ლატვიური ფრის შემდეგ, უკვე შეიძლება გარკვეულ დასკვნებზე საუბარი. პირველად მოხდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წელიწადი ისე გალია, შესარჩევის მატჩი არ წააგო; 1995 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ზედიზედ ორი გასვლითი მატჩიდან არცერთი დათმო. სტატისტიკის მიღმაც გავიხედოთ – “ჯვაროსნების” თამაში წლეულს გაცილებით გამართული და მობილურია, ვიდრე ადრე იყო. და დღეს რომ ოთხ მატჩში 6 ქულა გვაქვს, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვიჩნდება. ეს მაშინ, როცა “პატარა კაცის” სინდრომი არ გვცილდებოდა და თითქმის 3 წლის განმავლობაში ვამაყობდით შოტლანდიასთან მოგებით, თითქოს “ლანდიამდე”. “შოტ” კი არა “ჰო” ყოფილიყო... მოკლედ, მოთხოვნილება გაიზარდა და სწორედ ესაა კარგი.
თემურ ქეცბაიას ხელში, ნაკრებმა მე-7 წაუგებელი მატჩი ჩაატარა და არცერთხელ არ ყოფილა მდევრის როლში. და რა ახლოს იყო ლატვიაში მოგებაც – 91-ე წუთზე გაშვებულმა გოლმა ცივი შხაპივით იმოქმედა.
“მსოფლიო სპორტი” ლატვიიდან თბილისში დაბრუნებულ თემურ ქეცბაიას დაუკავშირდა და არა მარტო რიგის თამაშზე, მომავალ გეგმებზეც ესაუბრა:
- ზოგადად, როგორ შეაფასებდით რიგის მატჩს?
- ბოლო წუთზე გოლის გაშვება და მოგების ხელიდან გაშვება, ძალიან საწყენია. თამაში 90 წუთს გრძელდება და კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება. სამწუხაროდ, წამით მოდუნდა ყურადღება, რაც ქულების დაკარგვად დაგვიჯდა. თანაც, ლატვიელმა ისეთი დარტყმა შეასრულა, შესაძლოა, ასჯერ რომ სცადოს, ერთხელ ვეღარ გაიტანოს. ფეხბურთია და ხდება. რაც შეეხება ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხს, კმაყოფილი ვარ. ლატვიის მატჩი უკვე წარსულია, მომავალ თამაშებზე უნდა ვიფიქროთ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ შეცვლებში შეცდომა დაუშვით? ანუ, დღეს რომ იყოს მატჩი, სხვაგვარად ხომ არ მოიქცეოდით?
- არა. რაც მოხდა, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ვიმეორებ, ლატვიელმა ისეთი გოლი გაიტანა, ათასში ერთხელ რომ გადის.
- მინდორი რამდენად კარგი იყო?
- ამინდი იყო ქარიანი, თორემ მინდორი კარგ მდგომარეობაში იყო და ვფიქრობ, სანახაობრივადაც ნორმალური თამაში გამოვიდა.
- საქართველოს პირველ ტაიმში ჰქონდა მცირე უპირატესობა, მაგრამ შესვენების შემდეგ, უფრო თამამად წავიდა შეტევაზე. აშკარად ჩანდა, რომ ლატვიელებზე მეტად, თქვენ უფრო თამაშობდით მოგებაზე...
- თამაშის სცენარი ისეთი იყო, მეტოქის ნახევარზე უფრო თამამი მოქმედება შეიძლებოდა. თან, მინდორი კარგი იყო და ბურთის გაგორება მოხერხდებოდა. ჩვენი გოლი ლოგიკური იყო, მაგრამ ანგარიშში უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. მთავარი ისაა, რომ მინდორზე ვხედავ გუნდს, რომელმაც იცის, რა უნდა აკეთოს. გამართულად ვთამაშობთ და შემთხვევითი არაა, რომ 7 მატჩი წაუგებლად ჩავატარეთ. მართალია, სულ 2 შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ ფაქტია, გუნდი დაბნეული არაა და იცის, როგორ უნდა ითამაშოს.
- საბერძნეთმა ისრაელს 2:1 მოუგო. ხომ არ მოასწარით ამ მატჩის ნახვა?
- არა. ჩემს კვიპროსელ მეგობრებს ველაპარაკე და მათ მითხრეს, რომ საბერძნეთმა მეორე გოლი საეჭვო პენალტით გაიტანა, ხოლო ისრაელს პირიქით, ნაღდი პენალტი არ მისცესო. ისე, ჯგუფის ცხრილს თუ გადავხედავთ, საქართველოს ნაკრებს თავისი შესაფერისი ადგილი უკავია. ახლა თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ უკვე 12 ქულა გვქონდეს და არიქა, გასულები უნდა ვიყოთ ჯგუფიდან, ეს ძალიან მცდარი აზრია. კი, შეიძლებოდა ოდნავ უკეთესი შედეგი გვქონოდა, მაგრამ რეალობასაც უნდა შევხედოთ.
- თბილისში რამდენ ხანს რჩებით?
- ხვალ მივფრინავ კვიპროსზე.
- 17 ნოემბერს სლოვენიასთან სტუმრად ამხანაგური მატჩია. სლოვენია კი თამაშის მანერით ჰგავს ხორვატიის ნაკრებს, რომელსაც 26 მარტს ვუმასპინძლებთ შესარჩევ მატჩში – ეს მომენტი რამდენად მნიშვნელოვანია?
- ასარჩევად ნამდვილად არ გვქონია საქმე, მაგრამ კარგია, რომ ეს ამხანაგური მატჩი გაიმართება.
- ...სადაც ახალ ფეხბურთელებს ნახავთ საქმეში – ხომ ასეა?
- დიახ. ვეცდები, ის ფეხბურთელები ვნახო, რომლებსაც ნაკრებში თამაში არ უწევდათ. ამ მატჩის წინ, ერთკვირიან შეკრებას ვაპირებთ თბილისში. 17 ნოემბერი ოთხშაბათი დღეა და საქარველოს ფეხბურთის ფედერაციას უნდა ვთხოვო, რომ მანამდე გასამართი შაბათ-კვირის ტურის მატჩები გადასწიოს.
- შეგიძლიათ დაასახელოთ ის ფეხბურთელები, რომლებსაც სლოვენიასთან მატჩისთვის აუცილებლად გამოიძახებთ?
- ლეგიონერთაგან რომლებს გამოუშვებენ კლუბებიდან, ჯერ ესაა გასარკვევი. ასე რომ, უწინარესად, ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ.
ილია ნანობაშვილი