ჭიდაობა

17:31 | 23.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

თემურ გიორგაძე: “მეექვსედ გაჩემპიონება ყველაზე მეტად გამიჭირდა”

ვეტერანმა ქართველმა სამბისტმა თემურ გიორგაძემ, რამდენიმე დღის წინ, მაროკოს უდიდეს ქალაქ კასაბლანკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი წაუგებლად ჩაამთავრა და ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, მეექვსედ დაეუფლა. საქართველოს ნაკრები აფრიკულ ხალიჩაზე სულ ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და კვარცხლბეკზე ორივე ავიდა. სატურნირო ამბების შესახებ, “მსოფლიო სპორტი” თემურ გიორგაძეს ესაუბრა.
- ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩატარდა და სასიამოვნოა, რომ მორიგი ოქროს მედლის მოპოვება მოვახერხე. 44 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვედი და სამი შეხვედრა მოვიგე. ფინალამდე რუსი და უკრაინელი მეტოქეები დავამარცხე. გადამწყვეტ ბრძოლაში კი, კიდევ ერთ რუსს მოვუგე. ჩემს გარდა, ჩემპიონატში მონაწილეობა ზაურ სახვაძემაც მიიღო და 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ხალიჩაზე კიდევ ერთი ქართველი გავიდა – ოთარ ყურაშვილი, რომელმაც, გარდა იმისა, რომ ტურნირი იმსაჯა, სპეციალური კურსიც გაიარა, გამოცდაც ჩააბარა და საერთაშორისო ექსტრა კლასის მსაჯის წოდება მოიპოვა.
- მსოფლიოს ჩემპიონი უკვე მეექვსედ გახდით...
- გულახდილად გეტყვით, ამჯერად, წინა წლებთან შედარებით, ცოტა გამიჭირდა გაჩემპიონება. კასაბლანკურ მსოფლიოს ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა. ამასთან, რაოდენობრიობის მხრივაც გამორჩეული ტურნირი იყო – საქმეში 35 ქვეყნის 500-მდე ვეტერანი სპორტსმენი გავიდა.
- სულ რამდენ ასაკობრივ ჯგუფში გათამაშდა მედლები?
- 6 ჯგუფში. ყველაზე უმცროსები 35-დან 39 წლამდე სამბისტები იყვნენ, ხოლო ყველაზე უფროსები 65-დან ზემოთ. ჩემპიონატში 76 წლის რუსი ვეტერანიც კი მონაწილეობდა. საერთოდ, რუსები ტრადიციულად ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდით იყვნენ წარმოდგენილნი – დაახლოებით 200-მდე სპორტსმენით.
- ქართული გუნდის შემადგენლობა რატომ იყო მხოლოდ ორკაციანი?
- პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ ჩვენთან ვეტერან სპორტსმენებს სპორტული ფორმის შენარჩუნება განსაკუთრებით უჭირთ. თუნდაც, ცხოვრების ქართული წესიდან გამომდინარე. ყოველდღიური მოსამზადებელი რეჟიმის შენარჩუნება ჩვენთან არა თუ ვეტერანებს, ხშირად, მოქმედ სპორტსმენებსაც კი უჭირთ. ამის გარეშე კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას, უბრალოდ, აზრი არ აქვს. ვეტერანების შეჯიბრება კი ჰქვია, მაგრამ უნდა ნახოთ, რა დონის შეხვედრები იმართება. იყო დრო, ჩემპიონატებზე 10 და 12-კაციანი შემადგენლობითაც კი წავსულვართ, მაგრამ ბოლო დროს ცოტა მოვიკოჭლებთ. იმედია, მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე, რომელიც მომავალი წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება, საქართველოს ნაკრები გაცილებით მრავალრიცხოვანი შემადგენლობით ჩავა. ფინანსური პრობლემა ხელს არ შეგვიშლის _ სახელმწიფო ვეტერანებს ყოველთვის გვიწყობდა ხელს და იმედია, მომავალშიც ასე იქნება. მთავარია, ვეტერანებმა თავად მოინდომონ და ამერიკული პირველობისთვის მზადება, არა ორი კვირით ადრე, არამედ აქედანვე დაიწყონ.
- თავად როგორ ახერხებთ მუდმივად ფორმაში ყოფნას?
- ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. ყოველ დილით ვვარჯიშობ. ადრე, ვეტერანებს შორის ევროპის ჩემპიონატებიც ტარდებოდა და ვიდრე შეწყვეტდნენ, ერთი ოქროს მოგება მოვასწარი. ახლა კი, ჩვენი ერთადერთი სპორტული მიზანი, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებულად გამოსვლაა.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.115459