ფეხბურთი

20:59 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “ჩაფიქრებული მაქვს, რომ ფინალურ ეტაპზე უნდა გავიდეთ”

“რომ წავალ, ჩემს მიერ გაწეულ სამუშაოს მაშინ დაინახავთ”


საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ “დინამო არენაზე” გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის ჩაბარების შემდეგ, მისმა სამწვრთნელო შტაბმა ფანტასტიკური სამუშაო გასწია.

თემურ ქეცბაია: “ახალი შესარჩევი ციკლის დაწყება მინდა ყველას მოგილოცოთ, 7 სექტემბერს ირლანდიასთან სახლში ვთამაშობთ. კარგია, რომ ფეხბურთელების უმეტესობა უკვე ჩამოვიდა. ვისაც დღეს აქვს თამაში, ხვალ უკვე ჩვენთან იქნება ვარჯიშზე. ამ სერიოზული თამაშისთვის მზადებას ვიწყებთ. ერთი კვირაა შეკრებაზე გვყავდა ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ. კარგი რამ გაკეთდა. ვნახეთ ფეხბურთელების ძალიან კარგი დამოკიდებულება საქმისადმი მოედანზე და მის გარეთ. იმედია, ასე გააგრძელებენ. “

იქნებ გვითხრათ, ნუკრი რევიშვილთან დაკავშირებით რა ხდება?

- მეტის ღირსი ვარ, რადგან ვცდილობდი ადამიანს დავხმარებოდი და ყველაფერმა ასეთი სახე მიიღო. ვფიქრობ, რევიშვილთან მომხდარი ინციდენტი ჩაწყობილი იყო. იმ გუნდის ხელძღვანელობასთან 3 თვის წინ მქონდა შეხვედრა. მათ მთხოვეს, რომ რევიშვილი ნაკრების თამაშებზე არ გამომეძახებინა, რადგან შესაძლოა პრობლემები შექმნოდათ. მე დავთანხმდი, ვინაიდან, ჩემი აზრით რევიშვილი დღესდღეობით საქართველოში ნომერ პირველი მეკარე არაა. სხვათა შორის, იქ სხვა ქართველი ფეხბურთელიც იყო, რომელმაც მითხრა, რომ თუ ნაკრებში გამოვიძახებდი, აუცილებლად ჩამოვიდოდა. ესპანეთთან ამხანაგურ მატჩამდე 3 კვირით ადრე, რევიშვილი საქართველოში იყო, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ტელეფონსაც არ პასუხობდა. მან პასპორტი სამშაბათს მოიტანა, ხოლო უკვე ხუთშაბათს მივფრინავდით. როდესაც ესპანეთის მსგავს ქვეყანაში მიდიხარ, არ არსებობს საკონსულო, რომელიც ვიზას მოგცემს. თუმცა რევიშვილს 2-წლიანი ვიზა ჰქონდა. მან თბილისიდან გაფრენამდე დამირეკა და ვუთხარი, რომ ამ ტელეფონზე არ დაერეკა, რადგან ჩვენ ვემზადებოდით და საქმე გვქონდა. ჩვენ რომ მოვინდომოთ, რევიშვილი ვერც თავის გუნდში ითამაშებს. ის ნაკრებში უნდა ჩამოსულიყო. მე მეორედაც გამოვიძახე. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ ვიძახი ჩაწყობილი იყო-თქო, რომ ჯოხი ჩემზე გადამტყდარიყო. რომ არ ჩამოდის, ვინმემ პასუხი ხომ უნდა აგოს? ყველაზე ადვილია ქეცბაიას დააბრალო. მერე რა მოხდა, რომ კაცს ნადირობა უყვარს, მეც მიყვარს თევზაობა და ნადირობა. მე ვუთხარი, წამოდი ჩვენთან ერთად და თუ აეროპორტში არ გაგატარებენ, გინდა ითევზავე და გინდა ინადირე-თქო. ჩვენ გვინდა საბა კვირკველიას მსგავსი ხალხი, რომელსაც შეეძლო სხვა ქვეყნის ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ უარი თქვა. ისეთი ხალხი არ გვინდა, ვისაც ვერ გამოვიყენებთ. ჩამოსვლის შემთხვევაშიც არ ვათამაშებდით, რადგან არაა პირველი მეკარე. მის გუნდს რომ წაეგო, მერე შეიძლება პრობლემები შექმნოდა. მე არ მითქვამს, რომ მას ფეხბურთელად არ ვთვლი, ვთქვი რომ საქართველოს ნომერ პირველ მეკარედ არ ვთვლი. იმის გამო, რომ რამდენიმე წლის წინ ხორვატიასთან ითამაშა, მისჯილი ხომ არ გვაქვს სულ კარში დავაყენოთ. მე სასტარტო შემადგენლობის 90% უკვე მოაზრებული მაქვს ხოლმე, ამიტომ შეკრებაზე მხოლოდ 8 კაცი გამოვიძახო? მერე როდესაც იმ 10 %-საც გადავწყვეტ, ის 3 ფეხბურთელიც დავამატო? ჩვენ შეკრებაზე 25 ფეხბურთელს ვიძახებთ და ვისაც ჩამოსვლა არ უნდა, რა ვქნათ.

