ფეხბურთი

14:24 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ფინეთის ჩაგდებული მატჩი არ მახსენდება"

 

"მნიშვნელოვანი მატჩი გველის წინ. საფრანგეთთან კარგი თამაშის შემდეგ, ფინეთთან ყველა მოგებას ელის. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ და უმძიმეს ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდეთ. ფინელებს კარგი გუნდი ჰყავთ, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ერთი კვირაა, რაც ვემზადებით და განწყობაც მშვენიერია, ასე რომ, გვჯერა, ეს თამაშზეც აისახება" – ეს თემურ ქეცბაიას სიტყვებია, რომელიც დღეს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

საქართველოს ნაკრები დღეს 18:00 საათზე ივარჯიშებს "ბასაზე", თამაში კი, როგორც იცით, სამშაბათს 21:00 საათზე დაიწყება "დინამო არენაზე" და კვიპროსელი მსაჯები გაუძღვებიან ლეონტიუს ტრატუს მეთაურობით.

ახლა კი, ქეცბაიას პრესკონფერენციაზე:

- ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრებს მოტივაცია არ აკლია და მთელი შემართებით თამაშობს, რაც საფრანგეთთანაც დამტკიცდა. ხომ არ არის საფრთხე, რომ ფინეთთან ეს დაიკარგოს?

- საერთოდ, თბილისში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ საწყენია, რომ 31 მატჩიდან დიდი უმეტესობა სტუმრად ჩავატარეთ. საფრანგეთთან დამსახურებულად ავიღეთ ქულა, თუმცა ფინეთი სუსტი გუნდი არაა და გამორიცხული მგონია, რომ მოტივაცია დაგვაკლდეს. კარგია, რომ ამაზე არ მიწევს ბიჭებთან საუბარი. ფინეთმა ესპანეთიდან ქულა წამოიღო, რაც ადასტურებს კიდეც მათ სიძლიერეს. დანარჩენი მინდორზე გამოჩნდება.

- ტაქტიკურ ცვლილებებს მოახდენთ?

- მოგებაზე უნდა ვითამაშოთ და უფრო ხშირად უნდა შევუტიოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაცვა უნდა დავივიწყოთ.

- ლორია არ იქნება ფინეთთან. სხვა ცვლილებები იქნება შემადგენლობის მხრივ?

- ბევრი ცვლილება არ იქნება, მაგრამ წინ დღენახევარია დარჩენილი და ჯერ გადაჭრით ვერაფერს გეტყვით.

- ტრავმა ხომ არ აქვს რომელიმე ფეხბურთელს?

- არა, ყველა ჯანმრთელადაა. იყო სულ მცირე დაზიანებები, მაგრამ ყველანი ვარჯიშობენ.

- ფინეთთან შარშან 1:1 ითამაშეთ. მაშინდელი მატჩის შემხედვარე, ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ფინეთი ბელარუსთან 4 ქულას აიღებდა და ესპანეთში ფრეს მიაღწევდა. რა მხრივ განიცადეს პროგრესი?

- ვერ ვიტყვი, რომ ფინეთი შარშან სუსტი იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ ფინეთში და უნდა მოგვეგო კიდეც, თუმცა მასპინძლებიც კარგად გამოიყურებოდნენ.

- და მაინც, წლეულს გაცილებით კარგი შედეგი აქვთ, ვიდრე შარშან.

- დიახ, მაგრამ შარშან მათ საფრანგეთთან 0:1 წააგეს და მე თუ მკითხავთ, არ ჰქონდათ წასაგები. საერთოდ, ფინეთის ჩაგდებული თამაში არ მახსენდება. კარგად ორგანიზებული გუნდია. ისე, ჩვენ ფინეთში რომ მოგვეგო, ფაქტობრივად იქვე ვინაღდებდით ჯგუფში მესამე ადგილს. ამჯერად გვაქვს შანსი, რომ რაც მაშინ ვერ გავაკეთეთ, ახლა მოვახერხოთ.

- ნოემბერში ჩასატარებელი ამხანაგური მატჩის შესახებ არაა სიახლე?

- მიმდინარეობს საუბარი და გვსურს, რომ თბილისში ვითამაშოთ. ეს კარგია არა მხოლოდ ფეხბურთელებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. საერთოდ, ფეხბურთი მსოფლიოში ნომერ პირველი სპორტია, საქართველოში კი, მგონი, ძლივს ხუთეულში შედის ყურადღების მხრივ. ეს ცუდია, ყურადღება და დახმარება სჭირდება ქართულ ფეხბურთს.

- მაინც, რატომ არ სურთ უცხოურ ნაკრებებს საქართველოში ჩამოსვლა და ამხანაგური მატჩის ჩატარება? საფრანგეთთან ფრე ინტერესს არ გაზრდიდა?

- აქ მხოლოდ შედეგზე არაა. ერთი მიზეზია, რომ საქართველოს ნაკლებად იცნობენ, მეორე კი – ურჩევნიათ, სადმე ახლოს ითამაშონ, რათა დიდი ხნით მგზავრობა არ დასჭირდეთ. ოთხსაათიანი ფრენა არავის უნდა. მეორე მიზეზი გასაგებია, პირველზე კი რა გითხრათ: ცუდია, რომ არ იცნობენ საქართველოს. თბილისში უამრავი საინტერესო ადგილია დასათვალიერებლად, კლიმატიც მშვეიერია...

- ერთიც: როგორც წესი, მატჩის წინა დღეს ორივე ნაკრები იმ სტადიონზე ვარჯიშობს, სადაც მეორე დღეს თამაშია. თქვენ "დინამო არენაზე" რატომ არ ვარჯიშობთ? 

- აქ გვირჩევნია, არანაირი დისკომფორტი არაა და მშვენიერ პირობებში ვართ. წავიდეთ, იქ ვივარჯიშოთ და მერე ისევ აქ დავბრუნდეთ, არ მიმაჩნიოა სწორად. თანაც, "დინამო არენას" მიუჩვეველები არ ვართ.


0.126097