ფეხბურთი

15:13 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “აზერბაიჯანი-საქართველოს მატჩი საინტერესოდ ჩაივლიდა”

აზერბაიჯანის ჩემპიონატი უფრო სერიოზული და ხარისხიანია, ვიდრე საქართველოსი 


თემურ ქეცბაიამ საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატები შეადარა ერთმანეთს. მან ასევე განაცხადა, რომ 5 მარტს ლიხტენშტეინთან ამხანაგურ მატჩში რამდენიმე ახალწვეულს გამოცდის, რომლებმაც შესაძლოა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც ითამაშონ. გაზეთი “კასპიი” ქეცბაიას ანთალიაში ესაუბრა:

-       ანთალიაში ბევრ ამხანაგურ მატჩს უყურეთ, მათ შორის, აზერბაიჯანული კლუბების მონაწილეობით. ახალი კანდიდატები ხომ არ შეგირჩევიათ?

-       დიახ, თურქეთში ვიზიტს წარმატებულს დავარქმევდი. ორი-სამი ფეხბურთელი ჩავიწერე, ახლა კი შეკრებაზე მოვიწვევთ და მატჩებში გამოვცდით. ანთალიაში ზამთარში ბევრი ისეთი კლუბი ჩამოდის, რომელშიც ქართველები თამაშობენ. ამიტომაც სპეციალურად გამოვფრინდი ანთალიაში. ვნახე ისინი, რომლებიც ნაკრებში თამაშობენ და ასევე, პოტენციური ახალწვეულებიც შევარჩიე.

-       განვლილ შესარჩევში აზერბაიჯანიდან მხოლოდ ორ ფეხბურთელს იწვევდით: ნიკა გელაშვილსა და ბაჩანა ცხადაძეს. რიცხვი გაიზრდება?

-       ნაკრებში მოხვედრის შანსი ყველა ფეხბურთელს აქვს. თურქეთში იმიტომ ჩამოვედი, რომ იმ ფეხბურთელების დონე მენახა, რომლებიც აქამდე ნაკრებში არ მყოლია. ჯერჯერობით ადრეა ლაპარაკი, თუ ვის გამოვიძახებ 5 მარტისთვის. წინ თითქმის ერთი თვეა.

-       აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩის ჩატარების იდეა არ ყოფილა?

-       მსურდა თქვენებთან თამაში, მაგრამ მოლაპრაკება ვერა და ვერ ხერხდება. ერთხელ ბერტი ფოგთსს შევთავაზე, თითქმის შევთანხმდით კიდეც, მაგრამ ჩვენივე ბრალია, რომ მატჩი ვერ ჩატარდა. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია ბაქოში გვიწვევდა სათამაშოდ, ჩვენს  ფედერაციას კი სხვა გეგმა ჰქონდა: უნდოდათ, ლამის ბრაზილიაში წასულიყავით სათამაშოდ. შედეგად, არც ერთი ვარიანტი გამოვიდა, არც – მეორე. იმედია, უახლოეს მომავალში მაინც შევხვდებით ერთმანეთს ამხანაგურში. მეზობლები ვართ, დიდხანს ფრენა არ მოგვიწევს. ვფიქრობ, აზერბაიჯანი-საქართველო საინტერესოდ ჩაივლიდა.  

-       გელაშვილს უფრო ხშირად ენდობოდით, ვიდერ ცხადაძეს. “ყარაბაღის” ფეხბურთელი თუ მუდმივად გამოგყავდათ სათამაშოდ, ცხადაძე სათადარიგოებში გყავდათ...

-       ნაკრებში დაახლოებით 25 ფეხბურთელს იძახებენ და სამწუხაროდ, ყველას ვერ მისცემ თამაშის შანსს. თამაშობენ ისინი, რომლებიც კონკრეტული მატჩისთვის მზად არიან და ნდობას ამართლებენ. დამიჯერეთ, ნაკრებში ბევრი კანდიდატია. დღესდღეობით ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ როგორც აზერბაიჯანში, ასევე რუსეთში, უკრაინაში და საქართველოს ჩემპიონატში. ამიტომაც ვეცდებით, ყველას რიგრიგობით მივცეთ თავის გამოჩენის შანსი.

