თემურ ქეცბაიამ მორიგი პრესკონფერენცია გამართა ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე”, სადაც საქართველოს ნაკრები ორშაბათს შეიკრიბა. ერთი დღეღა დარჩა საფრანგეთთან მატჩამდე – წლეულს პირველი თამაშია ნაკრებისა და თანაც, ასეთ მეტოქესთან.
ქეცბაიამ ორი დღის წინათ ბევრი ისაუბრა ზოგად პრობლემატურ თემებზე. ამჯერად კი უფრო მატჩისწინა ამბებს შეეხო:
- ჯერ საფრანგეთთან მატჩია, შემდეგ კი ფინეთთან. უფრო მეორე შეხვედრაზე ხომ არ აკეთებთ აქცენტს? ეს იმიტომ, რომ ფინეთი უშუალო კონკურენტია ჯგუფში.
- არა. ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ რომელიმე თამაშს ნაკლები გულისყურით მოვეკიდოთ. მართალია, ფინეთთან მესამე ადგილის ბედი წყდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საფრანგეთთან ოპტიმალურ შემადგენლობას (რაც შეკრებაზე მყავს, იქიდან გამომდინარე) არ გავიყვან მინდორზე.
- ესპანეთთან მკვეთრად დაცვითი სისტემით ითამაშა ნაკრებმა. ასეთს უნდა ვლოდოთ ფრანგების წინააღმდეგაც?
- ორგანიზებულად უნდა ვითამაშოთ, ჯერ დაცვა უნდა დავალაგოთ და შემდეგ ჩვენს შანსს დაველოდოთ. რომ გითხრათ, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ-მეთქი, მოგატყუებთ.
შემდეგ ფრანგი ჟურნალისტის კითხვა იყო კარიმ ბენზემას ნაკრებში წარუმატებელ თამაშთან დაკავშირებით და თუ როგორ შეაფასებდა ქართველთა მწვრთნელი “რეალის” ფორვარდს:
- მე არ ვარ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი. ვიცი, ბენზემა ზედიზედ ორ მატჩში გოლს თუ ვერ გაიტანს, აკრიტიკებენ. მაშინ ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ...
- რამდენად ნაყოფიერია მოსამზადებელი პროცესი და არის ნაკრები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად, რომ ამ მატჩებში ისეთი შედეგი აჩვენოს, რათა მესამე ადგილზე გავიდეს?
- რაც არ უნდა დრო იყოს, ნაკრები ისეთი რამ არის, საკმარისი არასოდეს არაა. ადრინდელთან შედარებით, ამჟამად უკეთესი სიტუაციაა: ორშაბათს დავიწყეთ მზადება და სამშაბათს უკვე სრული შემადგენლობით ვიყავით. ბიჭებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ მატჩებს მზადყოფნაში შეხვდნენ. გულშემატკივართა მხარდაჭერის იმედიც გვაქვს, როგორც სხვა მატჩებში ხდებოდა. მესამე ადგილზე თუ გავედით, ეს ცუდი არ იქნება ასეთ ჯგუფში. ჩემი თქმა არ უნდა, რომ ჯგუფი, სადაც ესპანეთი და საფრანგეთი არიან, უძლიერესია. ისე, პარიზში გამართული მატჩის წინ ძალიან გავწვალდით ვიზებზე და ფაქტობრივად, ერთი დღეღა გვქონდა მოსამზადებლად, ფრანგები კი თავისუფლად ჩამოდიან, მათ ეს პრობლემა არ აწუხებთ, აგვარებენ. ჩვენთვის კი ხშირადაა დაბრკოლებები და ეს ხელს გვიშლის.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა, რომ რიბერიმ “ოქროს ბურთი” მოიგოს?
- მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასევე გახდა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და რატომაც არა, შესაძლოა, “ოქროს ბურთიც” მოიგოს.
- რიბერი მარცხნიდან უტევს, ჩვენი მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე კი უთამაშებელია. ეს დამატებითი საფიქრალია და რას იზამთ, ორ კაცს დაუყენებთ რიბერის?
- ეს პრობლემა აშკარაა, მაგრამ ორი კაცი რომ დავუყენო, სხვები გათავისუფლდებიან. საფრანგეთი კი მხოლოდ რიბერი არაა, სხვა უმაღლესი კლასის ფეხბურთელებიც ჰყავს.
დღესვე, ნაკრები “ბასაზე” 18:00 საათზე ივარჯიშებს. ასევე, ზუსტად ამ დროს “დინამო არენაზე” ფრანგების მწვრთნელის, დიდიე დეშამის პრესკონფერენცია შედგება, რის შემდეგაც “მამლების” ვარჯიშიც დაიწყება.