ჭიდაობა

21:05 | 26.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

თემურ გიორგაძე: “ნაკრების მთავარი მწვრთნელი მე ვიქნები”

მესამე თვეა, საქართველოს სამბოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. რიგგარეშე ყრილობაზე არჩეულმა თემურ გიორგაძემ რამდენიმე საკადრო ცვლილება სწრაფადვე განახორციელა, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯერაც არ დაუსახელებია. ორიოდ დღის წინ, ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა და 10-14 ნოემბერს ვილნიუსში ჩასატარებელ მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელი ქართული შემადგენლობაც გამოიკვეთა, მაგრამ მთავარი კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩებოდა – ვინ შეავსებს საბოლოო განაცხადს და ვინ წაიყვანს ლიტვაში ნაკრებს. თემურ გიორგაძესთან საუბარი სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ.
- ნაკრების მთავარ მწვრთნელს როდის დაასახელებთ?
- მინიმუმ იანვრამდე არაფერი შეიცვლება.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე ვინ ჩაიყვანს გუნდს?
- გადავწყვიტე, მე შევითავსო მთავარი მწვრთნელობაც.
- შემადგენლობასაც თავად დაასახელებთ?
- რა თქმა უნდა. ოღონდ ჯერ ამ საკითხზე საუბარი ადრეა.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული გუნდი გაემგზავრება...
- უმთავრესი კანდიდატები მართლაც საქართველოს ჩემპიონები არიან. სავარაუდოდ, ძირითადად მართლაც მათგან დაკომპლექტდება გუნდი, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთ წონაში არჩევანი პრიზიორებზე შევაჩეროთ. ამ ეტაპზე ვილნიუსში გამგზავრება განაღდებული მხოლოდ უშანგი კუზანაშვილს აქვს. ამიტომ მას ნება დავრთეთ, საქართველოს ჩემპიონატზე არა თავის წონაში – 57 კილოგრამში, არამედ ერთი წონით მაღლა – 62 კილოგრამში ეჭიდავა. თავისი სიძლიერე იქაც დაამტკიცა.
- სრულ შემადგენლობას როდის დაასახელებთ?
- პირველ სანაკრებო შეკრებაზე, დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს. უმთავრეს კანდიდატებს უკეთესად დავაკვირდებით და საუკეთესოებს შევარჩევთ. შესაძლოა საკონტროლო შეხვედრებიც ჩავატაროთ.
- სულ რამდენი შეკრების გავლას გეგმავთ მსოფლიოს ჩემპიონატამდე?
- გუნდი ორ შეკრებას გაივლის – დუშეთსა და თბილისში. დუშეთში სავარაუდოდ 15 ოქტომბერს გავემგზავრებით.
- ქუთაისური ჩემპიონატით კმაყოფილი დარჩით?
- რა თქმა უნდა. ამდენ სპორტსმენს ერთად საქართველოს პირველობაზე კარგა ხანია არ უჭიდავია. ტურნირში ნაკრების თითქმის ყველა კანდიდატი ჩაერთო. სასიამოვნოა, რომ ძიუდოისტებმაც სცადეს ძალა და საკმაოდ წარმატებულადაც გამოვიდნენ. დაძაბული და სანახაობრივი ჩემპიონატი გამოვიდა.

ოთარ მაღლაკელიძე

0.115755