-       აზერბაიჯანული კლუბების ქართველი ფეხბურთელები ანთალიაში ფიზიკურად როგორ გამოიყურებიან?

-       რა თქმა უნდა, მსურს, რომ უფრო ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდეს უცხოეთში – არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ ევროპაში. რაც უფრო ძლიერია გუნდი, მით მეტია ამბიციები. მინდა, ნაკრებში რაც შეიძლება კარგად მომზადებული ფეხბურთელები ვნახო. ცალკეულ მოთამაშეებზე საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ თუ ვიწვევ, ესე იგი, მათი მომზადების დონე მაკმაყოფილებს.

-       აზერბაიჯანში ჩამოსვლას და პრემიერლიგის მატჩებში ქართველი ფეხბურთელების თამაშებზე დასწრებას არ გეგმავთ?

-       ასეთი იდეა მაქვს და აუცილებლად ვეცდები ჩამოსვლას. თქვენს ჩემპიონატში საინტერესო ტენდენციაა: ნაკრების თამაშების წინ, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ლამის ორი კვირით ადრე ცხადდება შესვენება. ჩვენ ასეთი საშუალებები არ გვაქვს და ფიფას წესების დაცვა გვიწევს: ფეხბურთელები თამაშამდე 2-3 დღით ადრე ჩამოდიან ნაკრებში.

-       აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩემპიონატის დონე რომ შევადაროთ, დიდი სხვაობაა?

-       სამწუხაროდ, ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატი საუკეთესო პერიოდს არ განიცდის. დონე ისეთი ვეღარ არის, როგორც წინა წლებში. აზერბაიჯანის ჩემპიონატი უფრო სერიოზული და ხარისხიანი ტურნირია. აზერბაიჯანული კლუბები ევროთასებზე უკეთ გამოდიან, თქვენთან საქართველოს ჩემპიონატიდან გადადიან საუკეთესო ფეხბურთელები. აზერბაიჯანში თამაშობს ფეხბურთელი თუ ევროპაში, ეს ჩემს არჩევანზე არ იმოქმედებს. მთავარია, ფეხბურთელი ფორმაში იყოს და ვარჯიშებზე თუ თამაშებზე დაამტკიცოს თავისი მომზადების დონე.

-       არცთუ დიდი ხნის წინ, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში თამაშობდნენ: თქვენ, კახა ცხადაძე, არველეძეები, კობიაშვილი, ქინქლაძე, იაშვილი, კალაძე... ახლა ასეთი ლეგიონერები ცოტანი არიან. მიზეზი რა არის?

-       ბევრი მიზეზია. ევროპაში მოთამაშე ყველა ქართველი ფეხბურთელის ჩამოთვლა დიდ დროს წაიღებს. რეალობა ისაა, რომ ახლა ის პლეადა აღარაა, როგორიც 10-15 წლის წინ იყო. ჩვენი ბიჭები თამაშობდნენ გერმანიაში, იტალიაში, ინგლისში, ესპანეთში. ცნობილ და ამბიციურ კლუბებში იყვნენ. ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ ასეთი სიტუაციიდან და ჩვენი ბიჭები კიდევ უნდა მოხვდნენ ევროპაში. ეს პრობლემა აქტუალურია არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ აზერბაიჯანელებისთვისაც. ვფიქრობ, თქვენც არ შეგიშლიდათ ხელს, რომ ბევრი ფეხბურთელი გყოლოდათ ევროპაში. რაც უფრო ბევრი ლეგიონერი იქნება უცხოურ კლუბში, მით უფრო ძლიერი გახდება ნაკრები.    

0.115544