ჭიდაობა

11:47 | 30.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

თბილისური სამზადისით ევროპის ფედერაცია კმაყოფილია

ორიოდ დღის წინ თბილისს ევროპის ჭიდაობის ფედერაციის დელეგაცია ესტუმრა, პრეზიდენტ ცენო ცენოვის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზეზი, ცხადია, 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების გაცნობაა. ცენოვმა მოინახულა სპორტის სასახლე და თბილისის ის სასტუმროები, რომლებიც ევროპირველობის სტუმრებს უმასპინძლებენ. გუშინ კი იგი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან, სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანთან და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ესტუმრა, მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოების შესაჯამებლად.
“ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასთან საკმაოდ მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა გვაქვს და ვხედავ რა აქტიურ მუშაობას, დარწმუნებული ვარ, მომავალ უმნიშვნელოვანეს ტურნირს უმაღლეს დონეზე უმასპინძლებთ”, – განაცხადა ცენო ცენოვმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. ბოლო დროს “მსოფლიო სპორტი” საჭიდაო სიახლეებს სწორედ სამინისტროს დახმარებით იღებს. კარგი იქნება, თუ ჭიდაობის ფედერაცია ევროპირველობისთვის მზადებასთან ერთად, მასმედიასთან ურთიერთობის მოწესრიგებაზეც იმუშავებს.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.177852