თითქოს ჯადოსნური ჯოხი დაჰკრაო - თემურ ქეცბაიას გათავკაცების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები აღარ აგებს. 9 მატჩი, 4 მოგება, 5 ფრე. უპირველესად, ფსიქოლოგიური მომენტია, “ჯვაროსნები” თავდაჯერებულები გახდნენ და ქართველი გულშემატკივარი მეტოქის ყველა შეტევას შიშისგან გაფართოებული თვალებით აღარ უყურებს. თუმცა ისიც ცხადია, რომ თამაშის ხარისხი ძალიან შორსაა სასურველისგან, რაც სომხეთთან მეორე ტაიმში უფრო გამოჩნდა...
“მსოფლიო სპორტი” თემურ ქეცბაიას კვიპროსზე დაუკავშირდა და საქართველო-სომხეთის ამხანაგურ მატჩზე ესაუბრა:
- ორი განსხვავებული ტაიმი იყო სომხეთთან შეხვედრაში. მთლიანობაში, როგორ შეაფასებთ მატჩს?
- რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ამხანაგური მატჩი იყო. თამაშის ხარისხით ვერანაირად ვერ ვიქნები კმაყოფილი და ეს უფრო მეორე ტაიმს ეხება. შესვენებაზე შეცვლები გავაკეთე, რადგან მინდოდა, მაქსიმალურად ყველა ფეხბურთელი მენახა საქმეში. ბევრი მათგანისგან აშკარად მეტს ველოდი. ნაკრების ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ სომხეთზე მეტად, ხორვატიასთან და ისრაელთან მარტის შეხვედრებზე ვფიქრობ. და მაინც, სასიხარულოა, რომ წელიწადი მოგებით დავიწყეთ.
- პირველი ტაიმი მართლაც კარგი გამოდგა. ისე ჩანდა, მხოლოდ შედეგზე არ ზრუნავდით, თორემ ამდენ ფეხბურთელს არ გამოცვლიდით. ასე იყო?
- ბუნებრივია, როცა ამხანაგური მატჩია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის ნახვა გსურს. პირველ ტაიმის მერე პრეტენზიები იმდენად არ მქონია, შესვენების შემდეგ კი, მეტოქეს თავისუფლად მოქმედების საშუალება მივეცით. არ მინდა, სომხეთის ნაკრები დავაკნინო, მაგრამ უფრო მაღალი კლასის გუნდი ამ შეცდომებს, ალბათ, არ გვაპატიებდა.
- კახა კალაძემ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები მარცხენა მცველად ითამაშა, სლოვენიასთან და სომხეთთან კი, ცენტრში დააყენეთ. სად უფრო სასარგებლო იქნება კალაძე ნაკრებში?
- კახა ორივე პოზიციაზე მშვენივრად თამაშობს და სადაც საჭირო იქნება, იქ დავაყენებთ.
- აშკარაა, ნაკრებს შემოქმედებითი თამაში უჭირს და აკლია შეტევებზე თამამად წამსვლელი ნახევარმცველები. ამ პრობლემის მოგვარებას როგორ აპირებთ?
- რა კონტიგენტიც გვყავს, იმით უნდა ვითამაშოთ. ვიცით, რა რესურსიც გვაქვს და მაქსიმალურად ისეთ თამაშს ვირჩევთ, რაც უფრო გვესადაგება და რითაც შესაძლებელია წარმატების მიღწევა. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ფეხბურთელები ნაკრებში მომზადებულნი უნდა ჩამოდიოდნენ. ეს ნაკრებია და არა კლუბი, 3-4 დღეში ფეხბურთელებს ფიზიკურად ვერ მოვამზადებთ, მათ თავად უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე.
- სლოვენიასთან და სომხეთთანაც რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გყავდათ. მათ შორის, აკაკი ხუბუტია ორივე შეხვედრაში შეუცვლელად ათამაშეთ...
- ხუბუტიათი კმაყოფილი ვარ, კარგად ითამაშა ორივე შეხვედრაში. ხარვეზები ყველას აქვს, მაგრამ ხუბუტია კარგადაა მომზადებული, თავის კლუბში მუდმივად ძირითადში თამაშობს და ეს ცოტას არ ნიშნავს.
- ხშირად ჩნდება კითხვა და საინტერესოა - ოთარ მარცვალაძეს კვლავ რაიმე პრობლემა ჰქონდა თუ უბრალოდ, არ ჩათვალეთ საჭიროდ მისი გამოძახება?
- მარცვალაძის გარდა, სხვა ფეხბურთელებიც არიან, რომელთა გამოძახება შეიძლებოდა. ნაკრების კარი დაკეტილი არაა, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ყველა ფეხბურთელი გამოვიძახოთ. დაიწყება თამაშები რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში და მერე უკეთ ვნახავთ, ვინ როგორ ფორმაშია. მარცვალაძეს არ ეხება, მაგრამ ცუდია, რომ ჩვენი ლეგიონერებიდან ბევრს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს კლუბში. ზოგი საერთოდ უგუნდოდაა.
- უპირველესად, მალხაზ ასათიანი...
- დიახ. ასათიანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო შარშანდელ მატჩებში და ცუდია, რომ ამდენი დრო უცდება. თვენახევარიც არ დარჩა ხორვატიასთან მატჩამდე და ძნელია, მალხაზი ამ პერიოდში ისეთ ფორმაში შევიდეს, როგორშიც იყო. იმედია, მალე მონახავს ახალ გუნდს. თან, არაა ისეთ ასაკში, რომ მაღალ დონეზე თამაში ვეღარ შეძლოს. დროის მომენტია, ბევრი გაუცდა, გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა და ეს დაეტყობა.
- ხორვატიის ნაკრების თამაშების ვიდეოფირი ნახეთ?
- კარგად ვიცი, რამდენად მაღალი დონის ნაკრებია და ვიდეოფირებს კიდევ ვნახავ. ხორვატიას ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მათი თითქმის ყველა ფეხბურთელი წამყვან როლს ასრულებს თავის კლუბში. კარგად გვესმის, რამდენად რთული მატჩი მოგვიწევს მათთან, მაგრამ ჩვენც ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი ბოლომდე გაივსება.
- თქვენს უახლოეს განრიგზეც: ალბათ, ლეგიონერთა თამაშებს დაესწრებით...
- 20 თებერვალს, ათენში აეკი-“პანიონიოსია” და დავესწრები. ჯერ არ ვიცი, ათამაშებენ თუ არა კვირკველიას, მაგრამ მაინც. მერე კი თბილისში ჩამოვალ და საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს ვნახავ. 26 მარტამდე დროა და რუსეთშიც ჩავალ, ნაკრების ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ხომ იქ თამაშობს.
ილია ნანობაშვილი