ინტერვიუები

2:03 | 24.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “კარგი შეკრება იყო და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი შედეგზეც აისახება”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ავსტრიაში, დაბა ფლახაუში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, თურქეთთან მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. ნაკრების თავკაცის გადაწყვეტილებით, გუნდი სავარჯიშოდ ზალცბურგში აღარ წასულა. 24 მაისის ამხანაგური მატჩის შემდეგ, “ჯვაროსანთა“ შეკრება დასრულდება. სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი თემურ ქეცბაიას ესაუბრა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავსტრიული შეკრება შეაჯამა და მომავალ მატჩზეც ისაუბრა.
- 16 მაისიდან გუნდი ავსტრიაში გადის საწვრთნელ შეკრებას. რამდენად კმაყოფილი ხართ არსებული სიტუაციით და რამდენად მოხერხდა ყველა ფეხბურთელის გამოცდა, ვისი გამოძახებაც გსურდათ?
- შეკრებამ კარგად ჩაიარა. 2010 წლის შემდეგ, პირველად მოხერხდა, რომ ფეხბურთელები ამდენი ხნით გამოვიძახეთ. სასურველი იქნებოდა, უფრო მეტი მატჩი ჩაგვეტარებინა, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. თურქეთთან ურთულესი თამაში იქნება. მათ ძალიან საინტერესო ფეხბურთელები ჰყავთ გამოძახებული. ჩვენი ბიჭები სერიოზულად ემზადებიან და დარწმუნებული ვარ, კარგი შეხვედრა იქნება.
- საქართველოს ნაკრები თურქეთს მეხუთედ ხვდება, თქვენი ხელმძღვანელობით კი – პირველად. რა იქნება გადამწყვეტი ამ მატჩში?
- სეზონის ბოლოა და ალბათ, ის გუნდი მოიგებს, ვინც უფრო მოტივირებული იქნება. გასაგებია, ფეხბურთელებმა სეზონი დაამთავრეს და რთულია კიდევ ათდღიანი შეკრების გავლა, მაგრამ ეს ნაკრებია და საქმეს ყველა სერიოზულად მიუდგა. ძალიან კარგი შეკრება იყო და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი შედეგზეც აისახება.
- რამდენიმე ფეხბურთელი გუნდში პირველად მოიწვიეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ მათი მზადებით?
- ახალგაზრდები წინა შეკრებაზეც გვყავდა, თუმცა, იმასთან შედარებით, უკეთეს ფორმაში არიან და კიდევ უფრო მონდომებულებიც. ნაკრებში მოხვედრა ადვილი არ არის. მათ მიეცათ შანსი, ამას იყენებენ და ამით კმაყოფილი ვარ. ვხედავ, რომ ისინი ყოველდღიურად ვითარდებიან. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რადგან სამომავლოდ უფრო მეტი არჩევანი გვექნება. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდების და საერთოდ, ყველა იმ ფეხბურთელის რესურსი, ვინც ნაკრებში ხვდება, ბოლომდე გამოვიყენოთ. დანარჩენს, ეს ბიჭები თურქეთთან დაამტკიცებენ.
- რამდენად რეალურია მათი გამოჩენა მომავალ შეხვედრაში?
- შეკრებაზე 22 ფეხბურთელია და ჩვენი მოლაპარაკების საფუძველზე, ექვსი შეცვლის უფლება გვექნება. მოედანზე მათი შესვლის საკითხს თამაშის მსვლელობის მიხედვით გადავწყვეტ. დარწმუნებული ვარ, ვინც შეცვლაზე შევა, ყველა საუკეთესო თამაშს აჩვენებს.
- წელს, საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრას ატარებს. არის თუ არა თურქეთი მათ შორის ყველაზე ძლიერი, ვისაც ამხანაგურ მატჩებში შეხვდით და როგორ გააგრძელებს გუნდი 2014 წლის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას?
- ოფიციალურ თამაშებში ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდებს შევხვდით. ასევე იყო ამხანაგურ შეხვედრებშიც. პოლონეთი და სლოვენია თურქეთზე ნაკლები გუნდები ნამდვილად არ არიან. თურქეთთან თამაშის შემდეგ, ფეხბურთელები დაისვენებენ, შემდეგ,  მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, ერთ ამხანაგურ შეხვედრას 15 აგვისტოს, ლუქსემბურგში, ადგილობრივ ნაკრებთან ჩავატარებთ. სწორედ, იმ თამაშში გამოჩნდება ის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც უკვე ოფიციალურ შეხვედრებში დაიცავს ნაკრების ღირსებას.

P.S. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ამხანაგური მატჩი ზალცბურგის “რედ ბულ არენაზე“ დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი აწარმოებს.

0.223132