ინტერვიუები

9:32 | 30.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “კამერუნთან ბევრ ახალ ფეხბურთელს ნუ ელით”

“ჩვენ არ ვართ ესპანეთი და ინგლისი, კლუბში სათამაშო პრაქტიკას მოკლებული ფეხბურთელები უნაკრებოდ რომ დავტოვოთ. ესტონეთთან იდეალურად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ კამერუნთან 25 მაისის ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულ შემადგენლობაში, რადიკალური ცვლილებები არ იქნება. ანუ, მაინცდამაინც ბევრი ახალი ფეხბურთელის გამოჩენას ვერ შეგპირდებით”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.
ქეცბაია ამჟამად კვიპროსზეა და ჩვენც იქ დავუკავშირდით:
- ბოლო პერიოდში რით ხართ დაკავებული, რომელიმე ლეგიონერის თამაშს ხომ არ დასწრებიხართ?
- ყველა ფეხბურთელთან მაქვს კავშირი და ნაკრების მწვრთნელის საქმეც ესაა, მუდმივად საქმის კურსში იყოს მათ შესახებ. 25 მაისს, ავსტრიაში მართლაც საინტერესო მატჩი გველის – მსოფლიო ჩემპიონატზე გასულ ნაკრებს ვხვდებით, რომელიც აფრიკაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
- როგორც ვიცით, იყო შანსი, რომ 29, ან 30 მაისს ნაკრებს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაეტარებინა.
- ვფიქრობ, ამ ეტაპზე ერთი მატჩიც საკმარისია. მითუმეტეს, კამერუნის დონის ნაკრებს ვხვდებით.
- ავსტრიულ შეკრებას 18 მაისს იწყებთ და კვიპროსიდან პირდაპირ იქ წახვალთ, თუ ჯერ საქართველოში ჩამოხვალთ?
- პირდაპირ ავსტრიაში წავალ.
- შემადგენლობას როდის დაასახელებთ?
- ჯერ კიდევ გასარკვევია რაღაცეები. მართალია, გარკვეული მონახაზი გაკეთებული მაქვს, მაგრამ ჯერ ბოლომდე არა...
- მოკლედ რომ გვითხრათ, ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდება ნაკრებში?
- ბევრი არა. ცუდი ისაა, რომ ზოგ ფეხბურთელს პრობლემები ექმნება ჩამოსვლაზე. ვიზა არა აქვთ და ასე შემდეგ...
- რამდენიმე დღის წინ, გოჩა ხოჯავამ გვითხრა, კამერუნთან ჩემი თამაში გამორიცხულია, რადგან რუსეთში კანონის დამტკიცებას ველოდებით, რომლის მიხედვითაც, რუსულპასპორტიან ქართველებს შეგვეძლება ნაკრებში თამაშიო... გამოდის, რომ ვერც ნუკრი რევიშვილი დაგვეხმარება.
- მაგ კანონმა დაგვღალა – ან იქით, ან აქეთ...  ხოჯავა არც გამოგვიძახებია. რევიშვილს კი, მის მსგავსად, მხოლოდ რუსული პასპორტი აქვს და ქართული ჩააბარა. ამიტომაც ვერ ვათამაშებთ. მაგალითად, ამისულაშვილს ორივე ქვეყნის პასპორტი აქვს და ჩვენს ნაკრებში თამაში შეუძლია.
- ამისულაშვილი იქნება კამერუნთან?
- დიახ. ველაპარაკე და მითხრა, ჩამოვალო.  
- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 30 მაისს აქვს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი შვეიცარიასთან. ამრიგად, კამერუნთან თამაშს და თბილისში დაბრუნებას თავისუფლად მოასწრებენ...
- ჯანო ანანიძე და როინ კვასხვაძე ავსტრიაში წამოვლენ. რა თქმა უნდა, როდესაც ახალგაზრდული ნაკრების ოფიციალური და ეროვნულის ამხანაგური მატჩები ერთ დღეს ემთხვევა, ლოგიკურია, რომ ფეხბურთელმა ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშოს.  ასე იყო 3 მარტს ესტონეთთან. ახლა კი, დღეებში სხვაობა საკმაოა. ანანიძე თამაშით ამტკიცებს, რომ ეროვნული ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელია  - მოსკოვის “სპარტაკის” ძირითადშია და ერთ-ერთი საუკეთესოც. რუსეთის პრემიერლიგა დაბალი დონე არაა და როცა იქ ასე კარგად თამაშობ, უკვე ბევრს ნიშნავს. მგონი, ამაზე ორი აზრი არც არსებობს.
- გაბელიას გაწვრთნილი 21-წლამდელთა ნაკრებიდან, კიდევ ვის გამოარჩევთ? და კიდევ, ბევრი თვლის, რომ საქართველოს ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს და მათი ეროვნულ ნაკრებში დაწინაურება ახლავე უპრიანია – რას იტყვით ამაზე?
- ნამდვილად კარგი ბიჭები არიან 21-წლამდელებში. უკვე ვთქვი, რომ ანანიძე და კვასხვაძე ავსტრიაში წამოვლენ. ლევან ყენიაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. მართალია, ასაკით ახალგაზრდულში შეუძლია თამაში, მაგრამ ყენიამ უკვე მიიღო გამოცდილება მთავარ ნაკრებში. სხვების დროც მოვა – მთავარია, დაიმსახურონ.    
- ეროვნულ ნაკრებში ვერ ითამაშებენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ – ბევრი მწვრთნელისთვის ასეა, მაგრამ თქვენ, ალბათ, ასე არ ფიქრობთ...
- არ გვაქვს სამაგისო ფუფუნება. ესპანეთი, ინგლისი, ან იტალია რომ ვიყოთ, კიდევ მესმის. მათ უზარმაზარი არჩევანი აქვთ. ჩვენ სად გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები? ნაკრებში ყველაზე ძლიერმა და რაც შეიძლება, მაღალი კლასის ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. წინა შესარჩევ ციკლში, ნაკრები, მეტწილად, საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული და ამან რა სიკეთეც მოიტანა, ყველამ ნახა.  

ილია ნანობაშვილი

 

0.122135