საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ბერძნულ Sportday-სთან ინტერვიუში “ჯვაროსნებზე”, საბერძნეთის ნაკრებსა და ათენის აეკ-ზე ისაუბრა. რა შეხსენება გინდათ, 90-იანი წლების შუაში, ქეცბაია აეკ-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.
ქეცბაიამ თქვა, რომ ერთ-ორ წელიწადში, ნაკრებს პროგრესი დაეტყობა და უკეთესი შედეგის მიღწევაზე ექნება პრეტენზია:
- როგორ მიდის თქვენი მუშაობა საქართველოს ნაკრებში?
- ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი კარგი მოხდა. მომდევნო შესარჩევის ჯგუფი ძალიან ძლიერია, სადაც ესპანეთისა და საფრანგეთის გარდა, ფინეთი და ბელარუსიც გვყავს მეტოქეებად. არანაკლებ მნიშვნელოვანია მომავალზე გათვლა, ანუ მომავლის გუნდის შექმნა, რომელსაც უკეთესი შედეგის მიღწევაზე ექნება პრეტენზია. საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს. ისინი ეროვნულ გუნდში ახალწვეულნი არიან. ვფიქრობ, ერთ-ორ წელიწადში გუნდს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების ამბიცია ექნება.
- საბერძნეთის ნაკრებმა ბოლო ამხანაგურში ბელგიასთან 1:1 ითამაშა, რამაც ბერძენი გულშემატკივრები გააწბილა. რას იტყვით ფერნანდო სანტუშის ნაკრებზე?
- საბერძნეთი ევრო-2012-ის ფინალურ ეტაპზეა გასული და ამხანაგურში მწვრთნელი სხვადასხვა ვარიანტებს სინჯავს. გასულ შესარჩევში ხორვატია და საბერძნეთი გვყავდა მეტოქეებად, პირველ ადგილზე სწორედ ბერძნები გავიდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართლაც კარგი გუნდია და არდანახვა არ შეიძლება.
- საბერძნეთის ნაკრები, ბოლოს, თითქმის ყველა ფინალურ ეტაპზე თამაშობს. რაშია წარმატების საიდუმლო?
- ევრო-2004-ზე გამარჯვებამ იმოქმედა. მაშნდელი გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელი დღესაც ნაკრებშია და იციან, როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას.
- ათენის აეკ-ი კი რთულ პერიოდს განიცდის. ვიცით, რომ სიტუაციაში, ასე თუ ისე, ჩახედული ხართ. რაშია პრობლემა?
- საწყენია, რომ აეკ-ს უკვე კარგა ხნის განმავლობაში კრიზისი აქვს. იმედი მაქვს, ჩიხიდან გამოვა.
- საბერძნეთის ლიგის დონეზე რას იტყვით?
- წინა წლებთან შედარებით, დონე დაეცა და ეს, ეკონომიკური პრობლემების ბრალია.
ილია ნანობაშვილი