ინტერვიუები

14:46 | 22.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ფაქტია, ალბანეთთან თამაში ცუდ დროს გვიწევს"

"სამწუხაროდ, ნაკრების რამდენიმე მოთამაშე უგუნდოდაა. თანაც, მათ შორის, წამყვანი ფეხბურთელებიც არიან. ასეც არ იყოს, თებერვლის დასაწყისში ჩვენი ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნებიან, რადგან რუსეთსა და უკრაინაში ჩემპიონატი გვიან განახლდება", - ეს თემურ ქეცბაიას სიტყვებია, რომელიც მან "მსოფლიო სპორტთან" ინტერვიუში თქვა.
როგორც იცით, 6 თებერვალს ნაკრებს ტირანაში ალბანეთთან ელის ამხანაგური შეხვედრა. ქეცბაია 2010 წლის დასაწყისში ჩაუდგა გუნდს სათავეში და ნაკრები ყოველ წელიწადს გამარჯვებით იწყებდა. შარშან იმავე ალბანეთთან თბილისში 2:1 მოგება გეხსომებათ, მანამდე კი იყო ესტონეთთან (2010) და სომხეთთან (2011) ასევე 2:1 გამარჯვებები.
მოკლედ, კარგი იქნება, თუ ტრადიცია გაგრძელდება.
ახლა კი, ქეცბაიასთან ინტერვიუ. მას კვიპროსზე დავუკავშირდით:
- იანვრის შუა რიცხვებში ანთალიაში გაემგზავრეთ. იქ ლეგიონერთა მატჩებს დაესწარით?
- თვის ბოლომდე ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ სამწუხაროდ, უამინდობის გამო, რამდენიმე მატჩი გადაიდო. ქართველი ლეგიონერების გუნდებსაც დაგეგმილი არ ჰქონდათ თამაშები, ბევრი გუნდი სხვა ქვეყანაში წავიდა შეკრებაზე. გადავწყვიტე, კვიპროსზე დავბრუნებულიყავი და აქედან მიმეღო ინფორმაცია.
- პირდაპირ კვიპროსიდან გაემგზავრებით ალბანეთში?
- დიახ.
- შემადგენლობას როდის გამოაცხადებთ?
- თვის ბოლოს. თავს ჯერ იმიტომ ვიკავებთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი უკლუბოდაა. მაგალითად, ამისულაშვილი, რევიშვილი, ხუბუტია... ფაქტია, ალბანეთთან თამაში ცუდ დროს გვიწევს: ორი-სამი კაცის გარდა, ნაკრების ფეხბურთელებს 6 თებერვლისთვის ჩემპიონატი არ ექნებათ დაწყებული, ამიტომაც ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნებიან. უმრავლესობა რუსეთსა და უკრაინაში თამაშობს, ამიტომაც, პრობლემა აშკარაა.
- თემას ცოტა გადავუხვევთ და გკითხავთ: ბევრს მიაჩნია, რომ ქართველი ფეხბურთელები რუსეთისა და უკრაინის კლუბებში არ უნდა მიდიოდნენ, რადგან იქ ვერ ვითარდებიან. ხშირად გაგვიგია, რუსეთში ქართველ მოთამაშეებს ცუდად უყურებენო. რას იტყვით ამაზე?
- ეს ვიღაც-ვიღაცების შექმნილი სურათია. მოგონილია. რა შუაშია ქართული პასპორტი? ვიცი, რომ ასეთი მოსაზრება არსებობს, თითქოს ქართველებს იქ ხელს უშლიდნენ, მაგრამ ეს არაა საქმიანი საუბარი. ისე, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ ქართველები ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის თუ იტალიის კლუბებში მიდიოდნენ, მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა - მეორე. იმედია, ახლო მომავალში ჩვენი ბიჭები უმაღლესი დონის ჩემპიონატშიც მოხვდებიან.
- ალბანეთთან თამაშს რა კუთხით განიხილავთ? ექსპერიმენტები იქნება?
- ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ამხანაგურია თუ ოფიციალური, ნაკრების თამაშია და ამით ყველაფერია ნათქვამი. საფრანგეთთან 22 მარტს გველის თამაში, მანამდე კი ორი თვეა. ახლა რომ ვთქვა, საფრანგეთთან იგივე შემადგენლობა მეყოლება, რაც ალბანეთთან, ნაჩქარევი გამოვა. თუმცა, ვეცდებით, რომ ალბანეთთან მატჩი შედეგის გარდა, საფრანგეთთან მომზადების მხრივაც სასარგებლო იყოს. ეგვიპტესთან სხვადასხვა მიზეზით დაგვაკლდნენ ფეხბურთელები, 8 მოთამაშე ვერ გამოვიყენეთ და იმედია, ამჯერად ასე არ მოხდება. თუმცა, წეღანაც ვთქვი, რომ პრობლემას ქმნის ჩვენი ფეხბურთელების უთამაშებლობა და უკლუბოდ ყოფნა.
- ეგვიპტესთან გამოძახებული არ გყავდათ ზურაბ ხიზანიშვილი. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნაკრების შედარებით გაახალგაზრდავების პროცესი მასაც შეეხო?
- ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ უარს არავისზე ვამბობთ. ხიზანიშვილი და კაშია - მხოლოდ ამ ორ ფეხბურთელზე შემიძლია თქმა, რომ აუცილებლად იქნებიან ალბანეთში. თურქეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონატები დაწყებულია და ამიტომ.
- თუ შეგიძლიათ, ნაკრებში არსებულ იმ პრობლემებზე გვითხარით, რომელთა მოგვარებას ცდილობთ, მაგრამ ვერ ახერხებთ. სათამაშო პრობლემებს ვგულისხმობთ...
- გადაუჭრელია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ მიზანდასახულად ვცდილობთ წინსვლას. ხშირად ხდება, როცა ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ ვუყრით თავს. ნაკრები კლუბი არაა, რომ სეზონის წინ იცოდე, რა კონტინგენტი გყავს და მის გარშემო იმუშაო. აქ მუდმივად საქმის კურსში უნდა იყო ყველა ფეხბურთელზე. ზოგი თამაშს უმატებს, ზოგი უკლებს და სიასაც ამის მიხედვით ვარჩევთ. ამიტომაც, ყველას თვალყურს ვადევნებთ და ვცდილობთ, არავინ გამოგვეპაროს. სათამაშო თვალსაზრისითაც იმედი მაქვს, რომ პროგრესი გვექნება.
- ნაკრების ძირითადი ბირთვი ახალგაზრდულია, განსაკუთრებით, ნახევარდაცვის ხაზში. რას იტყვით მათზე, რამდენად დიდ მომავალს ხედავთ?
- სწორედ მათზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. მართალია, ბევრს გვაკრიტიკებენ, ამას რატომ აყენებთ და იმას რატომ არ ენდობითო, მაგრამ ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ახალგაზრდები ჩვენს მომავალს წარმოადგენენ, მათ მინიმუმ 10 წელი კიდევ აქვთ სათამაშო და რა თქმა უნდა, ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ მოუმატონ. თუმცა, მხოლოდ ისე არაა, რომ ახალგაზრდაა და არიქა, ნაკრებში უნდა ითამაშოს. ვინც ღირსია, მათ ვიძახებთ და ვათამაშებთ.

ილია ნანობაშვილი

 

0.114019