- ამ წლების განმავლობაში, თქვენმა მუშაობამ საქართველოს ნაკრებს რა მოუტანა?

- როდესაც პრესკონფერენციაზე მოვდივარ, მინდა მეგობრულად დავილაპარაკოთ. ისეთ კითხვებს სვამთ, საჭორაოდ მოსული მგონიხართ. ნანახი მაქვს სტადიონზე როგორ იქცევით. ჩავიბარე განადგურებული საქართველოს ნაკრები, რომელიც ფიფას რეიტინგში 150-ე იყო და შესარჩევ ციკლში მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა. პირველ შესარჩევში მე-5 ადგილზე გავედით, შემდეგ შესარჩევში მე-4-ზე. 4 წელიწადში გავაკეთეთ იმდენი, რაც ნაკრებს 20 წელიწადში გაუკეთებია. მანამდე ბულგარეთთან გვქონდა მოგებული და იტალიასთან ფრე ნათამაშები. ჩვენ ხორვატიას მოვუგეთ და საფრანგეთთან ფრე ვითამაშეთ. ნაკრები ბრძოლისუნარიანი გახდა. ეს ჩემი დამსახურება არაა, ამ ბიჭების დამსახურებაა. ახლა ჩვენი მიზანი იზრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჯგუფში მესამე ადგილი განაღდებული გვაქვს. კარგად ნახეთ, რა კატასტროფული ზაფხული იყო და ჩვენი გუნდები ევროთასებზე როგორ სამარცხვინოდ გამოვიდნენ. ამდენი ხანი ვამბობდი და 5 წლის მერე გაახსენდათ, რომ გუნდებში ახალგაზრდები ეთამაშებინათ. ეს ახალგაზრდები ჩვენთან შეკრებაზე იყვნენ მოსულები და მათი ყურება ერთი სიამოვნება იყო. ჩემს მიერ გაწეულ სამუშაოს მაშინ დაინახავთ, მე რომ წავალ. თუ შევადარებთ იმას, რა ნაკრები ჩავიბარეთ, ფანტასტიკური საქმე გავაკეთეთ.

- თქვენი გადმოსახედიდან, ვინ შეიძლება იტვირთოს ნაკრებში ლიდერის ფუნქცია?

- ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებმაც 2 წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მიგვეცა. ეს ადვილი გადასაწყვეტი არ იყო. თუმცა ეს ხალხი ფეხბურთს სჭირდებოდა. გრძელვადიან პერსპექტივაში თუ რაიმე არ დაგეგმე, არაფერი გამოვა. ახლა იმას გვთხოვენ, რაც 20 წელი არ გაკეთებულა. გვყავს ახალგაზრდები, რომლებსაც თავის გამოჩენის საშუალება აქვთ. ზაფხულში ნაკრების 6-7 ფეხბურთელი უგუნდოდ დარჩა. ჩვენი კონტაქტების წყალობით, მათი გუნდებში დაბინავება მოვახერხეთ. ფოფხაძე, რომელიც უგუნდოდაა და იპოდრომზე დარბის, შეკრებაზე თავის ამპლუაში საუკეთესო იყო. საქართველოში ფოფხაძეზე, გრიგალავაზე და დათო კვირკველიაზე უკეთესი მარცხენა მცველი არ მეგულება. ასეთ ვითარებაში, ჩვენ ვეთამაშებით ნაკრებებს, რომლებსაც 30-30 ფეხბურთელი ჰყავთ ინგლისის პრემიერლიგიდან. რაც შეეხება ლიდერობას, ეს ფუნქცია შეუძლიათ ანანიძემ, ოქრიაშვილმა, იგივე კანკავამ შეასრულონ.

- ირლანდიაზე რა იტყვით? ნაკრებში მხოლოდ 2 ფორვარდი გამოიძახეთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა თუ შექმნილი სიტუაციის ადეკვატურად იმოქმედეთ?

- 2 თავდამსხმელი სრულიად საკმარისია. იმ დღეს მჭედლიძეს ვუყურე, კარგად იბრძოლა და კარგია, რომ მომზადებული ჩამოვა. ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი თავდამსხმელის გარეშე გახდა, ხოლო 200 მილიონიან ბრაზილიაში ფორვარდი ვერ იპოვეს. ირლანდიელებზე ტექნიკურები ვართ, მაგრამ მოედანზე თუ არ ვიბრძოლეთ, არაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, ბიჭები გავლენ და ითამაშებენ რაც შეუძლიათ.

- მათე ვაწაძე, გიორგი ჭანტურია და შოთა გრიგალაშვილი რატომ არ გამოიძახეთ?

- 2 თავდამსხმელი გვყავს და ეს საკმარისია. ჩვენ ერთი თავდამსხმელით ვთამაშობთ და ამიტომ 5-ის გამოძახება საჭირო არ იყო. ვერ გამოვიძახებთ 10 თავდამსხმელს, 10 ნახევარმცველს და 3 მცველს. მითხარით ერთი, ჭანტურია სად თამაშობს? ვაწაძე თამაშობს დანიის მეორე ლიგაში ხოლო მჭედლიძე სერია A-ში და სერია A-ს ფეხბურთელი არ გამომეძახებინა? ფეხბურთი ამ ერთი თამაშით არ მთავრდება და შანსი სხვებსაც ექნებათ.

- ირლანდიის ნაკრები როგორ გყავთ შესწავლილი?

-კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძნელი თამაში გველის. ირლანდიასთან შარშან ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. მაშინ მე-10 წუთზე ფეხბურთელი გაგვიგდეს და 0:4 წავაგეთ. არა მგონი, კაცი რომ არ გაეგდოთ, ასეთი ანგარიშით დავმარცხებულიყავით. ფეხბურთის თამაში მათზე უკეთესად ვიცით. უნდა გავიდეთ მინდორზე და არაფერი დავუთმოთ.

- საქართველოს ნაკრებისგან რაიმე სიახლეებს უნდა ველოდოთ?

-ადამიანი ყოველთვის უკეთესს ელოდები. ჩაფიქრებული მაქვს, რომ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. რატომ იცინით? ჩვენ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. საქმე თუ გინდა გააკეთო, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარო. ეგრევე რომ გადახტები, ორმოში ჩავარდები.

პრესკონფერიციის შემდეგ, ქეცბაიამ ეროვნული გუნდი “დინამო არენაზე” ავარჯიშა.

0.352661