცოდა, როგორ უნდა ეთამაშა, რათა წარმატებისთვის მიეღწია. ვერ ვიტყვი, რომ აპოელ-ი და "ანორთოსისიც" მკვეთრად შემტევი გუნდები არიან, თუმცა მათ დაყენებული თამაში აქვთ. სამი წლის წინანდელი "ანორთოსისისა" და ახლანდელი აპოელ-ის შედარება ძნელია, რადგან მეტოქეებიც განსხვავებული ჰყავდათ და პირობებიც არათანაბარია. შესაძლოა, ძლიერმა ევროპულმა კლუბებმა რაღაც მომენტში ვერ დააფასეს კვიპროსული გუნდები. თუმცა, ეს ნამდვილად არაა გადამწყვეტი ფაქტორი. აპოელ-ი გავიდა იმ ჯგუფიდან, სადაც ბოლო ადგილზე დარჩა "შახტარი" – 150-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე კლუბი. ყველა კვიპროსული კლუბის ბიუჯეტი ერთად რომ შევკრიბოთ, "შახტარისას" მაინც ვერ გაუტოლდება. მოკლედ, უკვე ვთქვი, წარმატების მთავარი მიზეზი მიზანდასახული და პროფესიონალური მუშაობაა.
- რა პერსპექტივა აქვს აპოელ-ს ლიგის მერვედფინალში?
- რთული კითხვაა. ყველაფერი დამოკიდებულია კენჭისყრაზე. ერთს ვიტყვი, რომ აპოელ-ის წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება. თავიდან ამბობდნენ, რომ აპოელ-ი ჯგუფში ბოლოზე გავიდოდა, მერე ამბობდნენ, ეგებ, ევროპის ლიგაზე მოხვდნენო, ახლა კი გუნდი ჯგუფიდან გასულია. სულაც არ გამიკვირდება, მათ კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზონ.
- უახლოეს წლებში კიდევ უნდა ველოდოთ კვიპროსიდან "ახალი ანორთოსისისა" და "ახალი აპოელ-ის" გამოჩენას?
- ახლა ჯგუფში შესვლა შედარებით გაიოლდა. ადრე შეიძლებოდა, ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის, ინგლისის, ესპანეთისა და გერმანიის გუნდი შეგხვედროდა. კვიპროსზე ოთხი გუნდია, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან. თუ ლიდერი კლუბები ეკონომიკურ სტაბილურობას შეინარჩუნებენ, უახლოეს წლებშიც უნდა ველოდოთ კარგ შედეგებს.
- აპოელ-ზე საკმაოდ ბევრი შეგვატყობინეთ. რას იტყვით, "ზენიტის" შანსებზე "პორტუსთან" შეხვედრაში?
- "ზენიტს" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია როგორც შინ, ასევე სტუმრად. "პორტუ" ძლიერი გუნდია და რა თქმა უნდა, სანქტპეტერბურგელებს გაუჭირდებათ, თუმცა თუ რუსული კლუბი თავის პოტენციალს გამოიყენებს, პორტუგალიელებს იქით შეექმნებათ პრობლემები. გულწრფელად რომ ვთქვა, არის იმის საშიშროება, რომ "ზენიტმა" გასვლაზე ისე კარგად ვერ ითამაშოს, როგორც ამას შინ ახერხებს. ამასთან, როგორ ფორმაში იქნებიან ფეხბურთელები? რუსეთში ხომ შესვენება გამოცხადდა...
- რამდენად მოქმედებს "ზენიტის" შემტევ პოტენციალზე ალექსანდრ კერჟაკოვის არყოფნა?
- კერჟაკოვის ტრავმამ "ზენიტს" ბევრი დააკარგვინა როგორც რუსეთის პრემიერლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში. კერჟაკოვი იმ დროს დაშავდა, როცა კარგ ფორმაში იყო და გოლები გაჰქონდა. თუმცა, "ზენიტს" ჰყავს სხვა კარგი ფორვარდებიც. მაგალითად, ბუხაროვი. შესაძლოა, იმედებს ბოლომდე ვერ ამართლებდეს, მაგრამ მაინც აშკარაა, რომ ბუხაროვს კლასი აქვს.
 

ილია ნანობაშვილი
 

0.115294