ჭიდაობა

20:39 | 2.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

თბილისურ ხალიჩაზე 15 ქვეყნის ნაკრები გავა

5-7 ივნისს თბილისი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში “ოქროს გრანპრის” უმასპინძლებს. ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების, გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ქართული გუნდები ორივე სტილში გაფართოებული შემადგენლობებით გამოვლენ. თითოეული წონითი კატეგორიის 8-8 საუკეთესო 16-18 ივლისს, ბაქოში ჩასატარებელი “ოქროს გრან პრის” ფინალური ტურნირის საგზურს მოიპოვებს. მასპინძელთათვის შეჯიბრს დამატებითი დატვირთვაც ექნება. შემოდგომაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი განაცხადი ძირითადად იმ სპორტსმენებით დაკომპლექტდება, რომლებიც კარტოზია-ბალავაძეზე შედეგიანად იჭიდავებენ.
ძიუდოსგან განსხვავებით, ჭიდაობაში მონაწილეთა ქვოტა მხოლოდ სტუმრებისთვისაა დაწესებული - თბილისში ჩამოსულ გუნდებს თითო წონაში მაქსიმუმ 3 მოჭიდავის დაყენების უფლება აქვთ. ქართველთათვის კი შეზღუდვა არ არსებობს და წინასწარი ინფორმაციით, ხალიჩაზე ორივე სტილში დაახლოებით 40-40 მოჭიდავე გავა. მათ შორის აუცილებლად იქნებიან ნაკრების ტიტულოვანი წევრებიც, თუმცა ტრავმების გამო “ოქროს გრანპრის” რამდენიმე სახელოვანი სპორტსმენი მაინც დააკლდება. თავისუფალი სტილის მიმდევრები მხოლოდ რევაზ მინდორაშვილს (84 კგ) მოისაკლისებენ. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბოლო თვეები გერმანიაში გაატარა. იმკურნალა და ჯერ სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს. კლასიკოსები შედარებით შესუსტებული გუნდით წარსდგებიან გულშემატკივრების წინაშე. ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ დავით ბედინაძე (60 კგ), მანუჩარ კვირკველია, შმაგი გულიაშვილი (ორივე 74 კგ) და რამაზ ნოზაძე (96 კგ). ბედინაძის, კვირკველიასა და გულიაშვილის საკითხი წინასწარვე გარკვეული იყო, ნოზაძემ კი, როგორც თავად განუცხადა “მსოფლიო სპორტს”, ტრავმიანობის შემდეგ სასურველი კონდიციების აღდგენა ვერ მოასწრო და ამ ეტაპზე მხოლოდ ვარჯიშით დაკმაყოფილდება. ქართულ შემადგენლობებს ახალგაზრდული ნაკრებების წევრთა ერთი ნაწილიც დააკლდება. პირველყოვლისა ისინი, ვისაც ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებს. ახალგაზრდებს ივნისის ბოლოს ევროპის ჩემპიონატი ელით და დროის მცირე მონაკვეთში წონის ორჯერ დაკლებას მწვრთნელები აარიდებენ.
“საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები წინასატურნირო შეკრებას დუშეთში გადიან. თბილისში ორივე გუნდი 4 ივლისს დაბრუნდება და სასტუმროებში: “ბაზალეთსა” და “ვარაზში” დაბინავდება. დუშეთშივე ემზადებიან კანადელი და ყაზახი თავისუფალი სტილის მიმდევრებიც. სხვა ნაკრებები კი თბილისში ხუთშაბათიდან ჩამოვლენ. ტურნირში მონაწილეობას 15 ქვეყანა მიიღებს: საქართველო, ირანი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, იაპონია, უკრაინა, მონაკო, კანადა, უზბეკეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, საბერძნეთი და ისრაელი. ყველაზე დიდი დელეგაციით – 31 კაცით ირანელები გვესტუმრებიან” - უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
5 ივნისს მედლები თავისუფალ ჭიდაობაში 60 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, ბერძნულ-რომაულში – 55, 66 და 96 კილოგრამებში. 6 ივნისს ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალთა 55, 66 და 96 და ბერძენ-რომაელთა 74 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. 7-ში – თავისუფალთა 74 და 84 და კლასიკოსთა 60 და 84 კილოგრამებში. ჩემპიონები 1500 დოლარს მიიღებენ, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები 800 და 500 დოლარს.
და ბოლოს, ბალავაძე-კარტოზიას სახელობის “ოქროს გრანპრიზე” დასწრება უფასო იქნება.

ოთარ მაღლაკელიძე 
 

0.122361