საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯანო ანანიძის თამაში სათუოა.
თემურ ქეცბაია: “შეიძლება ითქვას, რომ მზადება კარგად მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ჯანო ავადმყოფობს (გაცივდა), იგი ორი დღეა ლოგინში წევს და ალბათ ვერ ითამაშებს, ყოველ შემთხვევაში, ძირითად შემადგენლობაში მაინც. ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც 200%-ით მზად იქნებიან, ჯანო შეიძლება შეცვლაზე შემოვიდეს, დანარჩენები კარგ მდგომარეობაში არიან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველ ქომაგს კიდევ ერთი საჩუქარი გავუკეთოთ. ყველამ კარგად ვიცით, რა დონის გუნდს ვეთამაშებით. ეს ესპანეთის ნაკრები მსოფლიოსა და ორგზის ევროპის ჩემპიონია, ეს ყველა დროის საუკეთესო გუნდია, მიხარია, რომ საქართველოშია და ჩვენს ფეხბურთელებს მის წინააღმდეგ თამაშის საშუალება აქვთ. ადვილი თამაში არ იქნება. თუ ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავიღებთ, იმედია, ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მოვუტანთ სიხარულს.
- დადებითი შედეგი რა იქნება?
- არწაგება. თუ არ წავაგებთ, დადებით შედეგად ჩაითვლება.
- ბიჭები ფსიქოლოგიურად მზად არიან?
- ფსიქოლოგიურად მზად არიან. ამ მხრივ ბელარუსებთან მოგება კარგი იყო. ყველამ იცის, რა დონის გუნდს ვეთამაშებით, ამიტომ არავითარი კომპლექსი ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტორი არ არსებობს. შეიძლება ამან დადებითად იმოქმედოს კიდეც გუნდზე.
- მომავალ თამაშში კარგი განწყობა და ბრძოლაა საჭირო, რამაც ბელარუსებთან წარმატება მოგვიტანა...
- გამარჯვებას არამარტო თავდადებით მივაღწიეთ. ბევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები მოედანზე მხოლოდ ჩხუბობს. სამშაბათის მატჩში ბრძოლა და თავდადება მნიშვნელოვანია, თუმცა ბელარუსთან საჭირო ტექნიკაც იყო, კლასიც და ამან განაპირობა ჩვენი წარმატება. ბელარუსებმა ალბათ იციან, რა პრობლემებია ჩვენთან და თავდაჯერებულები ჩამოვიდნენ, თუმცა ჩვენ საპირისპირო დავამტკიცეთ და მოვუგეთ.
- რა მექანიზმი შეიძლება დავუპირისპიროთ ესპანეთის ნაკრებს?
- ეგ ადვილი ამოცანა არაა. მაგაზე მთელი მსოფლიო ფიქრობს და ვერაფერი მოუხერხეს. ბიჭები გამოვლენ და მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება. ზოგიერთებივით ზღაპრების მოყოლა და "დაბოლება" არ მიყვარს. ჩვენთან რა პრობლემებიცაა, ყველამ კარგად იცის, თუმცა არის ხალხი, ვინც კრიტიკაზეა გადასული. ეს, ალბათ, დაკვეთით სრულდება. ასეთ ჟურნალისტებს არ ახარებთ საქართველოს ნაკრების მოგება, ვფიქრობ, ვიღაცისგან დაკვეთა მოდის. მინდა, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მივულოცო. იმედია, ფეხბურთის ნაკრებიც ოდესღაც ასეთ დონეზე მივა.
- მომავალი თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის თავის გამოჩენის კარგი შანსია...
- ამ თამაშს მთელი მსოფლიო უყურებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის კარგი შანსი ეძლევათ, ღმერთმა ქნას, შემდგომში ისინიც უკეთეს კლუბებში გადავიდნენ. უპირველესად, გუნდს უნდა მოუტანონ წარმატება, ეს საქართველოს ნაკრებს პრესტიჟის ამაღლებაში დაეხმარება.
- ხომ არ არის საშიშროება, რომ თავის გამოჩენის მიზნით, ბევრმა ფეხბურთელმა ინდივიდუალურად საკუთარ თავზე უფრო მეტი აიღოს?
- ჩვენ ამის შესახებ ბევრი ვილაპარაკეთ, მთავარი გუნდია. თავისი პერსონალური საქმის გასაკეთებლად ჩამოსული არავინაა. რა თქმა უნდა, ისეთი ინდივიდუალიზმი გვჭირდება, როგორიც ოქრიაშვილმა ბელარუსთან მატჩში გამოავლინა.
ლაშა თაბაგარი