ქუთაისში კარგ ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად იმართება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონის, მრავალი სხვა მაღალი დონის შეჯიბრების გამარჯვებულის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, თეიმურაზ აფხაზავას სახელობის ტურნირი.
დღეს, სპორტის სასახლის დარბაზში, გამოჩენილი ფალავნის სახელობის საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლებთან ერთად, თურქი (რიზედან) და სომეხი (გიუმრიდან) უმცროსი ასაკის (15 წლამდე) ჭაბუკები ასპარეზობენ. მონაწილეთა რიცხვი 180-ს აღემატება.
ტურნირის საპატიო სტუმრები, თეიმურაზ აფხაზავას მეგობრები, სახელგანთქმული მოჭიდავეები არიან, მათ შორის ლერი ხაბელოვი, მიხეილ სალაძე, ვახტან ბლაგიძე, თემურ ყაზარაშვილი, ავთანდილ მაისურაძე, ესტატე გოგლიჩიძე, რაინდი აბრამიშვილი...
ტურნირი 15 წონით კატეგორიაში იმართება და გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან. წინასწარი ორთაბრძოლების შემდეგ იმის თქმა შეიძლება, რომ ჯილდოების ლომის წილი ქართველ ჭაბუკებს დარჩება.
იუზა კაციტაძე ქუთაისიდან