ჭიდაობა

13:09 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

თელეთობა ქართული ჭიდაობის ახალმა არენამ დაამშვენა

გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთს მემატიანე დედაქალაქის კარიბჭედ რაცხავს. სწორედ თელეთის ტერიტორიაზეა განთავსებული 12–ე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელსაც თამარ მეფის დროინდელი ორნამენტები ამშვენებს. ვახუშტი ბაგრატიონი თელეთის ეკლესიას  სასწაულმომქმედს უწოდებდა, ილია ჭავაჭავაძემ კი ტაძრის ძალას და მადლს  ხაზი  „კაცია–ადამიანში“ გაუსვა. „თელეთობა“  ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს აღინიშნება და უხნესს ქართულ სოფელში ტრადიციულად დიდძალი  ხალხი იყრის თავს.

 წლევანდელი „თელეთობა“ კი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ღია პირველობის მორიგი ეტაპით დაგვირგვინდა. 29 მაისს თელეთში ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი, ღია ტიპის საჭიდაო არენა გახსნა, რომელსაც ადგილობრივი მკვიდრის,  ნუგზარ ონიანის სახელი ეწოდა. ნუგზარ ონიანმა ნახევარსაუკუნოვანი  სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ქვეყანას სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთი აღიარებული სპორტსმენი აღუზარდა (  ოლეგ ლიპარტელიანი, ბესიკ ლიპარტელიანი, სოსო ლიპარტელიანი, დილარ ხაბულიანი, ბერდია გუგავა, აბესალომ და ოლეგ ზურაბიანები, ნაირა ხაბულიანი, ელეონორა და ნაირა ონიანები, ნუგზარ ჩარქსელიანი, ელდარ ქურასბედიანი და მრავალი სხვა).

 აღსანიშნავია, რომ თელეთის ღია ტიპის საჭიდაო არენა რიგით 18–ეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ ხელშეწყობით ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ გასული წლის მაისიდან მოყოლებული გახსნა.  პირველ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, მთლიანობაში  70 ახალი ღია ტიპის საჭიდაო არენის აგებაა გათვალისწინებული.

 თელეთში გამართულ ქართული ჭიდაობის საქართველოს ღია პირველობის ეტაპს არაერთი ცნობილი სპორტსმენი და სპორტული ჩინოვნიკი დაესწრო. მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძეც იმყოფებოდა. ქართული ჭიდაობის განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო თელეთმა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ეროვნული ხანჯალითა და ნაბადით  დააჯილდოვა.  შეჯიბრი 5 წონით კატეგორიაში ჩატარდა. ყველაზე პრესტიჟულ,  მძიმე წონაში დამაჯერებელი გამარჯვება საგარეჯოელმა  ლევან მატიაშვილმა მოიპოვა. საქართველოს ძიუდოსტთა ეროვნული ნაკრების წევრს მთავარ პრიზთან ერთად, ფულადი ჯილდო–250 ლარი და მძიმეწონოსანთა შეჯიბრისთვის ტრადიციულად დაწესებული ჭედილაც გადაეცა.  არაოფიციალური ჩათვლაში კახეთის რეგიონმა იპირველა. კახელმა ფალავნებმა 5–დან 4 ოქროს მედლის მოპოვება მოახერხეს.

 

საქართველოს ღია ჩემპიონატის მორიგი ეტაპი ქართულ ჭიდაობაში

    29 მაისი, სოფელი თელეთი

   60 კგ.

  1. გიორგი მესაბლიშვილი (ახმეტა)
  2. ლაშა გიუნაშვილი (ქარელი)
  3. ლევან ბერბერაშვილი (თიანეთი)

 70 კგ

1. გიორგი კაციაშვილი (კასპი)

 2. გიგა ბერიაშვილი (კასპი)

 3. ზვიად ოდოშაშვილი (კასპი)

  80 კგ

  1. ალიკ ნანიევი (ლაგოდეხი)
  2. გიორგი ბაჯიაშვილი (მუხათი)
  3. გიორგი კილასონია (ქარელი)

  90 კგ.

  1. გიორგი კობაიძე (ახალსოფელი)
  2. კახა გაზაშვილი (ქარელი)
  3. გიორგი ბიჩელაშვილი (თიანეთი)

 მძიმე

  1. ლევან მატიაშვილი (საგარეჯო)
  2. ბექა ბერძენიშვილი (კასპი)
  3. ბექა წყალობაშვილი (ყვარელი)

 

 

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური 

0.116642